აქციების გამო ჩამოშლილი ეკონომიკა და მიკერძოებული NGO-ები - "იმედის" დღის წესრიგი
02.08.2019

ბოლო ორ კვირაზე მეტია, ტელეკომპანია “იმედი” ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისა და ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად “ნაციონალურ მოძრაობას” და თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებს განიხილავს. ამასთან, არხი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკითაც არის დაკავებული და სამოქალაქო სექტორის “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირების გზით, მის დისკრედიტაციას ცდილობს. ამაზე მიუთითებს ამ თემებზე მომზადებული არაერთი სიუჟეტი, რომლებმაც შესაძლოა ითქვას, რომ კამპანიური ხასიათი მიიღო და ის ერთგვარ ტრენდად იქცა. ასეთი მასალები მტავარ საინფორმაციო გამოშვებებსა და კვირის შემაჯამებელ გადაცემაში "იმედის კვირაში" გადის.

მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.

ეკონომიკური კრიზისი და ლარის გაუფასურება
 
ერთ-ერთი ვრცელი სიუჟეტი, რომელიც ქვეყანაში გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას, ჩავარდნილ ტურისტულ სეზონს და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ეხება, “იმედმა” 29 ივლისს გადაცემა “იმედის კვირისთვის” მოამზადა. სიუჟეტში ამ პრობლემების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორებად “ნაციონალური მოძრაობა”, მათი პროვოკაციული სცენარები და თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებია დასახელებული.

გადაცემის წამყვანი მტკიცებითი ფორმით ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიზანი ქვეყანაში სწორედ “სოციალური ბუნტის” მოწყობა და ხალხის ქუჩაში გამოყვანაა.

alt“სამწუხაროდ 20-21 ივნისის ღამის შედეგებს საქართველო ახლა იმკის და კრიზისული პროცესი კვლავ დიდხანს გაგრძელდება. ტურისტული სეზონი პრაქტიკულად ჩავარდნის ზღვარზეა, სასტუმროები სტუმრების გარეშე დარჩნენ, ჯავშნები რეკორდული სისწრაფით უქმდება”, - ამბობს იგი.

იგივე პათოსს ინარჩუნებს მთლიანად სიუჟეტიც. მასში წარმოდგენილი რესპონდენტები შექმნილ ვითარებაში ბრალს სწორედ ოპოზიციურ პარტიას სდებენ. ასევე, ტურისტული სეზონის ჩავარდნის ერთ-ერთ მიზეზად აქციების ფონზე წარმოქმნილ არასტაბილურ გარემოს ასახელებენ.

altიგივე შინაარსი იკითხება 14 ივლისს , "იმედის კვირისთვის" და 22, 24, 26, 30 და 31 ივლისს, მთავარი საინფორმაციო გამოშვებისთვის მომზადებულ სიუჟეტებშიც, სადაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების, ასევე შემცირებული ტურიზმის ნაკადის მთავარ მიზეზებად ასევე "ნაციონალური მოძრაობა", 20-21 ივნისის მოვლენები და საპროტესტო აქციებია დასახელებული.

თემაზე ვრცლად ნახეთ “მედიაჩეკერის” მასალა. 

არასამთავრობო სექტორი, როგორც პოლიტიკურად მიკერძოებული ჯგუფი
 
“იმედმა” ასევე ორი ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა არასამთავრობო ორგანიზაციბის კრიტიკასაც. მაგალითად, 21 ივლისს, გადაცემა “იმედის კვირაში” სამოქალაქო სექტორი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ არ დაგმო და არ გაემჯნა “რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას მხრიდან ქართველი მოსამართლეებისა და ქართული სასამართლო სისტემის დროს გამოყენებულ “შეურაცხმყოფელ” ეპითეტებს.


altამავე გადაცემაში არასამთავრობოებს ისიც გაუხსენეს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილი, როგორც ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისგან არ დაიცვეს და მის სასარგებლოდ არაფერი თქვეს. გადაცემაში არასამთავრობოებმა კრიტიკა იმის გამოც დაიმსახურეს, რომ რამე არც იმ დროს უთქვამთ, როდესაც ცალკეულმა პოლიტიკოსებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო “რუსთავი 2-ის” საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის გააკრიტიკეს.

თემაზე ვრცლად ნახეთ “მედიაჩეკერის” მასალა. 

 

alt28 ივლისს “იმედმა” არასამთავრობო სექტორის კრიტიკას კიდევ ერთი ვრცელი სიუჟეტი დაუთმო. მასალაში წარმოდგენილი რესპონდენტები საუბრობენ, რომ “სინამდვილეში არანაირი სამოქალაქო სექტორი არ არსებობს”, რომ “ეს არის მათი გამოგონილი რეალობაა, რომელშიც თუ ეწერები უნდა აგინებდე ბიძინა ივანიშვილს, პატრიარქს და უნდა იზიარებდე აზრს, რომ უმრავლესობაზე დომინირება უმცირესობებმა უნდა მოახდინონ”.

ამასთან, მათ პოლიტიკურ მიკერძებულობაშიც სდებბენ ბრალს და ამბობენ, რომ “მათ აქვთ დაკვეთა” და ამაში ისინი შესაბამის ფულს იღებენ.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია “იმედის” მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკაზე “მედიაჩეკერი” ადრეც წერდა.

 

მაგალითად, იხილეთ:

 


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ