მედია პლატფორმა "ჩაიხანა" საქართველოს
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს მასალის პლაგიატში
ადანაშაულებს. გამოცემამ გადაცემა „ახალი კვირის“ ერთ-ერთი სიუჟეტის
შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.
საქმე ეხება გადაცემა „ახალ კვირაში“ 27 იანვარს გასულ სიუჟეტს
"გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან".
ჩაიხანას განცხადების თანახმად, 2019 წლის 4 იანვარს მედია პლატფორმა
Chai Khana-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვიდეომასალა სახელწოდებით
“გოგონა მზის ჩასვლის მხარიდან”.
მასალის ავტორები არიან შორენა ტყეშელაშვილი და კონსტანტინე კომახიძე.
ვიდეო ისტორია სოფელ გუმბათის მასწავლებელზე ია ძირკვაძეზეა. 2019
წლის 27 იანვარს კი პირველი არხის ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით
“გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან“,
რომელიც ამავე გმირზეა.
მედია პლატფორმა Chai Khana-ს ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ პირველ
არხზე გაშვებული სიუჟეტის ავტორებმა დაარღვიეს ქარტიის მე-11
პრინციპი, პლაგიატის შესახებ.
„პირველ
არხზე გაშვებული სიუჟეტის სათაური Chai Khana-ს ვებგვერდზე
განთავსებული ვიდეომასალის სათაურის იდენტურია. ასევე პირველ არხზე
გასული სიუჟეტი თემატურად Chai Khana-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული
ვიდეომასალის იდენტურია. პირველ არხზე გაშვებულ სიუჟეტში ავტორები არ
უთითებენ პირველწყაროს და არც Chai Khana-ზე განთავსებული
ვიდეომასალის ავტორებს ახსენებენ“, - ნათქვამია ჩაიხანას
განცხადებაში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ განცხადება უკვე ცნო დასაშვებად. საქმის განხილვა ჯერ არ ჩანიშნულა.
პრინციპი
11
ჟურნალისტმა უმძიმეს
პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი
ქმედებები:
· ფაქტის განზრახ
დამახინჯება;
· ნებისმიერი სახის
ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე
გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
·
პლაგიატი.
⇒ მე -11 პრინციპის დარღვევის დადგენის შემთხვევები იხილეთ ამ ბმულზე