23.07.2019
კერძოდ ”იმედის კვირაში”, არასამთავრობო სექტორი იმის გამოა გაკრიტიკებული, რომ არ დაგმო და არ გაემიჯნა “რუსთავი 2-ის” უკვე ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარმიას მხრიდან ქართველი მოსამართლეებისა და ქართული სასამართლო სისტემის კრიტიკის დროს გამოყენებულ “შეურაცხმყოფელ” ეპითეტებს.
ამ თემაზე გადაცემის წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე ტუდიაში ტოქშოუ “პირისპირის” პროდიუსერს რუსა შელიას ესაუბრება. დიალოგი დაახლოებით 14 წუთს გრძელდება.
დისკუსია იწყება განმარტებით, რომ სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს შიდა სასამართლოების ყველა ინსტანციაში “მიუკერძოებელი და აბსოლუტურად სრული კანონმდებლობის დაცვით მიღებული გადაწყვეტილებები დააფიქსირა”. შემდეგ კი საუბარი იმ მმიმართულებით ვითარდება, როგორ იქცა ნიკა გვარამიას მხრიდან დარტყმის პირველივე ობიექტად მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, რომელმაც ტელეკომპანიის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილა. აღნიშნული დისკუსიის მონაწილეების მხრიდან “სასამართლოს დისკრედიტაციისთვის” მიმართულ ტაქტიკად არის შეფასებული.
“განცხადებები და შეფასებები არის ძალიან მძიმე, მაგრამ საინტერესოა, როდესაც პირდაპირი ეთერიდან ნიკა გვარამია ასე ესხმოდა თავს მოსამართლეებს, როგორი იყო მესამე სექტორის დამოკიდებულება? გმობდნენ თუ არა სიძულვილის ენას?” - ინტერესდება წამყვანი.
საპასუხოდ, ჟურნალისტი ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც სტრასბურგის სასამართლო გვარამიას მიერ მოსამართლეების მიმართ გამოყენებულ “შეურაცხმყოფელ განცხადებებეს” “შემაშფოთებლად” მიიჩნევს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები “ასეთ დისკრედიტაციასთან” შეწინააღმდეგებას არ ცდილობენ: “[განსაკუთრებით] იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებაში ძალიან დაბალი არის ნდობა მართლმსაჯულების და სასამართლო სისტემის მიმართ”.
ჟურნალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ” დიდი მცდელობის მიუხედავად”, სამოქალაქო სექტორის განცხადებას, სადაც ისინი ქართული მართლმსაჯულების ყველა ინსტანციას დაიცავდნენ, ვერ მიაკვლია.
“[სამაგიეროდ] ძალიან ბევრი იძებნება მათი ერთობლივი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეჭვი არსებობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, სასამართლო სისტემაში მოახდინოს გარკეული გავლენები გადაწყვეტილებაზე “რუსთავი 2-თან” დაკავშირებით”, - ამბობს იგი და იქვე ინტერესდება, “სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, თუ [მაინც] გადააფასებენ ან გადახედავენ” არასამთავრობოები მათ განცხადებებს.
ამ თემაზე გადაცემაში ისე იმსჯელეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები არ მოგვისმენია. სტუდიაში არც აღშნინული სასამართლო პროცესების მისამართით არსებული ლეგიტიმური კითხვები გაუხსენებიათ, რაც არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ანგარიშში აისახა. არაფერი თქმულა არც სტრასბურგის 2017 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ევროპულმა სასამართლომ ფაქტობრივად ადგილობრივ დონეზე სიტყვის თავისუფლების მყისიერი საფრთხე დაინახა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მექანიზმი გამოიყენა.
“იმედის კვირიდან” ისიც შევიტყვეთ, რომ არასამთავრობო სექტორი დუმდა მაშინაც, როდესაც ცალკეული პოლიტიკოსები, იმის მტკიცებით, რომ სტრასბურგმა გადაწყვეტილება “ივანიშვილის ფულით და პუტინის გავლენით მიიღო”, თავად ამ სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობდნენ. იქვე განმარტეს, რომ აღნიშნულზე კომენტარი მხოლოდ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ სულხან სალაძენ გააკეთა, ისიც მათსავე სტუდიაში, მათივე კითხვის საპასუხოდ.
დისკუსიის მონაწილეებს არ უცდიათ გარკვევა რამდენად მიზანშეწონილია“ცალკეული პოლიტიკოსების” განცხადებებზე ერთობლივი განცხადებით პასუხი. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ეს პოლიტიკოსებიც განმარტავდნენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემენ და მას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ.
“იმედის კვირას” არც სხვა ისეთი ანალოგიების ძებნა დაუწყია, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ქვეყანაში უკმაყოფილება გამოუწვევია და შემდგომ ამავე სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას სურათი კარდინალურად შეუცვლია.
დისკუსიის მონაწილეებმა ისიც გაიხსენეს, რომ არასამთავრობო სექტორს არაფერი უთქვამს მაშინაც, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქალ საპრეზიდენტო კანდიდატზე სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა გენდერული ნიშნით ხდებოდა. ამის საილუსტრაციოდ კი მის მიმართ გამოყენებული ისეთი შეფასებები მოიყვანეს, როგორიცაა - “საქართველოს მტერი” და “რუსეთის აგენტი”.
“სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გენდერის თვალსაზირისით, ქალთა უფლებებზე მუშაობენ, თუმცა მათი მხრიდან საპასუხო შესაგებელი სიტყვა არ მოგვისმენია, სამწუხაროდ”, - ამბობს ჟურნალისტი და იქვე განმარტავს, რომ მისი შთაბეჭდილებით, “სამწუხაროდ, გარუკვეველი მიზეზებით, ცალ კარში თამაშობენ”. ეს კი იმფონზე, როდესაც “სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, უნდა ეხმარებოდნენ მესამე სექტორის განვითარებას, საზოგადოების მეტ აქტუალიზაციას გარკვეული პროცესების მიმართ”.
დისკუსიის მონაწილეებმა სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით არასამთავრობო სექტორი ისე გააკრიტიკეს, რომ დასაბუთებულად არ უთქვამთ, რა კავშირი აქვს ზემოთ ხენებულ ეპითეტებს გენდერული ნიშნით დისკრედიტაციასთან. მათ არც ბოლო დროს სწორედ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები გაუხსენებიათ, როდესაც “ქართული ოცნები”ს წევრებიოპოზიციური პარტიის ქალ დეპუტატს თავს სწორედ გენდერული ნიშნით დაესხნენ. ასევე, ყურადღების მიღმა დარჩა, “ქართული ოცნების” წევრის სექსისტური განცხადებები ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მისამართით.
არხის მხრიდან საკითხის ასეთი ცალმხრივი პოზიციით წარმოჩენა ტოვებდა აღქმას, რომ მთავარი მიზანი სწორედ არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია, მათი იმიჯის შელახვა და საზოგადოების თვალში მათი დემონიზება იყო. აღსანიშნავია, რომ ეს ტელეკომპანია “იმედის” მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის პირველი მცდელობა არ არის. მსგავსი შემთხვევების შესახებ “მედიაჩეკერიც” არაერთხელ წერდა.