"არენა" არასამთავრობოების დისკრედიტაციისთვის
27.11.2019
როგორ მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში - დადებითად თუ უარყოფითად? - ამ თემის გამოკვლევას მიუძღვნა ტელეკომპანია “იმედმა” 26 ნოემბერს გადაცემა “არენაში” ინტერაქტივიც და გადაცემის მეორე ბლოკიც.

გადაცემის წამყვანებმა და შერჩეულმა სტუმრებმა, რომელთა შორის არავინ იყო განსხვავებული მოსაზრების, მაყურებელს ასეთი სქემა დაუხატეს: ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რეალურად კი ე.წ. მოდარაჯე ნაგაზის ფუნქციას ასრულებენ, არიან პოლიტიკური აქტორები და ყოფილი სახელისუფლებო, ამჟამად კი ოპოზიციური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები; საქართველოში მომუშავე გავლენიან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს კი სათავეში უდგანან იგივე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და ლობისტები.

ამ კონსპირაციული თეზისის უკეთ წარმოსაჩენად “არენაში” შემოგვთავაზეს სიუჟეტი, რომლის მიხედვით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოში ემსახურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს. კერძოდ, სიუჟეტის მიხედვით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოქტომბერში ლობისტური მომსახურება შეისყიდა კომპანია “ორიონ სტრატეჯისგან”, რომლის სახელით ხელშეკრულებას ხელს აწერს რენდი შუნემანი, რომელიც იმავდროულად არის IRI-ის თავმჯდომარის მოადგილე.

“გამოდის, რომ შუნემანი, ერთის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” პიარით არის დაკავებული, მეორე მხრივ, IRI-ში მუშაობს, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივ აზრს იკვლევს და ამ რეიტინგების გამოქვეყნებას ხშირად ახლავს კითხვები”, - ნათქვამია სიუჟეტში.

“არენას” წამყვანის თქმით, უცნაურად დაემთხვა თბილისში პროპორციული არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე აქციებს IRI-ის კვლევის გამოქვეყნება, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა პროპორციული არჩევნების მომხრეა. რეალურად, ეს ორგანიზაცია საქართველოში რეგულარულად ატარებს კვლევებს, თუმცა რაიმე კონკრეტული დადგენილი თარიღი ამ კვლევების ჩატარება-გამოქვეყნებისთვის არ აქვს.

რენდი შუნემანის ნეგატიური პორტრეტის შესაქმნელად სიუჟეტში გამოყენებულია, მაგალითად, გაეროს განიარაღების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის, სკოტ რიტერის შეფასებები მაშინ, როცა თავად რიტერი არაერთ საერთაშორისო სკანდალშია გახვეული თავისი განცხადებებისა და ქმედებების გამო.

ამასთან, სიუჟეტში ნეგატიური კონტექსტის გასაღრმავებლად გამოყენებულია ის ფაქტი, რომ შუნემანი მუშაობდა სენატორ ჯონ მაკკეინთან, რომელიც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე იყო.

“იმედის” სიუჟეტის მიხედვით, შუნემანის მსგავსად, ღიად ანტიტრამპისტია IRI-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი დევიდ კრემერი, რომელიც გასულ წლებში Freedom House-ში მუშაობდა. იმის მიუხედავად, რომ კრამერის მუშაობის პერიოდს არ უკავშირდება, სიუჟეტის ავტორი გვიამბობს Freedom House-ის მიერ დაშვებულ შეცდომაზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში და ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ეს შეცდომა საქართველოში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაციის გამო მოხდა.

IRI-ის მსგავსად სიუჟეტში მიკერძოებულობაშია დადანაშაულებული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიც (NDI), რომელიც, ასევე, პერიოდულად აქვეყნებს კვლევებს საქართველოში და რომლებსაც მოქმედი ხელისუფლება უნდობლობას უცხადებს. სიუჟეტის მიხედვით, ამ უნდობლობას იწვევს ის, რომ NDI-ისთვის საველე სამუშაოებს ატარებს “კომპანია, რომელიც ლევან თარხნიშვილის მიერაა დაფუძნებული”.

რეალურად, NDI-ის კონტრაქტორი 2008 წლიდან არის CRRC-საქართველო, რომელსაც ჯერ კიდევ 2014 წელს აქვს გაცემული “ოცნების” ბრალდებებზე პასუხი, რომ ლევან თარხნიშვილი 2007 წლამდე იყო ამ ორგანიზაციის დირექტორი.  ქარტიის საბჭოს 2015 წლის გადაწყვეტილებაშიც, საქმეზე CRRC-საქართველო ჯაბა ხუბუას წინააღმდეგ, აღწერილია, რომ  "CRRC-საქართველოს" "ნაციონალური მოძრაობის" წევრების: ლევან თარხნიშვილის და თინათინ ბოკუჩავას მიერ დაფუძნების შესახებ ინფორმაცია არაზუსტია”.

სიუჟეტში არ იყო წარმოჩენილი ენმ-სთან გარიგებაში ბრალდებული არც ერთი ადამიანის კომენტარი, რომელიც დააბალსანსებდა “არენას” ჯგუფის მიერ შეთხზულ კონსპირაციას, რაც მანამდე არაერთგზის მოგვისმენია ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან, როდესაც მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაესხა თავს არასამთავრობო ორგანიზაციების ცალკეულ ლიდერებს, ყოფილი პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე ფაშისტებად და გონგოებად მოიხსენიებდა მათ, როცა “ოცნების” წევრები ერთმანეთის მიყოლებით გმობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს და ა.შ.

იგივე პათოსით გაგრძელდა გადაცემის სტუმრებთან საუბარი, რომელთა შორის იყვნენ მოქმედი ხელისუფლებისადმი ღიად გამოხატული სიმპათიების მქონე ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი, ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი, ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე და ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე.

სტუმრების მთავარი ამოცანა იყო, რაც შეიძლება მკაცრად გაეკრიტიკებინათ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები და “გაეპრავებინათ” მათზე ხელისუფლების მიერ მიწებებული ე.წ. “მიშისტების”, მარგინალიზებული ჯგუფის იარლიყი.

  • გური სულთანიშვილის შეფასებები არასამთავრობო ორგანიზაციებზე: “ეს არის ძალიან მყარად გადაჯაჭვული მიშიზმთან”; “ჩვენი არასამთავრობოები არ არიან ხალხის რეპრეზენტატორები”. “მათი დღის წესრიგი და რეალური დღის წესრიგი განსხვავდება”.
  • გია აბაშიძის თქმით, ეკა გიგაური (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი) პოლიტიკური ფიგურაა და შესაბამისად, მის ორგანიზაციაზე პარტიების დაფინანსების კუთხით არსებული კანონი უნდა ვრცელდებოდეს. მანვე ურჩია ხელისუფლებას, იმუშაონ IRI-ისა და NDI-ის დონორებთან, რომ შეუწყვიტონ მათ დაფინანსება;
  • ნუკრი შოშიაშვილმა ახალი ზედსართავი სახელი მოიფიქრა ამ ორგანიზაციებთან მიმართებაში - “NGO-ლიბერალური კლასი”, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ ლიბერალები არიან პოლიტური სუბიექტები;
  • “ეს არის ლიბერალების ხელწერა” - მიიჩნევს ნუგზარ რუხაძე, რომლის თქმით, IRI, NDI და სხვა შერისხული ორგანიზაციები არიან აშშ-ში დემოკრატიული პარტიის მიმდევრები არიან, ამიტომ უპირისპირდებიან ტრამპს, “რომელსაც სურს ამერიკა დაამსგავსოს ამერიკას”;
  • მანჯავიძის თქმით, არასამთავრობოები არიან დესტაბილიზაციის წყარო საქართველოში, რომელთა იდეოლოგი და დონორია სოროსის ფონდი და ა.შ.
არასამთავრობოების დისკრედიტაციისკენ მიმართული გადაცემა დასრულდა ინტერაქტივის შედეგების გამოცხადებით, რომელშიც 7541 ზარი დაფიქსირდა და აქედან 93.7%-მა არასამთავრობოების მუშაობა საქართველოში უარყოფითად შეაფასა.

გადაცემის წამყვანმა გვითხრა, რომ მათ შეთავაზეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მიხეილ ბენიძეს გადაცემაში მონაწილეობა, თუმცა მან ეს არ ისურვა. გადაცემაში არაფერი უთქვამთ, თუ რატომ არ მონაწილეობდა მასში არც ერთი სხვა წარმომადგენელი მესამე სექტორის, რომლებიც დადანაშაულებულნი იყვნენ დესტრუქციულ ქმედებებში და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან გარიგებაში. არ ყოფილა წარმოჩენილი ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები, უფრო მეტიც მანიპულაციურად იყო შერჩეული ცალკეული ფაქტები.

იგივე პრობლემები ჰქონდა გადაცემის პირველ ბლოკსაც, რომელიც ე.წ. გერმანული მოდელის განხილვას მიეძღვნა. დებატები “გერმანული მოდელის” მომხრე დავით უსუფაშვილსა და მოწინააღმდეგე ირაკლი კობახიძეს შორის გაგრძელდა აუდიტორიაში, რომელშიც მხოლოდ კობახიძის პოზიციის მომხრეები იყვნენ შერჩეული.

“შესაძლოა ამ სკამზე მჯდარიყო ბატონი ჯონის [ხეცურიანის] კოლეგა, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელსაც სხვა პოზიცია ექნებოდა, ასევე მჯდარიყო ბატონი ვახუშტი მენაბდე, რომელიც არა მგონია ბატონ ლადოზე [ბოჟაძე] ნაკლები სპეციალისტია ამ საქმეში და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ალბათ ორივე მხრიდან მოსაზრებებს მოვისმენდით, მაგრამ მე ეს არ მიკვირს”, - დავით უსუფაშვილის ამ შენიშვნას დუმილით უპასუხეს გადაცემის წამყვანებმა.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ