29.11.2018
ალიას მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დახეული პასპორტების ფოტოა გამოყენებული და ნათქვამია, რომ აღნიშნულ ფოტოს და ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი თათა მურაჩაშვილი ავრცელებს. ფაქტები.ge კი იგივე ფოტოს აქვეყნებს და წერს მხოლოდ ერთ ფრაზას - „საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების არასამართლიანად ჩატარების პროტესტის ნიშნად, ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს პასპორტი დახიეს“.
მედიაჩეკერი გამოქვეყნებული მასალის გადამოწმებას შეეცადა. თათია მურაჩაშვილის პირად გვერდზე აღნიშნული პოსტი ნამდვილად იძებნება. მას მომხმარებლები სხვადასხვა ტიპის კომენტარებს უწერენ, ლანძღავენ ემიგრანტებს და ეკითხებიან სად მოხდა შემთხვევა. პოსტის ავტორი მათ პასუხობს, რომ შემთხვევა საბერძნეთსა და იტალიაში მოხდა და ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც არსებობს, თუმცა ეს მასალები კომენტარებში არსად ჩანს.
მურაჩაშვილს მედიაჩეკერმა დაზუსტება სთხოვა, რის საფუძველზე ავრცელებს ასეთ ინფორმაციას, თუმცა, მას რამდენიმე საათის შემდეგ ჩვენი შეტყობინება ისევ არ უნახავს და პასუხი არ მიგვიღია.
ფოტო, რომელიც ამ მომხმარებელმა გაავრცელა, არსად არ იძებნება. მხოლოდ აღნიშნულ ფოტოზე დაყრდნობით, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად და ვის მიერ არის გადაღებული, ნამდვილია თუ დამონტაჟებული და თუ ნამდვილია, რას უკავშირდება საქართველოს პასპორტის დახევა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ქარტიის პირველი პრინციპის განმარტებაში ხაზგასმით წერია, რომ მასალაში უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ამგვარი მიდგომა კი ზემოთდასახელებულ არცერთ მასალაში არ ჩანს.