დაუსაბუთებელი ინფორმაცია გრიპის ეპიდემიის შესახებ მასალების ტექსტსა და სათაურებში
19.12.2018
„გრიპის ვირუსის მორიგი ეპიდემია საქართველოში - კლინიკებს რეკორდული რაოდენობის პაციენტები მიმართავენ“, - ამ სათაურით 15 დეკემბერს “რუსთავი 2-ის” 15:00 საათიან გამოშვებაში გავიდა მასალა, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, რომ გრიპის ვირუსის შემთხვევებმა მოიმატა. ამავე დღეს მსგავს თემაზე ახალი ამბები მოამზადეს გამოცემებმა: commersant.ge, newposts.ge, 2020news.ge და mediamall.ge.

ყველა ამ მედიასაშუალების მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ “კლინიკებს რეკორდული რაოდენობის პაციენტები მიმართავენ” და “ქვეყანაში გრიპის ეპიდემიაა”. ეს აქცენტია სათაურებშიც. თუმცა, არცერთი გამოცემის ტექსტში დაკონკრეტებული არ არის, რას ნიშნავს რეკორდული მიმართვიანობა და მაგალითად, ბოლო ერთ თვეში, ან ერთ კვირაში, კლინიკებს რამდენმა პაციენტმა მიმართა; ან, როდის, რა მონაცემებით აღწევს გრიპის ვირუსის გავრცელება ეპიდემიის ზღვარს. გარდა ამისა, არც რუსთავი 2-თან და არც სხვა მასალებში, არც ექიმები და არც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის ვირუსის ეპიდემიაზე არ საუბრობენ.

გრიპის ეპიდემიის შესახებ რაიმე ტიპის ინფორმაცია არც დაავადებათა კონტროლის გვერდზე იძებნება. ამ მასალების გავრცელებამდე ერთი დღით ადრე კი გავრცელდა დაავადებათა კონტროლისა და სააზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის კომენტარი, სხვადასხვა მედიასაშუალებასთან, სადაც ის ამბობს, რომ “100 000 მოსახლეზე გრიპისმაგვარი დაავადებების 107-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ამ პერიოდისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა".

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ