'ნებისმიერი ემოციური შეფერილობა არის სახიფათო' - მაია ცირამუა სუიციდის გაშუქებაზე
18.12.2019
“იმ მოზარდების უმრავლესობის შემთხვევაში, ვინც სუიციდი სცადა, საბოლოო მიზანი არ იყო თვითმკვლელობა, არამედ იყო პერფორმანსი, ჩვენება ვიღაცისთვის, რომ ის არის ცუდად. აქედან გამომდინარე, ძალიან საფრთხილოა მსგავსი რამ, თუკი ბავშვები ამ ფორმით დაიწყებენ საუბარს იმაზე, რომ არიან ცუდად, ეს იქნება კატასტროფა. ამიტომ უნდა ვეცადოთ ყველამ, რომ ეს კარგად გავიაზროთ”, - რას უნდა მიაქციოს მედიამ ყურადღება როდესაც სუიციდის შემთხვევებს აშუქებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე არასრულწლოვნებს ეხება, მედიაჩეკერი“ ფსიქოლოგ მაია ცირამუას ესაუბრა.

- ჩვენ არაერთხელ გამოგვიყენებია ჩვენს მასალებში თქვენი მოსაზრება იმ რისკებზე, რასაც შეიცავს სუიციდის შემთხვევების პრობლემური გაშუქება. მოდით, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ამ საფრთხეებზე..

სუიციდის შემთხვევების არაკვალიფიციური გაშუქების დროს, იზრდება რისკი, განსაკუთრებით, მოზარდების შემთხვევაში, რომ შეიძლება ეს იყო განმეორებული და ამას მოჰყვეს შემთხვევების ციკლი. ეს ნაკვლევია კიდეც მეცნიერულად, ამას უწდებენ copy-paste პრინციპს, ან, ე.წ. ვერტერის სინდრომს, როდესაც ის მოვლენა, რაც ერთხელ მოხდა, იქიდან გამომდინარე, როგორ მიაწოდეს საზოგადოებას, შეიძლება განმეორდეს, შეიძლება გამოიწვიოს დაინტერესება.

ძალიან სარისკოა უშუალოდ თვითმკვლელობის იარაღზე თუ შესაძლებლობებზე ლაპარაკი, იმ ადგილის ჩვენება, სადაც შემთხვევა მოხდა.

ასევე, ძალიან სახიფათოა (და ამას უნდა აარიდოს მედიამ თავი), რომ არ მოხდეს გაიდეალიზება, ან ზედმეტი ვიქტიმიზირება იმ ადამიანისა, რომელმაც სუიციდი ჩაიდინა. არ არის სასურველი და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ის გამოვიყვანოთ გმირად და გავხადოთ ე.წ. “კუმირი”. ასეთი გაშუქება სარისკოა უშუალოდ მისი ახლობელი მოზარდებისთვის, მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის.

მედია უნდა იყოს ფაქტებზე ორიენტირებული და ამ ფაქტებსაც სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. არის ფაქტი, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად არის სარისკო. მაგალითად, სუიციდის დროს ძალიან სარისკოა ვაჩვენოთ, როგორ განიცდის ახლობელი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ვაჩვენებთ ამას. ეს შეიძლება იყოს დამაინტერესებელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გულში ატარებენ წყენას, რომელთაც აქვთ გარკვეული ბრაზი, ამიტომ, ძალიან საფრთხილოა ამის ჩვენება.

- ხშირად, როდესაც ამგვარი შემთხვევა ხდება, მედიის ნაწილის ფოკუსი ინაცვლებს იმაზე, როგორი ლამაზი, კეთილი, წარმატებული იყო ეს ადამიანი, რას წერდა ბოლოს და ა.შ.

ძალიან სარისკოა იმის ჩვენება, რომ ის ადამიანი, ვინც თვითმკვლელობა ჩაიდინა, იყო ლამაზი, მოღიმარი, წარმატებული... ალბათ, ჯობია, რომ ძალიან ნეიტრალური მასალა იყოს.

ნებისმიერი პირი, იქნება ეს სოციალური ქსელის მომხმარებელი თუ მედიის წარმომადგენელი, პირველ რიგში, უნდა გადიოდეს გონების ფილტრს, რამდენად შეიძლება ამ თუნდაც ძალიან სენსიტიურმა, თუნდაც კეთილი სურვილებით გაკეთებულმა ემპათიურმა ფოტომ, მონათხრობმა, ზიანი მოუტანოს სხვა ადამიანს.

- ალბათ, არასრუწლოვნები არიან კიდევ უფრო მეტად მოწყვლადები მსგავსი ამბების დროს. ამ შემთხვევაში რა დამატებითი საფრთხეები ჩნდება?

არასრულწლოვნებისთვის ეს რისკები უკავშირდება იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, როგორ აღიქვამენ თანატოლები, რამ შეიძლება ის გადააქციოს პოპულარულად, გმირად. განსაკუთრებით სახიფათოა ეს იმ მოზარდებისთვის, რომელთაც შეიძლება ამ კუთხით გარკვეული გამოწვევები ჰქონდეთ, მარტოობის განცდა აწუხებდეთ, ან ურთიერთობის დეფიციტს განიცდიდნენ. ამიტომ არის ეს საფრთხილო.

და მეორეც, ზოგადად, ახასიათებთ ეს მოზარდებს, რომ ისინი ძალიან შთაგონებადები არიან და ადვილად შეიძლება გახდნენ შეპყრობილი რაღაც იდეით, რომელიც არის მოდური, შეიძლება ითქვას, და პოპულარული მათ თანატოლებში. ესეც ზუსტად, ისევ და ისევ, ამ საჭიროებას უკავშირდება, რომ თუ შენ აიტაცებ იმ იდეას, რომელიც არის პოპულარული თანატოლთა წრეში, თუ შენ დაემსგავსები “კუმირს”, შენ გაღიარებენ და მიგიღებენ.

ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ხშირად ისინი არიან იმპულსურები, არ ფიქრობენ შედეგებზე. როგორც კვლევები აჩვენებს, იმ მოზარდების უმრავლესობის შემთხვევაში, ვინც სუიციდი სცადა, საბოლოო მიზანი არ იყო თვითმკვლელობა, არამედ იყო პერფორმანსი, ჩვენება ვიღაცისთვის, რომ ის არის ცუდად. აქედან გამომდინარე, ძალიან საფრთხილოა მსგავსი რამ, თუკი ბავშვები ამ ფორმით დაიწყებენ საუბარს იმაზე, რომ არიან ცუდად, ეს იქნება კატასტროფა. ამიტომ უნდა ვეცადოთ ყველამ, რომ ეს კარგად გავიაზროთ.

- არის შემთხვევები, რომელთა გაშუქებას, გარკვეული დეტალების ჩვენებას, ვხსნით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით...

ჟურნალისტმა ამას უნდა შეხედოს როგორც ადამიანმა, არის ხოლმე ზოგჯერ ასაწონ-დასაწონი, რა დევს სასწორზე, საზოგადოების მაღალი ინტერესი, პოპულარობა, მაღალი რეიტინგი თუ ადამიანი? როდესაც ერთ მხარეს არის მინიმალური რისკი მაინც, რომ შეიძლება ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში ჩავარდეს, ეს უნდა იყოს ის, რაც გადაწონის ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს. ამაზე წასვლა, მე მგონია, რომ არამხოლოდ ეთიკის საკითხია, ადამიანობის საკითხიც არის.

თუ შენ იცი, რომ შენმა ქმედებამ შეიძლება ვიღაცას ზიანი მოუტანოს და არღვევ მთავარ პრინციპს სამყაროში - „არ ავნო“, მაშინ ეს უკვე არასწორია. შეიძლება პოპულარული გადაცემა გააკეთო, რომელსაც ექნება ძალიან ბევრი ნახვა, ასე ვითვლით ხოლმე, მარამ ეს შეიძლება გახდეს სარისკო. ერთი ადამიანიც კი, ვინც შეიძლება თუნდაც ემოციურად დაზიანდეს, არის საფიქრალი ჟურნალისტის მიერ.

- ბევრს ვსაუბრობთ რისკებზე, შეცდომებზე. ასეთ ამბებს მედია რომ უნდა აშუქებდეს, ამაზეც არ ვდაობთ, მაგრამ ახლა ვისაუბროთ, როგორ უნდა აშუქებდეს, რას უნდა სთავაზობდეს აუდიტორიას?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიამ ისაუბროს პრევენციის გზებზე, პრობლემებზე, რომლებიც მიდის ასეთი ფატალური შემთხვევებისკენ, რისკ ფაქტორებზე, იმაზე, რომ არ არის სერვისები და, გარკვეულწილად, “ფუშინგი” გააკეთოს, გამოვიყენებ ამ სიტყვას.

მედიას ძალიან დიდი ძალა აქვს იმის, რომ აჩვენოს ის დეფიციტი, რაც არსებობს ამ საკითხთან მიმართებაში. ჰქონდეს, ასე ვთქვათ, სპეციალისტების მოსაზრებები, ინფორმაცია, როგორ დავეხმაროთ ბავშვს, თუ მას უდგინდება დეპრესია, ვის მივმართოთ, ამაზე სუბარია ძალიან მნიშვნელოვანი.

თუ ხდება ფაქტი, გარკვეული სტანდარტები, რაც დადგენილია კვლევით, უნდა დაიცვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

- რა ხდება ტერმინების გამოყენების ნაწილში?

ძალიან სახიფათოა, როცა სათაურში არის გამოტანილი სიტყვები - თვითმკვლელობა, სუიციდი. არ არის სწორი - “წარმატებული სუიციდი”, არ შეიძლება ამ სიტყვათშეთანხმების გამოყენება, სუიციდი არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩათვალოს ვინმემ წარმატებულად, ამ შემთხვევაში იყენებენ ტერმინს “დასრულებული სუიციდი”.

ტერმინები არ უნდა იყოს მყვირალა, სიუჟეტის დროს, როდესაც კი არ ვკითხულობთ, ხმა გვესმის, ეს სიტყვები ხშირად არ უნდა მეორდებოდეს და მათი გამოყენება უნდა იყოს ნეიტრალური. ნებისმიერი ემოციური შეფერილობა არის სახიფათო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს მთავარი თემა, თვითონ ეს მოვლენა, თვითმკვლელობა არ უნდა გადაიქცეს მთავარ მოვლენად. არ უნდა გადაიქცეს ამბავი სკანდალად, ყვითელ, გაყიდვად თემად, რისი ძალიან ბევრი მაგალითიც გვაქვს ჩვენ, არ უნდა მოხდეს რომანტიზება და ნებისმიერ სიტყვას, ფრაზას, რომელიც ამას ხელს შეუწყობს, თავი უნდა ავარიდოთ.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი; მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ