ქარტიამ სიძულვილის ენასთან ბრძოლის სახელმძღვანელო წესები შეიმუშავა
17.09.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ  მედიისთვის სიძულვილის ენასთან ბრძოლის სახელმძღვანელო წესები შეიმუშავა.  გაიდლაინი ყურადღებას ამახვილებს იმ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე, რაც მედიამ უნდა გაითვალისწინოს იმისთვის, რომ არ გახდეს სიძულვილის ენის წამახალისებელი.


  • მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ ხელი არ შეუწყონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის წახალისებას.
  • მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო ქმედებები განახორციელოს.
  • თითოეულ მედიასაშუალებას უნდა ჰქონდეს სიძულვილთან ბრძოლის ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რაც ცხადი იქნება როგორც დასაქმებულთათვის, ასევე აუდიტორიისთვის.
  • მედიასაშუალებები მყისიერად უნდა რეაგირებდნენ მოქალაქეთა მიმართვებსა თუ გამოხმაურებებზე, თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ რომელიმე მასალა ახალისებს სიძულვილის ენას ანდა დისკრიმინაციას.
  • ფაქტებზე დაფუძნებული მედიაპროდუქტი, რომელშიც ჟურნალისტს აქვს მცდელობა, ყველა ჯგუფის პოზიციიდან შეხედოს პრობლემას, აზღვევს მას დისკრიმინაციის წახალისებისგან, - ვკითხულობთ ძირითად წესებში. 

 

დოკუმენტის წინასიტყვაობაში ნათქვამის, რომ სიძულვილის ენას ხშირ შემთხვევაში აიგივებენ ყველა ტიპის ნეგატიურ გამონათქვამთან. შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური თუ დისკრედიტაციისთვის მომზადებული მასალები სიძულვილის ენად აღიქმება, რეალურად, კი მათ შორის დიდი განსხვავებაა. იმის გამო, რომ ყველა ქვეყანას სხვადასხვა უნიკალური კონტექსტი აქვს, რთულია განსაზღვრო, რა არის სიძულვილის ენა, რომელი ტერმინები, ფრაზები და გამონათქვამები გააძლიერებს ნეგატიურ დამოკიდებულებას რომელიმე პირის მიმართ. მიუხედავად ამისა, არსებობს შეთანხმება თუ რას ეფუძნება სიძულვილის ენა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებული რეკომენდაციით, “სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით”.

ამ განმარტებიდან ცხადია, რომ სიძულვილის ენა განსხვავდება შეურაცხმყოფელი თუ ცილისმწამებლური გამონათქვამებისგან. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლი სწორედ სიძულვილის ენას მოიცავს და ასეა ფორმულირებული: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

ქარტიის საბჭოს მიერ საქმეთა განხილვის პრაქტიკის თანახმად, მეშვიდე პრინციპი ფარავს დისკრიმინაციას, სიძულვილის ენას, სტიგმატიზებას. როგორც ევროპის საბჭოს, ისე ქარტიის განმარტების თანახმად, სიძულვილის ენა უნდა ეხებოდეს გარკვეულ იდენტობას. დისკრიმინაცია და სტიგმატიზებაც გარკვეული ნიშნით უნდა ხდებოდეს და ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენდეს ამ ნიშნის მქონე პირებს.  

"სიძულვილის ენის წამახალისებელი, სტერეოტიპების გაღრმავების ხელის შემწყობი შესაძლოა მარტივად გახდეს მედია, თუკი არ მოეკიდება სიფრთხილით თითოეულ შემთხვევას და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე, რომელსაც იყენებს სენსიტიურ საკითხებზე მუშაობისას", - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.

დეტალურად სახელმძღვანელო შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ