“ჭაბუკების გახრწნაში” დადანაშაულებული პატრიარქი და მედიის ყურადღების ცენტრი
02.11.2019
“ყურადღების ცენტრში” (Spotlight) - ასე ჰქვია ამერიკულ ოსკაროსან ფილმს, რომელიც ჟურნალისტების მიერ კათოლიკურ ეკლესიაში პედოფილიის მხილებას ეხება. ფილმი ნამდვილ ამბავს ეფუძნება, რომელიც 2002 წელს მოხდა ბოსტონში.

ადგილობრივი გაზეთის, “ბოსტონ გლოუბის” (Boston Globe) გამომძიებელმა ჟურნალისტებმა კათოლოკური ეკლესიის მღვდელმსახურები პედოფილიაში ამხილეს, ხოლო მათ მფარველობაში ბოსტონის კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსი ბერნარ ლოუ დაადანაშაულეს.

ჟურნალისტების მიერ საქმის გახმაურების შემდეგ ბოსტონის ეპარქია იძულებული გახდა გაეყიდა ქონება, რათა მილიონობით დოლარი გადაეხადა კომპენსაციის სახით 500-ზე მეტი დაზარალებულისთვის. კარდინალი ლოუ კი გადადგა.

ხუთშაბათს, საქართველოში მოქმედი მედიასაშაულებების ჟურნალისტებს მაღალი იერარქიის მღვდელმთავარმა პეტრე ცაავამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ეწევა “ჭაბუკების გახრწნას” და რომ ამ ინფორმაციის გაჟღერებას მოჰყვა მისი დასჯა სინოდის კრებაზე, როდესაც იგი ჭყონდიდის ეპისკოპოსობიდან დაითხოვეს.

რამდენიმე ტელევიზია და ონლაინ მედია სინოდის სხდომას პირდაპირ ეთერში აშუქებდა. ამის გამო, საზოგადოებამ უშუალოდ პეტრე ცაავასგან შეიტყო ის ინფორმაცია, რომელმაც გააოგნა.

პეტრე ცაავამ თქვა: “საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის”.

როგორ შეხვდა ამ განცხადებას მედია, რომელიც ბოლო წლებია ფლობს ინფორმაციას, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გარკვეული ფირებით მიმდინარეობს შანტაჟი; რომ წინა ხელისუფლების დროს ჩაწერილი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების ნაწილი ეხება სასულიერო პირებსაც; რომ არსებობს “ციანიდის საქმისთვის” მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი, რომელშიც მსგავს ფაქტებზეა საუბარი და ა.შ.

მიუხედავად ამისა, მედია სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ასეთი თემის სათანადო გაშუქებისთვის. პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში ჟურნალისტები ვერც კი იმეორებდნენ პეტრე ცაავას მიერ პატრიარქისადმი გაჟღერებულ ბრალდებას.

მაგალითად, “მთავარი არხის” ჟურნალისტების პირველი რეაქცია ასეთი იყო:

“შოკისმომგვრელი განცხადებები მოვისმინეთ ჩვენ ახლა მეუფე პეტრეს მხრიდან. უმძიმესი ბრალდებები წაუყენა საქართველოს პატრიარქს. ის დაადანაშაულა ცოდვის ლობირებაში. ძალიან რთულია იმ ბრალდებების გამეორება. ეს იყო მართლაც ძალიან მოულოდნელი, რომლის ინტერპრეტირება ან შინაარსის გადმოცემა მე ძალიან მიჭირს”.

ტელეკომპანია “იმედმა” პეტრე ცაავას განცხადების პირველი ნაწილი შემოგვთავაზა პირდაპირ ეთერში, სადაც ის ზოგადად ეკლესიაში “მამათმავლობის მხილებაზე” საუბრობს და შემდეგ ყოველგვარი კომენტარის გარეშე, სხვა თემაზე გადავიდა საინფორმაციო გამოშვების წამყვანი. რამდენიმე წუთის შემდეგ კი საპატრიარქოსთან მყოფი ჟურნალისტი ჩართო პირდაპირ ეთერში, რომელმაც მაყურებელს უთხრა, რომ არ გაიმეორებდა იმას, რაც პეტრე ცაავამ თქვა საჯაროდ:

“მე მირჩევნია ეს თავად მაყურებელმა უშუალოდ მეუფე პტრესაგან მოისმინოს, მე არ ვაპირებ მისი განცხადებების ციტირებას”.

პირდაპირ ეთერში მოუხდა პეტრე ცაავას განცხადების გაშუქება ტვ პირველსაც, საიდანაც, ასევე, პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში ჟურნალისტები მაყურებელს აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ პეტრე ცაავამ ზოგადად ეკლესიაში მამათმავლობის მხილება დაასახელა მისი დათხოვნის მიზეზად. უფრო მეტიც, საპატრიარქოში მყოფმა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს დაამახინჯა პეტრე ცაავას განცხადება და თქვა, რომ მან სინოდის მდივანი დაადანაშაულა და რომ უცნობია, ვინ იყო სხდომის მდივანი. რეალურად პირდაპირ ეთერში პეტრე ცაავამ ცალსახად განაცხადა, რომ მან პატრიარქი ამხილა, რომელიც არის სინოდის მუდმივმოქმედი თავმჯდომარე.

“ძალიან სკანდალური განცხადება გააკეთა მეუფე პეტრემ,” - ასე შეაფასა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა პეტრე ცაავას განცხადება. ეს განცხადება "რუსთავი 2-მა" პირდაპირ ეთერში გადასცა.

პეტრე ცაავას მიერ პატრიარქის დადანაშაულების შესახებ განცხადების პერიფრაზისგან შეიკავა თავი ფორმულა ტვ-ის ჟურნალისტმაც. მან ჩართვის დროს მაყურებელს უთხრა, რომ პეტრე ცაავამ “სინოდის თავმჯდომარე ამხილა, თუ რაში ამას მოისმენთ, როდესაც მეუფე პეტრეს ინტერვიუ გავა ეთერში”.

საზოგადოებრივ მაუწყებელს სინოდის სხდომასთან დაკავშირებით საგანგებო ეთერი არ ჰქონია და შესაბამისად, პირდაპირ ეთერში არ გადაუცია პეტრე ცაავას განცხადებები. მოგვიანებით კი ჟურნალისტმა, რომელმაც საპატრიარქოსთან განვითარებული ამბები პირდაპირ ეთერში უამბო მაყურებელს, უთხრა, რომ მეუფე პეტრემ “სკანდალური განცხადებები” გააკეთა.

რას ნიშნავს, როცა მედია, ჟურნალისტები ვერ ბედავენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მიმართ სხვის მიერ გაჟღერებული ბრალდების პერიფრაზსაც კი? მოიქცეოდნენ თუ არა ისინი ასე იმ შემთხვევაშიც, თუკი, მაგალითად, მძიმე ბრალდებას წაუყენებდა პრეზიდენტი პრემიერს? ვინმე ცნობილი მსახიობი ცნობილ კინორეჟისორს? კათოლიკე მღვდელი - კარდინალს და ა.შ. - ალბათ, არა, რადგან, ცხადია, ძნელია, ერთის მხრივ, “უწმინდესად და უნეტარესად” მოიხსენიებდე ადამიანს და მეორეს მხრივ, იმ ქმედებებში ბრალდებულად გამოაცხადო, რომლის გმობასაც ტაბურეტკებით და კომბლებით “შეიარაღებული” იცავს ის ეკლესია, რომლის მწყემსიცაა.

რა თქმა უნდა, ჟურნალისტური სტანდარტი გულისხმობს მაღალი პასუხისმგებლობის გამოვლენას და სიფრთხილეს ისეთი ფაქტების გასაჯაროების დროს, რომლებიც დადასტურებული არ არის. თუმცა, როდესაც ბრალდება ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა, მედია ვალდებულია ყველა ღონეს მიმართოს ამ ბრალდებაზე მეტი დეტალების მოსაძიებლად.

მეტ დეტალებს მაყურებელი დღის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებებში ელოდა, თუმცა ვნახოთ, რეალურად რა გავიგეთ:

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცხრასაათიან მოამბეში შემოგვთავაზეს დღის განმავლობაში სინოდის სხდომის გარშემო გაკეთებული კომენტარების კოლაჟი. არ იყო წარმოდგენილი სიღრმისეული ანალიზი, არ დასმულა დამატებითი შეკითხვები პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე და მთელი აქცენტი გადანატილი იყო იმის ჩვენებაზე, თუ როგორ შეურაცხყო მეუფე პეტრემ პატრიარქი. ჟურნალისტი გვთავაზობდა სინოდის წევრი მღვდელმთავრების პერიფრაზებს, რომ “ჭყონდიდის მიტროპოლიტი სინოდის სხდომაზე უხამსი სიტყვებით და შანტაჟის ენით საუბრობდა”;

  • პეტრე ცაავას ნეგატიური პორტრეტის შექმნაში კიდევ უფრო შორს წავიდა ტელეკომპანია “იმედი”. კერძოდ, სარედაქციო და ჟურნალისტურ ტექსტებში ვხვდებოდით ასეთ პასაჟებს: “მან [პეტრემ] სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უმძიმეს ცოდვაში დაადანაშაულა... მალევე გაირკვა, რომ [პეტრე] კი არ გამოვიდა [სინოდის სხდომიდან], არამედ ძალით გამოიყვანეს... [სინოდის წევრების მონათხრობით] პეტრე ცაავამ გაბედა და პატრიარქისკენ გაიწია… მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პატრიარქი სოდომ-გომორის ცოდვაში” და ა.შ. ასეთი კონტექსტის შექმნის შემდეგ “ქრონიკის” შემაჯამებელ გამოშვებაში ჟურნალისტებმა გვაუწყეს, რომ “პეტრე ცაავას მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში აქტიურობენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები”. ამის საილუსტრაციოდ აჩვენეს ფეისბუკპოსტების სქრინები, თუმცა აქვე საინტერესოა ის ფაქტი, რომ არ უჩევენებიათ თავად ენმ-ს ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პოსტი, რომელიც სწორედ რომ ილია მეორეს უჭერდა მხარს. ამას გარდა, იმედის ჟურნალისტი ცხარე ინტერესს ავლენდა პეტრე ცაავასგან იმის გამოსარკვევად, თუ აქამდე რატომ არ ასაჯაროებდა ამ ინფორმაციას და ახლა რატომ გადაწყვიტა მხილება;

  • ფაქტობრივად სინოდის სხდომის მშრალი ქრონოლოგია და კომენტარები შემოგვთავაზა “ფორმულამაც” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. ჟურნალისტი აქაც იყენებდა ტერმინს, რომ “სოდომურ ცოდვაში” ამხელდა პეტრე ცაავა პატრიარქს.

  • "მთავარი არხი" , "რუსთავი 2" და "ტვ პირველი" დღის განმავლობაში თითქმის უწყვეტ რეჟიმში ცდილობდნენ სხვადასხვა აქტორის პირდაპირ ეთერში ჩართვით და ინტერვიუებით თემის გაშლას, ეს უფრო მეტად სენსაციურობის წარმოჩენას ეძღვნებოდა, ვიდრე კონკრეტულ ბრალდებაზე მეტი დეტალების მოძიებას.

მედიის მიერ დამატებით დასმული შეკითხვებიდან გავიგეთ, თუ რას გულისხმობდა პეტრე ცაავა, როდესაც თქვა, რომ პატრიარქი “მამათმავლობითა” და “პიდარასტიითაა” შეპყრობილი.

პეტრე ცაავამ თქვა: “ეკლესიურად ამ ცოდვას ჰქვია პიდარასტია, შენდობას ვითხოვ, არ მინდა ვინმემ ცუდად გაიგოს, ახალგაზრდა ჭაბუკის გახრწნა არის ეს.”

შეიცავს თუ არა ეს ბრალდება - “ახალგაზრდა ჭაბუკის გახრწნა” - პედოფილიაზე მინიშნებას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, - ეს კითხვა ჟურნალისტებს პეტრე ცაავასთვის არ დაუსვამთ.

პეტრე ცაავამ თქვა, რომ შეუძლია წარადგინოს სინოდის წინაშე 2-3 მოწმე, მოგვიანებით განაცხადა, რომ “შეიძლება 30-იც”. მან თქვა, რომ მედიას ვერ გაუმხელს ამ მოწმეებს, თუმცა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ბრალის გამამყარებელი არგუმენტები შეუძლიათ ამოიკითხონ 1970-ანი წლებიდან დღემდე გასამართლებული სასულიერო პირების საქმეების შესწავლის შედეგად. მედიას ჯერ არც ამ მხრივ გამოუხატავს ამ თემის მიმართ ინტერესი.

საბოლოო ჯამში, ის, რასაც ამ ხნის განმავლობაში საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებები გვიჩვენებენ, არის პეტრე ცაავას ბრალდებები, რომლებიც რჩება ზეპირ განცხადებებად და არ ახლავს თან ფაქტები და მეორეს მხრივ, ვხედავთ პატრიარქის დამცველების ასევე ზეპირ, მხოლოდ რწმენაზე დაფუძნებულ განცხადებებს.

ჯერ მედიას ისიც ვერ გაურკვევია, რაში ადანაშაულებენ პატრიარქს - ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაული პედოფილია თუ ჰომოსექსუალური ურთიერთობები, რაც ადამიანის უფლებაა სეკულარულ სახელმწიფოში და არა “სოდომური ან უმძიმესი ცოდვა”, როგორც ამას ჟურნალისტები იმეორებენ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მედიასპექტრში შევხვდით ისეთ გაშუქებასაც, როდესაც პეტრე ცაავას განცხადებებს იმ ნაწილში, როცა ის საუბრობს “მამათმავლობასა და სოდომ-გომორის ცოდვაზე” - მედიამ (მაგალითად, ნეტგაზეთი, პუბლიკა) დაარქვა თავისი სახელი - “ჰომოფობიური” და “სიძულვილის ენა”.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ