ეპისკოპოსის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების მსხვერპლის იდენტიფიცირება მედიაში
06.11.2019
4 ნოემბერს, მღვდელმა გიორგი სხილაძემ მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი, სასულიერო სემინარიის სტუდენტის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ქარტიის გაიდლაინები პირდაპირ უთითებს, რომ მედიამ არ უნდა მოახდინოს სავარაუდო მსხვერპლის იდენტიფიცირება, თუმცა მედიის ნაწილმა ეს არ გაითვალისწინა და მასალებში მისი ვინაობა გაასაჯაროა.

მსხვერპლის ვინაობა ღიად თავდაპირველად, მღვდელმა გიორგი სხილაძემ გაამხილა. იგი ამბობდა, რომ 31 წლის წინ ეპისკოპოსი სასულიერო სემინარიის ერთ-ერთ სტუდენტს სექსუალურად ავიწროებდა, რის გამოც, სემინარიის სტუდენტებმა ამხილეს და თანამდებობიდან გადადგომის ხელწერილი დააწერინეს.

მისი განცხადების საფუძველზე, ამბის მომზადება ტელეკომპანია “მთავარმა” 5 ნოემბრის დღის გამოშვებებშივე დაიწყო. არხი საინფორმაციო გადაცემებს ეპისკოპოსის მხილებით იწყებდა და ყოველ მომდევნო გადაცემაში მაყურებელს განახლებულ ინფორმაციას აწვდიდა.

გარდა იმისა, რომ “მთავარი” მღვდლის განცხადების შინაარსს, სავარაუდო მსხვეპლის პირადი ინფორმაციის დაფარვის გარეშე აქვეყნებდა, წამყვანიც და ჟურნალისტიც, ამბის წარდგენისასაც და სიუჟეტშიც, არაერთხელ იმეორებდნენ სავარაუდო მსხვერპლის სახელსა და გვარს. ვინაობა აქცენტირებული იყო არხის სოციალურ პლატფორმაზე, ფეისბუკზე გამოქვეყნებული მასალების აღწერაშიც.

“მთავარის” გარდა, ვინაობა გასაჯაროვდა ონლაინ გამოცემების ნაწილის მასალებშიც, მათ შორის, ვინაობა დაწერეს ისეთმა მედიებმა, როგორიცაა: “ნეტგაზეთი”, “ტაბულა” და “პუბლიკა”.

5 ნოემბერს “ტაბულამ” ამბავს 5 მასალა მიუძღვნა, თუმცა, ვინაობა მხოლოდ ორ შემთხვევაში გაამხილა. 6 ნოემბერს სტუდენტის ვინაობა გაასაჯაროვა “ნეტგაზეთმაც”, მხოლოდ ერთ მასალაში, წინა დღეს მომზადებულ სტატიებში კი სტუდენტის ვინაობა არ დაუწერიათ.

სარედაქციო დასაბუთების მოსასმენად, რატომ გადაწყვიტეს მასალების ნაწილში მსხვერპლის ვინაობის გამხელა, “მედიაჩეკერი” სამივე გამოცემას დაუკავშირდა. “პუბლიკასა” და “ნეტგაზეთში” განაცხადეს, რომ სტუდენტის ვინაობა გაეპარათ და ამ ფაქტის აღმოჩენის შემდეგ ტექსტები შეასწორეს. რედაქციებში მიიჩნევენ, რომ მსგავს შემთხვევებში ვინაობა მხოლოდ მაშინ უნდა გასაჯაროვდეს, როცა მსხვერპლი ამაზე თავად ისაუბრებს.

“პუბლიკამ” მასალას ბოლოში მკითხველისთვის განარტებაც დაურთო, რომელშიც ნათქვამია, რომ ტექსტის თავდაპირველ ვერსიაში მსხვერპლის სახელი და გვარი იდენტიფიცირებული იყო.

მსგავსი შესწორება, რასაც დაშვებული შეცდომების შესწორების სტანდარტი ითვალისწინებს, არ იძებნება “ნეტგაზეთის” შესწორებულ მასალაში. “აუდიტორიამ უნდა იცოდეს რა გასწორდა, შესაბამისად ცხადად და მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული რა იყო არასწორი და რა არის სწორი”, - ვკითხულობთ შესწორების სახელმძღვანელო წესებში.

“ტაბულაში” მიიჩნევენ, რომ მსხვერპლის ვინაობა მათი სტატიის გამოქვეყნებამდე უკვე ცნობილი იყო და მღვდლის ციტატიდან მსხვერპლის ვინაობის ამოღება, მასალას სანდოობას მოაკლებდა:

“მსხვერპლის ვინაობა, რომელიც სრუწლოვანია, საჯარო გახადა და დაასახელა თავად მღვდელმა, ასევე ტაბულაზე გამოქვეყნებამდე სახელი და გვარი უკვე გასული იყო ნაციონალური მედიის ეთერით და facebook დისკუსიების ნაწილიც იყო.

ტაბულაზე გამოქვეყნებულ მთავარ მასალაში, სადაც მღვდელია ციტირებული, სახელი და გვარი სწორედ ციტატაშია მოყვანილი. ვინაიდან, ინფორმაცია ჩვენგან არ საჯაროვდებოდა, მისი იმგვარად რედაქტირება, რომ სახელი და გვარი ინიციალებით შეგვეცვალა ან ამოგვეღო, აზრს მოკლებული იყო. ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის ინფორმაცია ვინაობაზე მარტივად ხელმისაწვდომი იყო. მღვდლის ციტატის შეკვეცით კი, საკუთარ მასალას სანდოობას მოვაკლდებდით, რადგან ინფორმაცია უნდა ამოგვეღო” - ამბობს “ტაბულას” რედაქტორი სალომე უგულავა “მედიაჩეკერთან” საუბრისას და ამატებს, რომ სარედაქციო სტანდარტს რაც შეეხება, მსხვერპლის კონფიდენციალურობას ყოველთვის იცავენ, როცა ეს მას სურს და განსაკუთრებით, როცა თავად არიან ამბის პირველწყარო.

ზემოთ დასახელებული მედიების გარდა, სტუდენტის ვინაობა იძებნება ისეთ გამოცემებში, როგორიცაა: პრესა.ჯი, ექსპრესნიუსი, ნიუპოსტსი, ფაქტები.ჯი, ნიუსრეპორტ.ჯი, გურიის მოამბე, რეზონანსი, მეტრონომი, ფორ.ჯი, ესპერსონა, ალია.

სავარაუდო მსხვერპლის ვინაობა გაასაჯაროა რუსულენოვან აუდიტორიაზე მომუშავე გამოცემა სოვანიუსმაც, რომელსაც სავარაუდო მსხვერპლი საჯარო პირში აერია. გამოქვეყნებიდან მალევე გამოცემამ მასალა ჩაასწორა, თუმცა, შესწორების შესახებ აუდიტორიისთვის არ უცნობებია.

ვინაობა არ დაუსახელებიათ, მაგრამ სიუჟეტში აჩვენეს გიორგი სხილაძის ფეისბუკის პოსტი, რომელშიც სტუდენტის სახელი და გვარი გარკვევით იკითხებოდა, ტელეკომპანია “ფორმულას” სიუჟეტში.

უნდა გაესაჯაროებინა თუ არა მედიას მსხვერპლის ვინაობა
 
ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც საეკლესიო წრეებში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან, სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ ალაპარაკდნენ, ეს თემა მაღალ საჯარო ინტერესს ატარებს. შესაბამისად, ეს ამბავიც, ცხადია, მედიის ფოკუსში უნდა მომხვდარიყო. თუმცა, მედიასფეროში, ეთიკის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მაღალი საჯარო ინტერესი არსებობდა ფაქტისა და სასულიერო პირის, და არა მსხვერპლის მიმართ და ამიტომ, მისი ვინაობა არ უნდა გასაჯაროებულიყო.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ნანა ბიგანიშვილი “მედიაჩეკერთან” საუბრისას ამბობს, რომ მსხვერპლის ვინაობის გამხელა, მისი თანხმობის გარეშე, დაუშვებელი იყო. იგი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები მსგავსი საკითხების გაშუქებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ: “მსხვერპლის სახელი და გვარის გასაჯაროება ამბავს არაფერს სძენდა, გარდა მეტი სკანდალურობისა. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არ იყო მისი ვინაობის ცოდნა. წარმოიდგინეთ, რამხელა ზიანი შეიძლება მიადგეს მას. სამწუხაროდ, ვთვლი, რომ მედიებმა პატივი არ სცეს მის პირად ცხოვრებას და არაპასუხისმგებლიანად მიუდგნენ ამ შემთხვევის გაშუქებას “.

მისივე თქმით, ამბავი უდავოდ მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ჟურნალისტებს პირველ რიგში მსხვერპლის ინტერესების დაცვაზე უნდა ეზრუნათ: “თუ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გავითვალისწინებთ, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო და საზოგადოებას აინტერესებდა. თუმცა, ჩემთვის გაუგებარია, რა საჭირო იყო მსხვერპლის ვინაობის გამჟღავნება. ვფიქრობ, არ არსებობდა ამის დასაბუთებული მიზეზი”.

პირადი ცხოვრების გაშუქების სახელმძღვანელო გვეუბნება, რომ ჟურნალისტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა, “როდესაც გამჟღავნებულ ფაქტებს საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთი კონრეტული პირისთვის ზიანის მიყენება”.

ცხადია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაღალი ინტერესი არა მსხვერპლის, არამედ პრობლემის მიმართ არსებობს. მსხვერპლის იდენტიფიცირებით კი მედიამ არა საზოგადოების ინტერესი, არამედ ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა.

ამბავს ამძიმებს ისიც, რომ გავრცელდა სტუდენტის წერილიც და საზოგადოებისთვის ცნობილია პირის პირადი ცხოვრებისა და სავარაუდო შევიწროების შემთხვევების მძიმე დეტალები.

“მედია უნდა შეეცადოს, არ მოახდინოს მსხვერპლის რეტრავმირება. ადამიანს აქვს "დავიწყების უფლება", რაც ნიშნავს იმას, რომ მედიამ არ უნდა შეუწყოს ხელი პირისთვის მძიმე ისტორიის გახსენებას და ხელახლა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩაყენებას”, - ვკითხულობთ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერაა მომზადებული.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ