რადიკალური ჯგუფების გაშუქების ეთიკური დილემები
12.11.2019
ახალისებს თუ არა მედია ლგბტქ თემის დისკრიმინაციას, როცა შეუზღუდავად უთმობს ეთერს ჰომოფობიური ჯგუფების განცხადებებს? უწევს თუ არა მედია ფაშისტურ იდეოლოგიას პოპულარიზაციას, როცა ულტრანაციონალისტური ჯგუფების საჯარო აქტივობებს აშუქებს? - ეს იმ შეკითხვების არასრული ჩამონათვალია, რაც კიდევ ერთხელ წამოსწია გასულ კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც რადიკალური ჯგუფები ქვიარ თემატიკაზე შექმნილი მხატვრული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლას შეეცადნენ.

2019 წლის მარტში ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში მეჩეთსა და ისლამურ ცენტრზე ტერორისტული თავდახმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთმა ულტრამემარჯვენე ტერორისტმა თავდასხმა სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადასცა. მანამდე კი მიგრანტების წინააღმდეგ მანიფესტი გამოაქვეყნა.

ამ ლაივიდან ფრაგმენტებს შეიცავდა ვიდეო, რომელიც ივნისში გერმანიაში ერთ-ერთმა ტაბლოიდმა ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. დამონტაჟებულ ვიდეოში ნაჩვენები იყო, თუ როგორ იღებდა მანქანიდან იარაღს ტერორისტი, უახლოვდებოდა მეჩეთს, უმიზნებდა კარს იარაღს. ჩანდა სროლის პროცესი, მისი დაპატიმრება. სტატიაში, რომელიც თან ახლდა ვიდეოს, დეტალურად იყო აღწერილი კრიმინალური ამბავი, ნაჩვენები იყო სცენები, რაც ხდებოდა მეჩეთში თავდასხმის დროს. ასეთი გაშუქების გამო ამ გაზეთის 122-მა მკითხველმა საჩივრით მიმართა გერმანიის პრესის საჩივრების კომისიას. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ გაზეთმა პრესის კოდექსის მე-11 მუხლი დაარღვია, რომელიც ამბის სენსაციურ გაშუქებას ეხება. მათი აზრით, მკვლელი თავისი ტერორისტული მიზნების განხორციელებას არა მხოლოდ იარაღით, არამედ მისი დანაშაულის მედიაში ტირაჟირებითა და პროპაგანდით ცდილობდა.

გაზეთის მთავარი რედაქტორი და სარედაქციო საბჭო არ დაეთანხმა საჩივარს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ გააშუქეს ის, რაც მოხდა რეალურად. მათი აზრით, როდესაც კონკრეტული ქმედება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ხდება, საზოგადოების უფლებაა, მიიღოს ყოველმხრივი ინფორმაცია მედიისგან. მთავარი რედაქტორის თქმით, ჟურნალისტური თვალსაზრისით გაუმართლებელი იქნებოდა ამ ამბის ისე აღწერა, რომ ეს ვიდეო არ ეჩვენებინათ. მისი თქმით, სწორედ ის იქნებოდა პროპაგანდა, თუკი ჟურნალისტები დაიწყებდნენ ფაქტების შერჩევას და იმ დოკუმენტური მასალის სარედაქციო ჩარჩოში მოქცევას, რომელსაც ამხელა მსხვერპლი მოჰყვა.

გერმანიის პრესის საბჭომ მე-11 პრინციპის დარღვევად მიიჩნია გამოცემის მიერ ტერორისტის ვიდეოდან ამონარიდების ჩვენება. იქაური პრესის კოდექსის მიხედვით, მედია არ უნდა იქცეს დამნაშავეების ხელში იარაღად. მოცემულ შემთხვევაში, პრესის საბჭომ მიიჩნია, რომ რედაქციამ ტერორისტს ის საჯარო ტრიბუნა დაუთმო, რომელსაც ეძებდა.

“შინაური ტერორისტები” (Domestic Terrorists) - ასე მოიხსენია FBI-ის მაღალჩინოსანმა რამდენიმე თვის წინ რასისტულად განწყობილი ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფები. მისი თქმით, სწორედ ამ “შინაური ტერორისტების” ანგარიშზეა ბოლო წლებში არაერთი მასობრივი მკვლელობის და ძალადობის ფაქტი.

მოქალაქეების ცემა, ტაბურეტკებით და კომბლებით დევნა მათი გენდერული იდენტობის გამო, ეს საქართველოში კარგად ნაცნობი ბოლო დროის ამბებია. არის იგივე მოტივით მკვლელობის შემთხვევებიც.

ამ ფონზე მედიის მხრიდან შეუზღუდავი ტრიბუნის დათმობა იმ რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით გამოირჩევიან, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

გასული კვირის ბოლოს თბილისსა და ბათუმში ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ჩაშლას რადიკალური ჯგუფები შეეცადნენ, მათ შორის, იყვნენ ულტრანაციონალისტური ჯგუფის - “ქართული მარშის” წარმომადგენლები, ამავე იდეოლოგიის მატარებელი ბიზნესმენის - ლევან ვასაძის მხარდამჭერები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რადიკალური ნაწილი და ა.შ. ისინი ეწინააღმდეგებიან ლგბტქ ადამიანების უფლებების დაცვას; მოიხსენიებენ მათ ავადმყოფებად მაშინ, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობა უკვე თითქმის 30 წელია ამოღებულია დაავადებათა ნუსხიდან; მანიპულირებენ რელიგიური მოტივებით და სეკულარულ სახელმწიფოში ითხოვენ “სოდომ-გომორის ცოდვასთან” ბრძოლას, მაშინ როცა დაუშვებელია ნებისმიერი ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია და ა.შ. მათი განცხადებები და პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებაში კარგადაა ცნობილი მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოში, შესაბამისად, ჩნდება კითხვა - როგორ უნდა აშუქებდეს პასუხისმგებლიანი მედია ამ ჯგუფების საჯარო აქტივობებს ისე, რომ ამ აბსურდული და თან საზოგადოების უსაფრთხოებისთვის საშიში მესიჯების ტირაჟირებისა და პოპულარიზაციის საშუალებად არ იქცეს?

BBC-ის ჟურნალისტი რეიჰან დემიტრი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ამბებს აშუქებს, ამბობს, რომ ყოველთვის ერთსა და იმავე კითხვებს უტრიალებს, როდესაც ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების აქტივობების გაშუქება უხდება.

“პარასკევს კინოთეატრ ამირანთან და საქართველოს სხვა კინოეთეატრებთან საპროტესტო აქცია ნიუსის სახით გავაშუქე BBC-ის რადიოს მსოფლიო ამბების სამსახურისთვის. ნიუსში აღწერილი იყო ის, რაც ხდებოდა ყოველგვარი პირდაპირი ციტატების გარეშე, რასაც რადიკალები ამბობდნენ, თუმცა გადმოცემული იყო ის, თუ რატომ იყო ფილმი მათთვის მიუღებელი, მაგალითად, ასე: “პროტესტის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ფილმი ერის შეურაცხყოფა იყო”, - გვითხრა რეიჰან დემიტრიმ.

მისი თქმით, როდესაც ულტრამემარჯვენე საკითხებთან დაკავშირებული ამბის გაშუქება უწევს, ცდილობს დაიცვას ბალანსი ისე, რომ თან აღწეროს მოვლენა და თან “საჯაროობის ჟანგბადად” არ იქცეს რადიკალური ჯგუფებისთვის:

“როდესაც ამ საპროტესტო აქციის გაშუქების გადაწყვეტილება მივიღე, ჩემთვის არგუმენტი იყო ის ფაქტი, რომ ეს ჯგუფები შეიძლება პოლიტიკაში ძლიერად არ იყვნენ წარმოდგენილნი, მაგრამ აქვთ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის მხარდაჭერა”.

ასეთი სენსიტიური საკითხები გაშუქების დროს BBC-ის ჟურნალისტები ხელმძღვანელობენ გზამკვლევით, რომლის მიხედვით, მიუკერძოებელი გაშუქება მოიცავს იმაზე მეტს, ვიდრე ეს მოიაზრება განსხვავებული მოსაზრებების “ბალანსში”. გზამკვლევის მიხედვით, მრავალმხრივი გაშუქება არ მოითხოვს აბსოლუტურ ნეიტრალიტეტს ყველა საკითხთან მიმართებაში ან დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპებისგან დაშორებას, როგორიცაა არჩევნების უფლება, გამოხატვის თავისუფლება და კანონის უზენაესობა.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლის დეკანი ნინო ივანიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა “როიტერის” ტელევიზიის უფროსი პროდიუსერის თანამდებობაზე. მისი თქმით, რადიკალური ჯგუფები საკმაოდ საშიშია საზოგადოებისთვის. ამიტომაც თუკი ამ ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქტივობის გაშუქების გადაწყვეტილებას მიიღებს მედია, აუცილებელია არ მოხდეს ისეთი მესიჯების ციტირება, რომელიც შეიცავს ძალადობისკენ მოწოდებებს:

“არ უნდა იყოს პირდაპირი ციტირება ძალადობისკენ მოწოდების, არ უნდა დაუთმო მას ეთერი იმისთვის, რომ ათქმევინო, რომ გამოდით ახლა, ხალხო, და გადავუაროთ, დავხოცოთ, ჩავქოლოთ და ა.შ. მოწოდება არ უნდა იყოს ფიზიკური განადგურებისკენ. ცხადია, უნდა ვთქვათ, რა იყო პროტესტის მიზანი, მაგალითად, ის, რომ მათი აზრია, რომ დასავლეთიდან მოდის ყოველგვარი გარყვნილება და ა.შ.”

ნინა ივანიშვილის თქმით, თუკი პირდაპირ ეთერში გადაიცემა რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული აქცია, სადაც მედიისთვის წინასწარ არის ცნობილი, რომ მოსალოდნელია ჰომოფობიური განცხადებების გაკეთება, აუცილებელია, რომ ჟურნალისტები იყვნენ სათანადოდ მომზადებულები:

“ჩვენ ხომ ზუსტად ვიცოდით, გასული კვირის აქციებზე რას იტყოდნენ ამ აგრესიულად განწყობილი ჯგუფის წარმომადგენლები, ამიტომაც პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ჟურნალისტს ხელში უნდა ეჭიროს შესაბამისი კონტრარგუმენტები, დოკუმენტები, ხოლო სტუდიაში მყოფი წამყვანი უნდა ხსნიდეს, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ, მაგალითად, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა, მაგრამ რეალურად ამა და ამ დოკუმენტის მიხედვით, ეს არ არის ავადმყოფობა და ა.შ.”

გააშუქებდა თუ არა თავად, როგორც პროდიუსერი პირდაპირ ეთერში, მაგალითად, ლევან ვასაძის გამოსვლას აქციაზე? - ამ კითხვაზე ნინა ივანიშვილი გვპასუხობს, რომ არა, თუმცა არ არის დარწმუნებული, მიიღებდა თუ არა ასე სწორ გადაწყვეტილებას:

“თუნდაც იმიტომ არ დავუთმობდი ლევან ვასაძეს პირდაპირ ეთერს, რომ არ ეთქვა, აბა, ახლა კომბლები მოიმარჯვეთ ხელში და წამოდით, გავანადგუროთ და დავარბიოთ ეს კინოთეატრი და იქ მყოფი ხალხი”.

მისი თქმით, როდესაც მსგავსი სირთულის წინაშე აღმოჩნდებოდა ხოლმე, როდესაც როიტერში მუშაობდა პროდიუსერად, საპროტესტო აქციას პირდაპირ ეთერში 2-3 წუთის დაგვიანებით გადასცემდა:

“2 წუთს ვწერდი და თუ რაღაცა კატეგორიულად მიუღებელი და საზოგადოებისთვის საფრთხის შემადგენელ მოწოდებას გავიგონებდი, იქ ვწყვეტდი და ვაკეთებდი ჩართვას. ეს გამიკეთებია არაერთხელ იმიტომ, რომ მთავარია ჩვენთვის, რომ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ტიპის პოლიტიკური ჯგუფები არსებობს ქვეყანაში, რამდენად საშიშია თუ არაა საშიში, ან მისაღებია თუ არაა მისაღები მათთვის, ეს უფლება აქვს საზოგადოებას, იცოდეს რა ხდება მის ქვეყანაში, მაგრამ ამავდროულად უნდა დავიცვათ ის სტანდარტი, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს ფიზიკური ძალადობა პირდაპირ ეთერში და ამან არ გაამწვავოს სიტუაცია”.

ზოგადად, როდესაც მედია რადიკალური ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქტივობების პირდაპირ ეთერში გაშუქების გადაწყვეტილებას იღებს, მას გააზრებული უნდა ჰქონდეს ის ეთიკური დილემები, რაც ასეთ დროს წარმოიშობა, ესენია: ჰომოფობიის, ქსენოფობიის ან სხვა სახის დისკრიმინაციის წამახალისებელი კონტენტის ტირაჟირება, ძალადობისკენ მოწოდებები და ყალბი ინფორმაცია.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ