17.09.2019


“გასულ კვირას თბილისში “მაკკეინის ინსტიტუტის” თანაორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ცნობილ დიპლომატებთან ერთად, “მაკკეინის ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი, დენიელ ფრიდი, დევიდ კრამერი და მეთიუ ბრაიზაც ესწრებოდნენ. კონფერენცია წინამორბედებისგან ალბათ არაფრით გამორჩეული იქნებოდა, ორ დეტალს რომ არ მიეპყრო ჩვენი ყურადღება: დევიდ კრამერმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი და მასთან ერთად ქართული მედიაც კონფერენციაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნია და, ფაქტობრივად, დარბაზიდან მათი გაძევება სცადა. სამაგიეროდ, კონფერენციის პანელზე სტუმრები საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ასევე “ევროპულ საქართველოსთან.”
სიუჟეტის ავტორმა, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ მაყურებელს ამომწურავი ინფორმაცია არ მიაწოდა. შედეგად, “იმედის კვირის” მაყურებელმა მხოლოდ ის შეიტყო, რომ თითქოს, დევიდ კრამერმა კონფერენციიდან არასასურველი სტუმრების(“ირმა ინაშვილისა და ქართული მედიის”) გაძევება უმიზეზოდ სცადა.

ჟურნალისტს მთელი სიუჟეტის განმავლობაში, საერთოდ არ უხსენებია, რომ საერთაშორისო კონფერენციას მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შესაბამისად, მაყურებელმა ვერ გაიგო, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრების გარდა, იყო თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მიწვეული კონფერენციაზე.
ამის შემდეგ ჟურნალისტი მაყურებელს, ანალიტიკოსის სტატუსით, ნუკრი შოშიაშვილის კომენტარს სთავაზობს, რომელიც ამბობს, რომ “მაკკეინის ინსტიტუტი” კონკრეტულ ჯგუფებს - “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს” უჭერს მხარს. შემდეგ კი ამტკიცებს, რომ სენატორი ჯონ მაკკეინი აგრესიული საგარეო პოლიტიკით იყო საზოგადოებისთვის ცნობილი:
“აი, რითი გამოირჩეოდა მაკკეინი, რითი იყო ცნობილი - ის იყო საკმაოდ აგრესიული საგარეო პოლიტიკის მომხრე (ხშირად ამერიკაში მას უწოდებდნენ ნიუიმპერიალისტსაც კი) და ხისტი, ნეოლიბერალური წესრიგის მომხრე“, - ამბობს ნუკრი შოშიაშვილი, თუმცა რა არგუმენტებზე დაყრდნობით აფასებს იგი სენატორ მაკკეინს მსგავს უარყოფით კონტექსტში, ამის შესახებ მაყურებელი ინფორმაციას ვერ იღებს.
ჟურნალისტს, ისევე როგორც ანალიტიკოსის სტატუსით მიწვეულ ნუკრი შოშიტაშვილს, “დაავიწყდა” მაყურებლისთვის იმის თქმა, რომ სენატორმა ჯონ მაკკეინმა საქართველოს დამოუკიდებლობას მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა. ასევე, “დაავიწყდათ” მისი ბრძოლა პუტინის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, აგვისტოს ომის დროს საქართველოსთვის გამოცხადებული მხარდაჭერა და მისი ცნობილი ფრაზა „დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ”.
ჟურნალისტი, სიუჟეტის დასკვნით ნაწილში, ეჭვქვეშ აყენებს მაკკეინთან დაკავშირებული პირების გავლენებს თავიანთ ქვეყანაში და ამბობს:
„რა გავლენა აქვთ საქართველოში ვიზიტად მყოფ მაკკეინთან ასოცირებულ ფიგურებს ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე და, საერთოდ, რამდენად მართებულია, ტრამპის ოპოზიციის მითითებით წყდებოდეს არა მარტო ის, თუ რომელი პოლიტიკური ფიგურა უნდა ესწრებოდეს კონფერენციას, არამედ ის, თუ ვინ უნდა იყოს აშშ-ს ელჩი საქართველოში”.
ამ სიტყვების დასტურად, ავტორი ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორის სტატუსით, მაყურებელს ჯიმ მალონის აცნობს, რომელიც ამბობს, რომ მეთიუ ბრაიზას, კურტ ვოლკერის, მაიკლ კარპენტერის თუ დევიდ კრამერის გვარები ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრს არაფერს ნიშნავს და მეტიც, მათი გვარების შესახებ საერთოდ არც კი სმენია.
სიუჟეტის დასკვნით ნაწილში მაყურებელი იგებს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველო-აშშ-ს პარტნიორობამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. თუმცა არაფერია ნათქვამი ჯონ მაკკეინის როლზე და “მაკკეინის ინსტიტუტის” წარმომადგენლებზე დადებით კონტექსტში. სამაგიეროდ, მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, თითქოს “მაკკეინის ინსტიტუტის” წარმომადგენლები პირდაპირ კავშირში არიან “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოსთან” და უარყოფით როლს თამაშობენ საქართველო-აშშ-ს პოლიტიკურ ურთიერთობაზე.