"საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში წყლისაგან
მოწამლული ადამიანები შემოჰყავთ" - ფეკალიები სასმელ წყალში - ამ
სათაურით 31 იანვარს presa.ge -მ დაუდასტურებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა. გამოცემა წერს, რომ სოციალურ ქსელში
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სასმელ წყალში ფეკალიები აღმოაჩინეს და
სამი დღის განმავლობაში ონკანიდან წყლის დალევა საშიშია. მასალაში
ასევე ნათქვამია, რომ Presa.ge ერთ-ერთ საავადმყოფოს დაუკავშირდა,
სადაც უთხრეს, რომ წყლისაგან მოწამლული ადამიანები საავადმყოფოში
ყოველ 5 წუთში მიჰყავთ.
მედიაჩეკერი აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს
პრესსამსახურში წყლით მოწამვლის შემთხვევებს უარყოფენ და აცხადებენ,
რომ ამ ეტაპზე მსგავსი ჩივილით სასწრაფო სამედიცინო დახმარების
სამსახურის გამოძახების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია
GWP გამოეხმაურა. სპეციალურ განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ
სასმელი წყალი დაბინძურებული არ არის.
„გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად
შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს
და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს“, - აღნიშნულია GWP-ს განცხადებაში.
ირკვევა, რომ ეს განცხადება presa.ge-ს
ნანახი აქვს, რადგან ტექსტშიც აქვს ჩასმული. თუმცა, სათაური მაინც
დადასტურებელ ფაქტად წარმოაჩენს მოწამვლის შემთხვევბს.
31 იანვარს ოფიციალური განცხადება გაავრცელა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც. “დედაქალაქში სასმელი წყალი
სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს”, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად,
ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას –
მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ქარტიის პირველი პრინციპის განმარტებაში
ხაზგასმით წერია, რომ მასალაში უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ
მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა
ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.