18.01.2020
რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მიიღო “იმედისა” და “მთავარი არხის” მაყურებელმა. ტელეკომპანია “იმედმა” ორგანიზაციის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა, “მთავარმა არხმა” კი მაყურებელს კვლევა წარუდგინა, როგორც მმართველი პარტიის “პოლიტიკურად გაკოტრების” მტკიცებულება.
ტელეკომპანია “იმედმა” 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში NDI-ის კვლევის შედეგების განხილვა ტელეკომპანიისთვის პოზიტიური ამბით დაიწყო. წამყვანმა მაყურებელს ამცნო, რომ “იმედი” მედიაბაზრის ლიდერია” და არხს მოსახლეობის 30% ენდობა. შემდეგ კი კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილის მიმოხილვაზე გადავიდა და კვლევის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა.
ჟურნალისტმა კვლევის შედეგებზე საუბარი შემდეგი ტექსტით დაიწყო:
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის - NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული მორიგი კვლევა ტრადიციულად ისევ სადავო და საეჭვო გახდა. პოლიტიკოსები, სოციოლოგები და ანალიტიკოსები გამოქვეყნებულ შედეგს რეალობას აცდენილს უწოდებენ და იმ მაღალ ცდომილებებზე უსვამენ ხაზს, რაც კვლევის შედეგებსა და არჩევნების საბოლოო მონაცემებს შორის ყოველთვის ფიქსირდება. ეს ცდომილება ყველა არჩევნებზე თვალსაჩინოა, თუმცა, განსაკუთრებით, 2012 წელს გამოჩნდა, როდესაც ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობის სრული მხარდაჭერით სარგებლობდა. საბოლოოდ კი, არჩევნებში დამარცხდა და მაშინდელ მმართველ პარტიას ოპოზიციაში გადანაცვლება მოუწია. ასეთი წარსულის გათვალისწინებით, ვნახოთ, როგორია დღეს გამოქვეყნებული შედეგების შეფასებები.”
აღნიშნული შესავლის შემდეგ კი, ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ჟურნალისტმა მაყურებელს განსხავებული აზრი არ შესთავაზა. სიუჟეტში ჟურნალისტის მიერ შერჩეული თითოეული რესპონდენტი ამტკიცებდა, რომ NDI-ის კვლევა არასანდოა და ნაციონალურ მოძრაობასთან აკავშირებდა ორგანიზაცია CRRC-ის, რომელმაც კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა.
ჟურნალისტი თავადაც ეჭვქვეშ აყენებს ორგანიზაციის სანდოობას და ამბობს, რომ “ექსპერტები ანეგდოტურ მონაცემებს უწოდებენ იმ კვლევის შედეგებს, რომელიც NDI-იმ ორგანიზაცია CRRC-ის დაუკვეთა. ეს ის ადგილობრივი კვლევითი კომპანიაა, რომლის მიმართაც კითხვები ხშირად ჩნდება. მათ შორის, წინა ხელისუფლებასთან კავშირებზე. ბოლო კვლევით, ერთმანეთის გვერდით თავს იწონებენ შალვა ნათელაშვილი, ალეკო ელისაშვილი და მიხეილ სააკაშვილიც კი - ქვეყნიდან გაქცეული მთავარსარდალი”.

ვაკა გორგილაძისა და ზაალ ანჯაფარიძის გარდა, სიუჟეტში მაყურებელმა მოისმინა “ქართული ოცნების” ორი წარმომადგენლის - კახა კალაძის და მამუკა მდინარაძის შეფასებები. სიუჟეტის ბოლოს კი NDI საქართველოს დირექტორის ლორა თორნტონის კომენტარი, რომელიც კვევაზე დეტალურად არ საუბრობს და აცხადებს რომ ორგანიზაცია CRRC-ის სრულ ნდობასა და მხარდაჭერას უცხადებს.
საბოლოო ჯამში, “იმედის” მაყურებელმა ვერ მოისმინა ვერც ოპოზიციის და ვერც დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებები კვლევის სანდოობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სიუჟეტი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ არ მოიძებნება ადამიანი, ვინც NDI-ის კვლევას ნდობას უცხადებს.
“მთავარმა არხმა” 21:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში NDI-ის კვლევა პირველ ამბად გააშუქა და შედეგების მიმოხილვას 15 წუთზე მეტი დაუთმო. გადაცემის წამყვანებმა კვლევის შედეგები მაყურებელს “ქართული ოცნების” ხელისუფლების დასასრულის უტყუარ მტკიცებულებად წარუდგინეს.
კვლევის “კატასტროფული” შედეგების გაცნობა წამყვანებმა შემდეგი შესავლით დაიწყეს: “სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური ნდობის კრედიტი ამოწურულია. ხალხს ოცნების აღარ სჯერა, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგები პირდაპირ მიუთითებს, რომ მმართველი პარტია პოლიტიკურად გაკოტრებულია. მოსახლეობა ივანიშვილის პარტიაში აღარავის და არაფერს ენდობა. კვლევა აჩვენებს, რომ ისტორიულ მინიმუმზეა ინსტიტუტების მიმართ ნდობა. რაც შეეხება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილი ანტირეკორდების პიკშია.

NDI-ის კვლევის შედეგების გაშუქებისას, “მთავარი არხის” მაყურებელმა მოისმინა ოპოზიციის ლიდერების კრიტიკული კომენტარები, ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებები. ასევე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კომენტარი. სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეფასებები.
“მთავარი არხის” მსგავსად, ტელეკომპანია "ფორმულამ"დღის მთავარი გამოშვება 20:00 საათზე NDI-ის კვლევის შედეგების გაშუქებით დაიწყო. სიუჟეტში მთავარი აქცენტი მმართველი პარტიის რეიტინგის დაცემაზე კეთდებოდა. წამყვანიც და ჟურნალისტიც ყურადღებას ამახვილებდნენ კვლევის იმ ნაწილზე, სადაც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემები იყო წარმოდგენილი. “ფორმულას” მაყურებელმა მოისმინა როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებები.

NDI-ის კვლევის შედეგების გაშუქებისას ტელეკომპანია “პირველის” აქცენტი მმართველი პარტიის ნდობის მაჩვენებელის კლებაზე, დემოკრატიის ხარისხსა და პოლიტიკურ რეიტინგებზე იყო გაკეთებული. 22:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში მაყურებელმა, კვლევასთან დაკავშირებით, მოისმინა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების, ასევე, პოლიტოლოგების შეფასებები.
სხვა მაუწყებლებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხისთვის” NDI-ის კვლევა დღის წამყვანი თემა არ ყოფილა. მაუწყებელმა ამბავი 21:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების 32-ე წუთზე კადრსინქრონად გააშუქა. წამყვანმა ჯერ კვლევის შედეგები მიმოიხილა, შემდეგ კი მაყურებელს ოპოზიციისა და მთავრობის შეფასებები შესთავაზა.