presa.ge-მ მკითხველს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიში მოუხადა
20.09.2019

“presa.ge ბოდიშს უხდის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ და საზოგადოებას 2019 წლის 31 იანვარს სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის” - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც presa.ge-მ დღეს, 20 სექტემბერს გაავრცელა.

presa.ge-ს ბოდიშის მოხდა 31 იანვარს გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციის გამო მოუწია. გამოცემა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, თითქოს სასმელ წყალში ფეკალიები აღმოაჩინეს და სამი დღის განმავლობაში ონკანიდან წყლის დალევა საშიში იყო. მასალაში ასევე ნათქვამი იყო, რომ presa.ge ერთ-ერთ საავადმყოფოს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ წყლისაგან მოწამლული ადამიანები საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში მიჰყავთ.

Presa.ge-ს ამ სტატიაზე მასალა “მედიაჩეკერსაც” აქვს მომზადებული. გავრცელებული ინფორმაცია მაშინ “მედიაჩეკრმა” რამდენიმე უწყებაში გადაამოწმა და ფაქტი, რომ წყალს რაიმე ერეოდა, არცერთ უწყებაში არ დაადასტურეს.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”(GWP) presa.ge-ს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში 2019 წლის 2 აპრილს შეიტანა. კომპანია გამოცემისგან “ითხოვდა საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების საჯაროდ უარყოფასა და აღნიშნულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას“. როგორც presa.ge-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, GWP-სა და presa.ge-ს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა და გამოცემას არასწორი და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი და არასწორი ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა დაეკისრა.  

 

იხილეთ მედიაჩეკერის მასალა ამ თემაზე:   Presa.ge-მ სასმელ წყალში ფეკალიების შერევის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელა


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ