დაუსაბუთებელი ბრალდებები შაბათის კურიერში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ
25.12.2018

22 დეკემბერს, შაბათის კურიერში გასული ერთ-ერთი სიუჟეტი “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში” დაფიქსირებულ შესაძლო კანონდარღვევას, კერძოდ კი დიპლომების შესაძლო გაყალბების თემას ეხებოდა. ამავე მასალის ერთ-ერთი აქცენტი იყო ისიც, რომ უნივერსიტეტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მფარველობს. თუმცა, არცერთ ამ ბრალდებაზე სიუჟეტში მყარი დასაბუთება არ ყოფილა.

სიუჟეტის წარდგენისას გადაცემის წამყვანმა განმარტა, რომ ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში განათლება მიღებულმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განათლების მიღება საქართველოს იმ უნივერსიტეტში გადაწყვიტა, რომელიც ბაზარზე არსებული ქართული უნივერსიტეტიდან რეიტინგით 24-ე ადგილზეა და რომელიც “ყალბი დიპლომების გაცემაშია შემჩნეული”. მისივე თქმით, ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დიპლომების გაყალბების საკითხი პროკურატურამდეც მივიდა, თუმცა მიიჩქმალა და უნივერსიტეტში არსებული დარღვევების მიუხედავად, უმაღლესმა სასწავლებელმა 6 წლის ვადით აკრედიტაციაც მიიღო. “კონფიდენციალური წყარო უნივერსიტეტიდან გვწერს, რომ სასწავლებელს თეა წულუკიანი მფარველობს და სამართლის დოქტორის ხარისხსაც ამ მფარველობის სანაცლოდ აძლევენ”, - დასძინა მანვე.

“იუსტიციის მინისტრი ერთადერთი არ არის, ვინც გადაწყვიტა, რომ ჰქონდეს მაღალი აკადემიური ხარისხი. ირკვევა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ამ უნივერსიტეტის გავლით მაგისტრის ხარისხის მიღებას სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, დაზვერვის შეფი დავით სუჯაშვილი და პრემიერის დედა მანანა ნანიტაშვილი ცდილობენ. წყარო გვიყვება, რომ არც-ერთი მათგანი ლექციებზე არ დადის, არაფერს აკეთებს და სამეცნიერო ხარისხის მიღება მფარველობის სანაცვლოდ სურთ”, - განმარტა წამყვანმა.

ამის შემდეგ სტუდიაში უკვე სიუჟეტის ავტორი შემოდის, რომელიც განმარტავს, რომ იუსტიციის მინისტს აკადემიური ხარისხი “სავარაუდოდ სამომავლო საქმიანობისთვის სჭირდება”. ის აზუსტებს, რომ თეა წულუკიანს მაგალითად უზენაესი სასამართლოს ან საკუნსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის, ან უბრალოდ რიგითი მოსამართლეობისთვის, “აუცილებელია, ჰქონდეს იურისტის დიპლომი, რომელიც მას აქამდე არ ჰქონია”.



გადაცემის წამყვანისა და ჟურნალისტისგან მოვისმინეთ, რომ კონფიდენციალური წყარო, რომელმაც მათ უნივერსიტეტში არსებული შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ამავე უმაღლესი სასწავლებლის პროფესორია, რომელსაც შესაბამის დოკუმენტებთან წვდომა აქვს. ჟურნალისტის განმარტებით, უნივერსიტეტისთვის წულუკიანის სტუდენტობა მათთვის “ხელშეუხებლობის ერთგვარი გარანტიაა”, რომ მათ წინააღმდეგ საქმე არ აღიძრას. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც უნივერსიტეტის წინააღმდეგ საქმე ერთხელ უკვე აღიძრა, თუმცა გავლენიანი მფარველების წყალობით “ჩაიფარცხა” და “თაროზე შემოიდო”.

გადაცემის წამყვანი განმარტავს, რომ იმ ფონზე, როდესაც ერთ-ერთ ძლიერ უმაღლეს სასწავლებელს “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს” ერთი წლის სტუდენტების მიღების უფლება შეეზღუდა, “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა” ხარვეზების მიუხედავად, ბარიერები უპრობლემოდ გადალახა და 6 წლის ვადით აკრედიტაციაც მიიღო, “რაც აჩენს ეჭვს, რომ ამ უნივერსიტეტს იუსტიციის მინისტრი ლობირებდა”.

ამის შემდეგ ჟურნალისტსა და წამყვანს შორის საუბარი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის აკადემიურ მოსწრებას და უნივერსიტეტში მის აქტვობებს ეხება. სიუჟეტის ავტორმა განმარტა, რომ წყაროს ინფორმაციით, “ის უნივერსიტეტში არავის არასდროს უნახავს”. მისივე თქმით, ამის მიუხედვად, იუსტიციის მინისტრს აკადემიურ წერაში 94 ქულა დაუწერეს, მაშინ როდესაც ასეთი მაღალი ქულა უნივერსიტეტში სიარულს და სალექციო პროცესში აქტიურ ჩართულობას მოითხოვს.

სიუჟეტში საუბარი კვლავ უნივერსიტეტის მიერ ყალბი დიპლომების გაცემაზე, მინისტრ წულუკიანის გაცდენებზე, მისთვის დაუმსახურებელი ქულების დაწერაზე, ასევე მინისტრის მიერ უნივერსიტეტის მფარველობაზე გაგრძელდა. აღნიშნული კი კვლავ მხოლოდ ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ყოველგვარი დამატებითი დასაბუთების, დოკუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე.

საპასუხოდ სიუჟეტში წარმოდგენილი იყო მხოლოდ უნივერსიტეტის კანცლერისა და ერთ-ერთი ლექტორის პოზიცია, რომლებიც ერთის მხრივ ცდილობდნენ დაესაბუთებინათ, რომ მინისტრი წულუკუანი აქტიური სტუდენტი იყო, მეორეს მხრივ კი კანცლერი უნივერსიტეტში არსებული სავარაუდო დარღვევებისა და დიპლომების შესაძლო გაყალბების შესახებ ინფორმაციის უარყოფას ცდილობდა და ამბობდა, რომ ჟურნალისტისთვის მიწვდილი ინფორმაცია სიცრუეა”.

აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში არ ყოფილა დიპლომების შესძლო გაყალბების შესახებ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სამართალდამცველ უწყებასთან გადამოწმების მცდელობა. საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანის პოზიცია და არგუმენტაცია ვერ მოვისმინეთ. ასევე, არ იყო წარმოჩენილი უშუალოდ ბრალდებების მთავარი ადრესატის და სიუჟეტის მთავარი გმირის, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტება. ჟურნალისტის მიერ არც იყო ხაზგასმული, რომ მან მინისტრისგან კომენტარის მოპოვება სცადა, თუმცა აღნიშნულზე უარი მიიღო.

სიუჟეტის ბოლოს აქცენტი უკვე ტექნიკურ უნივერიტეტზე გადადის, სადაც, როგორც სიუჟეტის დასაწყისში თავად წამყვანმა განმარტა, ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები და მათი ახლობლები სწავლობენ და რომლებსაც წამყვანისავე თქმით, “სამეცნიერო ხარისხის მიღება მფარველობის სანაცვლოდ სურთ”. ამ მსჯელობის საპირწონედ, სიუჟეტში მხოლოდ უნივერსიტეტის დეკანის განმარტება მოვისმინეთ, რომელიც ამბობს, რომ დასახელებული პირები მათ უნივერსიტეტში მართლაც ირიცხებიან, ლექციებზე დადიან და შესაბამის დავალებებსაც ასრულებენ. იმის დამადასტურებელი რაიმე ტიპის დოკუმენტი, ან დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მაყურებელს იმაში დაარწმუებდა, რომ მოქმედი მაღალჩინოსნები აკადემიური ხარისხის მიღებას გარკვეული პრივილეგიების წყალობით ახერხებენ, ვერც ამ შემთხვევაში ვნახეთ. მსჯელობა სრულად აქაც მხოლოდ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, დაუსაბუთებელ ბრალდებებზე იყო აგებული.

ჟურნალისტის მხრიდან მსგავსი, ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებული, მხოლოდ ერთი ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განვითარებული მსჯელობა, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მასალა მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის, თუ თანამდებობის პირის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც სიუჟეტში ჟურნალისტის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დამატებითი მოკვლევის მცდელობას, რაც მოთხრობილ ამბავს უფრო დამაჯერებელსა და სარწმუნოს გახდიდა, ამასთანავე არგუმენტებით გაამყარებდა.


უნივერსიტეტის პასუხი

“შაბათის კურიერში” 22 დეკემბერს გასულ სიუჟეტს 24 დეკემბერს ოფიციალური განცხადებით უპასუხეს “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში” და განმარტეს, რომ “ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი აშკარად ტენდენციურია, გაყალბებულია ცალკეული ფაქტები და ემსახურება პოლიტიკურ მიზანს, რომელშიც გარიეს ყველაზე აპოლიტიკური საგანმანათლებლო დაწესებულება - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი”.

„სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება”, - განაცხადეს უნივერსიტეტში, სადაც ასევე აღნიშნეს, რომ “სიუჟეტში გადმოცემული ზოგიერთი ფაქტი, თითქოსდა ჩვენს უნივერსიტეტში გაიცემა ყალბი დიპლომები, საჭიროებს შესაბამის რეაგირებას კანონით დადგენილი წესის მიხედვით”. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებლების მტკიცებით, უნივერსიტეტით საქართველოს პროკურატურა არასდროს დაინტერესებულა.

“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის პროცესს პასუხისმგებლობით ეპყრობა ყველა სტუდენტი, განურჩევლად რანგისა და წარმომავლობისა. გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს უნივერსიტეტში სწავლა მისაღებია მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რომელთაც აქვთ გავლენა და ავტორიტეტი ფართო საზოგადოებაში“, - აცხადებენ უნივერსიტეტში.


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ