მანიპულაცია და ქსეონოფობია დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ მომზადებულ მასალებში
15.01.2019

„გაეროს შოკისმომგვრელი დასკვნა. ქართული ეთნოსი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ქრება!“ - ამ სათაურით 14 იანვარს intermedia.ge-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ “ქართველი ეთნოსი გადაშენების პირასაა”. ტექსტი მანიპულაციურია, რადგან კვლევაში, რომელსაც ავტორი ეყრდნობა ამგვარი რამ ნათქვამი არ არის; გარდა ამისა, აქვს ქსენოფობიური კონტექსტი, ვინაიდან, მასში ვკითხულობთ, რომ შობადობის შემცირებასთან ერთად “ქართველი ეთნოსის შემცირების მიზეზი საქართველოში უცხოელების დასახლებაა”.

ინტერმედიაზე დაყრდნობით იგივე მასალა გამოქვეყნეს შემდეგმა გამოცემებმაც: alia.ge, infonews.ge და guriismoambe.com.

ტექსტის ავტორი საქართველოში სხვადასხვა დროს ჩატარებული აღწერების მონაცემებს ადარებს, იქვე იმოწმებს “გაეროს მონაცემებს” და ამბობს, რომ “თუ მდგომარეობა არ შეიცვალა ქართველი ერი 2 საუკუნის წინანდელივით ისევ გადაშენების პირას მივა”.

გაეროს რა მონაცემებს იყენებს ავტორი, მასალაში დალინკული არ არის და, შესაბამისად, უცნობია. მსოფლიო მოსახლეობის შესახებ ბოლო ანგარიში გაეროს 2015 წელს აქვს გამოქვეყნებული. ამ დოკუმენტისა და სტატიაში მოყვანილი ციფრების მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ, სავარაუდოა, რომ ავტორი ამ ანგარიშს დაეყრდნო.

გაეროს პროგნოზით, 2015-დან 2050 წლამდე, მოსახლეობის რაოდენობის შემცირება 43 ქვეყანაშია მოსალოდნელი. ამ სიაში პირველ სამეულში ბულგარეთი, რუმინეთი და უკრაინაა, საქართველო კი მეთხუთმეტე ადგილზეა. კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 2050 წლისთვის 3 483 000, 2100 წლისთვის კი – 2 438 000-მდე შემცირდება. ქართული ეთნოსის გაქრობის შესახებ ანგარიშში არანაირი ინფორმაცია არ იძებნება.

ამავე ტექსტში ავტორი ქსეონოფობიურ მსჯელობას ავითარებს. “ყოველ დღე უფრო მეტი ქართველი კვდება, ვიდრე იბადება, უფროდაუფრო მეტი მიდის საზღვარგარეთ, მათ ნაცვლად კი უცხოელები ესახლებიან”, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში. ემიგრაციასა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ხაზგასმა ტექსტში რამდენჯერმე მეორდება.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ