30.11.2018
გამოცემამ ახალი ამბავი არასრულწლოვნის დეიდის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსზე დაყრდნობით მოამზადა, ფაქტობრივად, მისი პოსტი გადაიტანა უცვლელად. ფოტოც, რომელიც მასალას დაურთო, ასევე გოგოს დეიდას ჰქონდა გამოქვეყნებული.
12 წლის გოგოს შესახებ ამბავი აქტიურად გავრცელდა რამდენიმე საიტსა [მაგ.: vitube.ge, news media] და სოციალური გვერდის სხვადასხვა ჯგუფში. ამბავს არაერთი კომენტარი მოჰყვა. “რა აქვს ამ ბავშვს მახინჯი”... “ლამაზია და შურთ” - მსგავსი ტიპის კომენტარებს წერენ მომხმარებლები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში რამდენიმე მნიშვნელოვანი დათქმაა, რაც მედიამ ამგვარ შემთხვევებში უნდა გაითვალისწინოს. მათ შორის, უმნიშვნელოვანესია ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, მედიამ უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესს და არ მოამზადოს ისეთი მასალა, რომელიც მისთვის საზიანო იქნება.
“ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვნის იდენტიფიცირება, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი, დაუშვებელია, იმის მიუხედავად ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
კიდევ ერთი ჩანაწერი ამბობს, რომ ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები მედიამ უნდა განიხილოს, როგორც უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც საჭიროებს გამოძიებასა და საზოგადოების ყურადღებას. NewPosts-ის მასალაში კი თემა არ არის ფართოდ გაშლილი, არ არის ნაჩვენები პრობლემის სიღრმე და გადაჭრის გზები, ასევე, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს მაგალითად სკოლა, ოჯახი, რა სჭირდება მსხვერპლ ბავშვს და ა.შ.
ამ სახელმძღვანელოს მიხედვით, მედიას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს ფოტოს გამოყენებისას: “ეცადეთ, არ გამოიყენოთ სოციალურ ქსელში არასრულწლოვნის მიერ/შესახებ განთავსებული ფოტოები ან ინფორმაცია, თუ ეს რედაქციულად არ არის დასაბუთებული”.