სუს-ის უფროსი, როგორც „უმადურ საქმეს შეწირული“ „იმედზე“
24.10.2019
22 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში რომლის მიზანიც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეროვნული უსაფრთხოების ძლიერ და სუსტი მხარეების, ასევე შესაძლებლობებისა და საფრთხეების განხილვა იყო, თავშივე გაირკვა, რომ სტუმარს სრული კომფორტი ექნებოდა. კერძოდ წამყვანმა სიტყვა სტუმრისადმი რევერეანსებით დაიწყო და ერთგვარი გულისწყვეტაც გამოხატა, რომ მას მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში „ძალიან უმადური საქმის კეთება მოუწევდა“.

მანვე აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) შტაბბინაში არსებული სტელაც გაიხსენა, რომელზეც ყოველგვარი იდენტობის მითითების გარეშე, იმ ადამიანების სახელზე, რომლებმაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის თავი გასწირეს, მხოლოდ ვარსკვლავებია გამოსახული და მათ „არანაირი დიდება არ აქვთ, რადგანაც მათი სახელები გასაიდუმლოებულია“. „დაახლოებით ამ ფრონტზე იბრძვით თქვენ, მაგრამ ჩვენ რომ მშვიდად ვართ, ზუსტად იმის დამსახურებაა, რომ ამ უმადურ საქმეს თქვენ აკეთებთ“, - უთხრა მან გრიგოლ ლილუაშვილს და მასთან საუბარი ქვეყნის უსაფრთხოების სუსტი მხარეების განხილვით დაიწყო.

ამ უკანასკნელზე საუბრისას, წამყვანი რესპონდენტისგან მხოლოდ იმით დაინტერესდა, არის თუ არა ოკუპაცია ეროვნული უსაფრთხოების სუსტი მხარე და ართულებს თუ არა უცხო ქვეყნის (რუსეთის) სპეცსამსახურებისა და შეიარაღებული ძალების ჩვენს ტერიტორიაზე ყოფნა, უწყების მუშაობას. ასევე, არის თუ არა სუსტი მხარე: ქვეყნის „ლიბერალური“ საიმიგრაციო პოლიტიკა, მეზობელ ქვეყნებთან არადემარკირებული საზღვრები და პანკისის ხეობა.

სუსტი მხარეების შემდეგ, წამყვანი ყურადღებას უკვე ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებზე ამახვილებს და ამ კონტექსტში ტერორიზმის საკითხს განიხილავს. სწორედ აქ სტუმარი მისგან კიდევ ერთ კომპლიმენტს იმსახურებს. ასე მაგალითად, მისგან ვისმენთ, რომ „ღვთის წყალობით“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „მეცადინეობით და მეოხებით“ საქართველოში ტერორისტული აქტი არ მომხდარა. პარალელურად კი იგი საზოგადოებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას „არ აქვს შესაბამისი უნარები გამომუშავებული, რომ გაარკვიოს, ვისკენ უნდა გადახაროს სიმპატიები“.

წამყვანი იმასაც ამბობს, რომ „ჩვენ ვიყავით იმის მოწმე“ როდესაც „საზოგადოება მხარს უჭერს და რომანტიზებას ახდენს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ადამიანების”, სპეცსამსახურების წარმოამდგენლებს კი ძალის გამოყენებისთვის გმობს. მას დიდი ალბათობით, 2017 წელს პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჰქონდა მხედველობაში, რომლის 18 წლის ადგილობრივი თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. თუმცა, იმაზე, რომ ამ დრომდე სამართალდამცველებმა მისი ტერორიზმთან კავშირი გამოკვეთეს და ვერც შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინეს, წამყვანს არ უსაუბრია. უფრო მეტიც, სტუმრისთვის არც ის შეუხსენებია, რომ გარდაცვლილის ოჯახი სიმართლის დადგენას და დამნაშავე პირების დასჯას ამ დრომდე ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. მისთვის არც საქმესთან მიმართებით არსებული ის ლეგიტიმური კითხვა დაუსვამს, რომელზე პასუხსაც მოკლულის ოჯახის წევრები უკვე ორი წელია, სამართალდამცველი ორგანოებისგან უშედეგოდ ელოდებიან.

გადაცემის წამყვანმა სტუმართან სამხედრო სავალდებულო სამსახურის საკითხიც განიხილა და ახალგაზრდები იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ისინი სხვადასხვა გზებით ამ სამსახურისთვის თავის არიდებას ცდილობენ.

„თუ ითხოვ, რომ ლილუაშვილის სამსახურმა იმუშაოს როგორც „მოსადმა“ (ისრაელის დაზვერვის სამსახური), მაშინ პატრიოტიზმი უნდა გქონდეს მინიმუმ ისეთი, როგორიც ისრაელშია“, - თქვა მან. აღსანიშნავია, რომ მას სისტემაში ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზე არ უსაუბრია და სტუმართან არც იმის გარკვევა უცდია, რა მიზეზი აქვს იმას, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილს სამხედრო სამსახურის მოხდის სურვილი არ აქვს და ყველა შესაძლო ხერხით მისგან დაღწევას ცდილობს. მას არც ის კითხვა დაუსვამს, ხომ არ არის პრობლემა თავად სისტემაში და არა იმ ახალგაზრდებში, რომლებსაც, ფაქტობრივად, ქვეყნის წინააღმდეგ ე.წ. „დეზერტირობაში“ დასდო ბრალი.

მანვე ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებსა და სახელმწიფო გადატრიალებაშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ ამის „რეპეტიცია“ ჩვენ 20 ივნისს ვნახეთ. არადა, 20 ივნისს, საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მის მოკალათებას მოჰყვა და ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი დესტრუქციული ქმედება ან ხელისუფლების დამხობის მცდელობა კი არა, სპონტანური პროტესტი იყო.

გადაცემის მიწურულს წამყვანმა სტუმარი სწორი და პრაგმატული საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარების გამო კიდევ ერთხელ შეაქო და სწორედ ამის დამსახურებად მიიჩნია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოქმედი ხელისუფლება ერთადერთია, რომლის დროსაც ომი არ მომხდარა. მანვე ყოფილი ხელისუფლება და პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით „პროვოკაციული და მოღალატეობრივი“ ნაბიჯების გადადგმაში დაადანაშაულა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია“ სწორედ აღნიშნულმა განაპირობა.

ის, რომ გადაცემის წამყვანმა სტუმარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ არსებული არცერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვა, რომელიც საზოგადოებას ამ უწყების მიმართ კარგა ხანია დაუგროვდა, ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ გადაცემის მიზანი არა იმდენად უწყებისა და ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული რეალური ვითარების განხილვა, არამედ სუს-ის ახალი ხელმძღვანელისთვის თავისუფალი ტრიბუნის მიცემა და საზოგადოებაში მის მიმართ დადებითი დამოკიდებულების შექმნა იყო.

თეგები : მიკერძოებული გაშუქება;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ