ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის არაეთიკური გაშუქება
21.09.2019
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმის გაშუქების დროს რამდენიმე მედიასაშუალებამ დაზარალებული ბავშვების იდენტიფიცირება მოახდინა. ასევე, გასაჯაროვდა ამ საქმეზე ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვინაობა. რატომ მიიჩნევენ სპეციალისტები, რომ მედიამ ამ შემთხვევაში არაეთიკურად იმოქმედა?

ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წლებია ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე “მედიაჩეკერთან” საუბარში ამბობს, რომ დანაშაულთან დაკავშირებული ბავშვის ვინაობა არ უნდა გამჟღავნდეს.

“არის ისეთი შემთხვევები, როცა ინტერესთა ბალანსის შედეგად, არაეთიკური გადაწყვეტილების მიღება მართლდება გარკვეული მიზეზით. ამ შემთხვევაში, უნდა იყოს ძალიან მკაფიო, რომ ბავშვის ინტერესი იყო აღმატებული და სწორედ ამ ინფორმაციის ამგვარი ფორმით გაშვების დროს ბავშვის მეტი დაცვის პრინციპით ვიმოქმედეთ”, - ამბობს ანა აბაშიძე და იქვე დასძენს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის დაზარალებული არასრულწლოვნების გამჟღავნება ამ ინტერესს არ ემსახურებოდა.

“ამ თვალსაზრისით მედიის ქცევა არ შეესაბამებოდა ეთიკის ნორმებს,” - აცხადებს ანა აბაშიძე.

19 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელის გამოვლენისა და დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრის დაკავების შესახებ განაცხადეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულ აშშ-ს და ავსტრალიის მოქალაქეებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. შესაბამისად, დაკავებულთა შორის აღმოჩნდნენ დაზარალებული ბავშვების მშობლები, ნათესავები და ახლობლები.

შსს-ს ამ ოფიციალური განცხადების შემდეგ მედიამ დეტალების გავრცელება დაიწყო: ჯერ შევიტყვეთ, რომ დაკავებული აშშ-ს მოქალაქე პედაგოგად მუშაობდა საქართველოში, მოგვიანებით დაგვისახელეს სკოლა, სადაც ის ასწავლიდა; დაგვისახელეს სოფელი, სადაც ეს სკოლა იყო განთავსებული; გვითხრეს, რომ ამ სოფელში ცხოვრობს დაზარალებული და დაკავებული პირების ნაწილი. ზოგიერთი მედიასაშუალება კიდევ უფრო შორს წავიდა: მათ შინ მიაკითხეს დაზარალებულებისა და ბრალდებულების ოჯახებს და ინტერვიუები ჩაწერეს ნათესავებთან; დაგვისახელეს დაკავებული უცხოელების სახელები და გვარები და ა.შ.

მოგვიანებით, დღის შემაჯამებელ მთავარ გამოშვებაში ზოგიერთმა მათგანმა ეს ამბავი ისე გააშუქა, რომ აღარც სოფელი იყო დაკონკრეტებული და აღარც ახლობლები იყვნენ იდენტიფიცირებულები.

“მთავარმა არხმა” საღამოს, 9-საათიან გამოშვებაში უკვე პასუხი გასცა მისსავე შეცდომას, რაც კარგია: უკვე დაფარეს, აღარ იყო მითითება რომელი სოფელია, რომელი სკოლაა, თავად ამ ბავშვების ბაბუა. თვითონვე მიხვდნენ რა იყო არასწორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არაეთიკურად არ გააშუქეს”, - ამბობს ანა აბაშიძე “მედიაჩეკერთან” საუბარში.

ოჯახის ნათესავთან და თანასოფლელებთან ღიად ჩაწერილი ინტერვიუები “მთავარი არხის” გარდა, სხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს, მათ შორის, იყო პალიტრა ტვ-ც. ბრალდებული უცხოელების ვინაობა გაასაჯაროვეს სხვა ტელევიზიებმაც. ამასთან, ეს მასალები ამ დრომდე იძებნება ონლაინ საძიებო სისტემებით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ ბავშვის დაფარვა უპირობოდ აუცილებელია, როდესაც ის არის ძალადობის/დანაშაულის მსხვერპლი ან რაიმე ფორმით არის დაკავშირებული სექსუალურ ძალადობასთან.

სახელმძღვანელო მედიას ურჩევს გაითვალისწინოს, რომ ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი მისი სრულად არაიდენტიფიცირე­ბისთვის და რომ ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით.

“ამ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულები იყვნენ დაკავებულები და მსხვერპლები იყვნენ უსაფრთხოდ, რეალურად ამ ბავშვების ვინაობის გამჟღავნების არანაირი საჭიროება არ იყო. შესაბამისად, რაც გააკეთეს, გამოვიდა ისე, რომ დაარღვიეს ცალსახად ბავშვის კონფიდენციალობის უფლება. ასევე, დამატებით გაჩნდა რისკები: პირველ რიგში, ბავშვის რეტრავმატიზაციის რისკი; ბულინგის რისკი; შესაძლოა, ბრალდებულთა ოჯახის წევრების ან მათთან დაკავშირებული სხვა პირების მხრიდან მოხდეს მსხვერპლებზე არასასურველი კომუნიკაცია და ა.შ.” - ამბობს ანა აბაშიძე.

მისი თქმით, იმ მედიასაშუალებებს, რომლებმაც ბავშვების ირიბი იდენტიფიკაცია მოახდინეს, გაუჭირდებათ რაიმე გამამართლებელი არგუმენტის მოძიება, ვინაიდან, როგორც ის ფიქრობს, ეს არ ემსახურებოდა საზოგადოებრივ ინტერესს და განპირობებული იყო მხოლოდ ცნობისმოყვარობის დაკმაყოფილებით და სენსაციაზე გამოდევნებით.

“რეალურად ვერანაირ ინტერესს ვერ დაასახელებენ საპირწონედ - რატომ იყო აუცილებელი ბავშვის ვინაობის არაპირდაპირ, მაგრამ პრაქტიკულად გამჟღავნება. არავის ინტერესს არ ემსახურებოდა, გაგვეგო, ვინ არიან ბავშვები. მაღალი ხარისხის მედიის ინტერესი არის საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემების გაშუქება”, - ამბობს ანა აბაშიძე.

იყო თუ არა აუცილებელი ბრალდებულების ვინაობის გასაჯაროება? - კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოამზადა, დანაშაულის გაშუქებისას, მედიამ არ უნდა მოახდინოს სავარაუდო დამნაშავის ან ბრალდებულის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.

ამასთან, ამავე სახელმძღვანელო წესების მიხედვით, როცა საქმე ეხება პედოფილიას, ან სექსუალურ ძალადობას, მაშინაც კი, როცა საგამოძიებო უწყებები ასახელებენ ბრალდებულის ვინაობას, მედიამ თავი უნდა შეიკავოს მათი იდენტიფიცირებისგან. ამ შემთხვევაშიც გამონაკლისია განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეები.

“ამ შემთხვევაში, ბრალდებულების ვინაობის გამჟღავნება არაეთიკურია, როცა მინიმუმ სამართალდამცავი უწყება არ ამჟღავნებს და თან, სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ადამიანები გამართლდნენ. ეს მედიას უნდა ესმოდეს,” - ამბობს ანა აბაშიძე.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულების იდენტიფიცირება მედიამ მაშინ მოახდინა, როცა ჯერ აღკვეთის ღონისძიებაზეც არ ჰქონდა სასამართლოს ნამსჯელი. მათი ბრალეულობა საბოლოოდ სასამართლომ უნდა დაადასტუროს, სადაც ჯერ საქმის არსებითი განხილვის პროცესიც კი არ არის დაწყებული.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ