11.07.2019
სიუჟეტის წარდგენისას წამყვანი აქცენტს აკეთებს „ნენსკრა ჰესის“ სიკეთეებსა და სარგებელზე - „პროექტი ჭუბერის თემში ხორციელდება. ის დასახლებული პუნქტისგან მოშორებით არის და არ გულისხმობს ოჯახების განსახლებას. გარდა ჰესის მშენებლობისა, „ნენსკრა ჰიდრო“ რეგიონში ფართო მასშტაბიან სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს და იმაზეც ზრუნავს, რომ სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივები დაასაქმოს. ამისთვის კომპანიამ კადრების საკუთარი რესურსით გადამზადება უკვე დაიწყო“.
წამყვანის მსგავსად, სიუჟეტის ავტორიც არაერთხელ ახსენებს მაყურებელს „ნენსკრა ჰიდროს“ სიკეთეებს და ხაზს უსვამს, რომ ჰესი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას კიდევ უფრო განამტკიცებს. გარდა ამისა, ჟურნალისტი მაყურებელს ინვესტორი კომპანიის გამოცდილების შესახებაც უყვება და არწმუნებს, რომ „მას სვანეთის წყლებთან შეჭიდება არ გაუჭირდება“.
ჟურნალისტი საუბრობს სოციალურ პროექტებზეც - „ნენსკრა ჰესის მშენებლობის აქტიურ ფაზაში შესვლისას 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პრიორიტეტი კი, ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება. კომპანიამ ამაზე წინასწარ იზრუნა და ადგილობრივები პროფესიულ გადამზადებას უკვე თბილისში გადიან… ფართომასშტაბიანი სოციალური პროექტების განხორციელებაც ნენსკრა ჰიდრომ თავის თავზე აიღო და 400-მდე ოჯახს მიწის ნაკვეთების აზომვაში, ნახაზის მომზადებასა და მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის პროცესში უწევს დახმარებას. ტურისტებისთვის არც თუ ისე ნაცნობ მხარეში ამუშავდა საოჯახო სასტუმროები, სადაც, ძირითადად, პროექტში დასაქმებული ადამიანები ცხოვრობენ. ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ ჰესი ამ მხარეს კიდევ უფრო განავითარებს“, - ამბობს ჟურნალისტი და არც კი ახსენებს იმ ადგილობრივებს, რომლებიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, მის უარყოფით მხარეებზე, ზიანზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ.
სიუჟეტის დასასრულს, ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ სვანეთის სარგებელი ჰესის მშენებლობის პროცესში კიდევ უფრო გამოჩნდება, თუმცა მშენებლობის და ექსპლუატაციაში ჩაშვების შემდეგ ჰესი გაცილებით დიდ სარგებელს საქართველოს ენერგოსისტემას მოუტანს.
გასული წლის 5 ივლისს ჭუბერში სტიქია მოხდა და ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ რამდენიმე სოფელი დატბორა. ღვარცოფის შემდეგ, ადამიანის უფლებებზე მომუშავე 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებას განცხადებით მიმართა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გეოლოგიური რისკები კიდევ უფრო გაძლიერდება ჰესის პროექტის ზეგავლენის შედეგად, ვინაიდან მშენებლობის პროცესში ტყე/მცენარეული საფარი პირწმინდად მოიჭრება, რაც დამატებით მეწყრულ და ღვარცოფულ კერებს გააჩენს.“
ჟურნალისტს ეს ფაქტი მაყურებლისთვის არ უცნობებია , არ დაუსვამს კითხვა, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი წყალდიდობასა და ჰესის მშენებლობას, სამაგიეროდ, აღნიშნა, რომ „როგორც კომპანიაში ამბობენ, ნენსკრა ჰესი ერთგვარი პრევენცია იქნება წყალდიდობისგან“ - თუმცა არც ამ შემთხვევაში დაუსვამს კითხვა, თუ „როგორ“ და მაყურებელს არ მოუსმენია არც ერთი არგუმენტი იმის დასტურად, რომ ჰესი წყალდიდობის ან სხვა სტიქიისგან დაიცავს მოსახლეობას.
ჟურნალისტს იმის თქმაც „დაავიწყდა“, რომ 2015 წლიდან დღემდე სვანეთსა და თბილისში არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია და არც ის უხსენებია, რომ პროტესტის გამო 2016 წელს ადგილობრივ მოსახლეობას ერთ კვირაზე მეტი გზა ჰქონდათ გადაკეტილი. არც იმის შესახებ მიუწვდია ინფორმაცია, რომ „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც ეწინააღმდეგება.
მაყურებელმა ჯამში მოისმინა 7 რესპონდენტის შეფასება. მათგან 2 - ხელისუფლების, 3 - უშუალოდ კომპანიის წარმომადგენელი და 2 ჰესის მშენებლობის მომხრე ადგილობრივი იყო. თითოეული მათგანი, ისევე როგორც წამყვანი და ჟურნალისტი, „ნენსკრა ჰესის“ სიკეთეებზე საუბრობდა და ეკონომიკურ სარგებელს უსვამდა ხაზს. მაყურებელს არ ჰქონდა შესაძლეობლობა, რომ მოესმინა დამოუკიდებელი ექსპერტის, გეოლოგის, ჰიდროლოგის ან გარემოსდამცველის შეფასება. მთელი სიუჟეტის განმავლობაში მაყურებელს არ მოუსმენია განსხვავებული აზრი და არც იმის შესახებ მიუღია ინფორმაცია, თუ რა რისკები არსებობს და რა ზიანს მოუტანს გარემოს ჰესის მშენებლობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ნენსკრა ჰესის“ გარშემო დისკუსია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სახელმწიფოსა და „ნენსკრა ჰესის“ მშენებელ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება 8 ივნისს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერმა“ გაასაჯაროვა. გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ კი ხელშეკრულების გააანალიზების საფუძველზე განაცხადა, რომ პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში 60 მილიონი დოლარის ზარალს მიაყენებს.