Human Rights Watch-ის ანგარიში „იმედმა“ არ გააშუქა
18.01.2019

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 17 იანვარს 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 100-მდე ქვეყანას ეხება, მათ შორის საქართველოს. საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ თემებზე, როგორიცაა: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილებების გადაჭარბებისა და მათი დაუსჯელობის შემთხვევები, ნარკოპოლიტიკა, შრომითი უფლებები, სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში, მედიაპლურალიზმის შემცირების საფრთხე და სამოქალაქო სექტორში არსებული მდგომარეობა.

აღნიშნული ანგარიში და მისი მიგნებები 17 იანვარს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქართული მედიისთვის, თუმცა, არა ყველასთვის. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ანგარიშს 1 წუთიანი კადრ-სინქრონი მიუძღვნა. წამყვანმა მხოლოდ ის თქვა, რომ ანგარიში გამოქვეყნდა და ჩამოთვალა ის საკითხები, რაზეც ორგანიზაცია ამახვილებს ყურადღებას. ასევე კადრ-სინქრონით მოუთხრო მაყურებელს ანგარიშის შესახებ ტელეკომპანია პირველმა. "იმედის" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში კი Human Rights Watch-ის ანგარიში საერთოდ არ მოხვდა.

სანაცვლოდ, „ქრონიკამ“ 6-წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა მეორე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ფრიდომ ჰაუსის” კვლევების მიმართულების ხელმძღვანელის ნეით შენკანის ინტერვიუს იმის შესახებ, რომ საქართველოს დემოკრატია გამოწვევის წინაშეა. სტატია „საქართველოს დემოკრატია გამოწვევის წინაშე“ ამერიკის ხმამ 16 იანვარს გამოაქვეყნა. სიუჟეტის მთავარი აქცენტი იყო ის, რომ „მმართველი გუნდი“ შენკანს მიზანმიმართული დეზინფორმაციის განცხადებაში ადანაშაულებს. გაიხსენეს ფრიდომ ჰაუსის გასულ წელს გამოქვეყნებული ანგარიშიც, რომლის გამოც, მათი თქმით, ორგანიზაციას ბოდიშის მოხდა მოუხდა და დასძინეს, რომ სავარაუდოდ, ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ატარებს ნეგატიურ ნარატივს.


თეგები : გამოტოვებული თემები;
ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ