21.01.2020
- “კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ?”
- “ისე როგორი ოჯახი იყო, კონფლიქტური?”
- “ ოდესმე ჰქონია ქმართან რამე პრობლემა?”
- “მანამდე იჩხუბეს გუშინ, ან დილით?”
ამ კითხვების გარდა, მედიას ამ თემაზე მომზადებულ მასალებში არ დაუსვამს სხვა კითხვები, ის კითხვები, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო და რაზეც პირველ რიგში უნდა ესაუბრა ფემიციდის შემთხვევის გაშუქებისას. არ მოგვისმენია არცერთი სიტყვა საქართველოში ფემიციდის პრობლემაზე, პრობლემის მასშტაბურობაზე, სახელმწიფო უწყებების მუშაობაზე, მსხვერპლი ქალებისთვის საჭირო სახელმწიფო სერვისების გამართულობა/გაუმართაობაზე და ა.შ. მედიის მთავარმა კითხვამ, ძიებამ - “რატომ მოკლა ყოფილმა ქმარმა ცოლი”, პრობლემებისა და ეთიკური სტანდარტების დარღვევის მთელი ჯაჭვი გამოიწვია.
***
შემთხვევა სურამში 18 იანვარს მოხდა. სოფელ ბუღაურში ახალგაზრდა ქალს ყოფილმა ქმარმა ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ბრალდებული მალევე დააკავეს, ის, დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.
ფემიციდის შემთხვევა ორი დღის განმავლობაში მაუწყებლების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო და არაერთი სიუჟეტი მომზადდა. “მედიაჩეკერმა” ცენტრალური მაუწყებლების: “მთავარი არხის”, “რუსთავი 2-ის”, “იმედის”, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” , ტელეკომპანია “ფორმულას” და “TV პირველის” ეთერში გასული მასალები შეისწავლა.
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ტელეკომპანია ფორმულას 18 იანვარს ამ თემაზე მხოლოდ კადრ-სინქრონი ჰქონდათ მომზადებული და მასში ეთიკური სტანდარტები არ დარღვეულა. “რუსთავი 2-ის”, “იმედისა” და “ტვ პირველის” მასალებში რამდენიმე ტიპის პრობლემა იყო, განსაკუთრებით მძიმე ეთიკურ დარღვევებს კი “მთავარი არხის” ეთერში გასული მასალები შეიცავდა.
"მთავარი არხი"
“მთავარი არხის” ეთერში, 18 იანვარს გასული სიუჟეტი, რომელიც დაახლოებით 4.37 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ძირითადად ბრალდებულის დედისა და გარდაცვლილის მეზობლების კომენტარებზე იყო აგებული. 4.37 წუთიანი სიუჟეტიდან 3 წუთზე მეტი ოჯახის წევრებისა და მეზობლების სინქრონებს დაეთმო, აქედან თითქმის წუთნახევარი მაყურებელი ბრალდებულის დედის კომენტარს ისმენდა, რომელიც ოჯახურ დეტალებს იხსენებდა და გარდაცვლილის ბრალეულობაზე საუბრობდა. მთელი მისი კომენტარის არსი იყო ის, რომ გარდაცვლილი ბეტა ნაჭყებია ოჯახს ცუდ მდგომარეობაში აყენებდა,, ქმარს აიძულებდა მას ცუდად მოქცეოდა: “ჩემი შვილი ამბობდა, მაქსიმალურად თავს ვიკავებ, იმიტომ რომ არ მინდა, არც ციხე მინდა, არც ის მინდა, ჩემს შვილს დედა არ ჰყავდეს, ეს არ მინდა”. იქვე იგი ყვებოდა, რომ რძლის ძმას ბეტა სახლიდან გამოგდებული ჰყავდა და მის შვილსაც ეუბნებოდა ასე მოქცეულიყო: “ბაბოშენთან რატომ გყავს, გამოაგდეო, მე გავაგდე სახლიდან და შენ რად გინდაო, ძმამ უთხრა, მეზობლის კაცთან დავიჭირე, მე ეს დავაზუსტე ყველაფერი, ტელეფონითაც, ყველაფრით და შენ რათ გინდა სახლში რომ უშვებო”.
დედის ამ ვრცელი, გარდაცვლილის დამადანაშაულებელი კომენტარის შემდეგ, სიუჟეტში ვუყურებთ და ვისმენთ როგორ დადის ჟურნალისტი მეზობლებში და მათგან ცდილობს გაიგოს - რატომ მოკლა ქმარმა ცოლი და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ცოლ-ქმარს.
კითხვები რესპონდენტებთან (ამონარიდები):
რესპონდენტი I
- სად მოკლა?
- სახლში.
- რითი მოკლა?
- არ ვიცი, ნაჯახითაო და...
რესპონდენტი II
- ნაჯახით მოკლაო...
- არ ვიცი ახლა, ჩვენ არ შეგვიშვეს იქ მილიციამ და რა ხდებოდა, არ ვიცი.
რესპონდენტი III
- თქვეს რომ მოუკლიაო და სხვა არაფერი არ ვიცი, ხან საღაცა სოფელია მაგათი, ქალის სოფელში და იქ იყვნენ და ხანა მანდ იყვნენ. ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი?
- არა, არა, არა!
რესპონდენტი IV
- ლოგინში მოკლაო, მეტი არაფერი არ ვიცი შენ შემოგევლე.
- დღეს დილით მოკლა ლოგინშიო?
- არ ვიცი, დღეს დილითა თუ შუაღამისასა, არ ვიცი არაფერი, თორე გეტყოდით, ისე გაბრაზებული ვარ რო, როგორ შეიძლება მკვლელობა.
რესპონდენტი V
- აქ გაიზარდა, ჩვენთან და კარგი გოგო იყო.
- ოდესმე ჰქონია ქმართან რაიმე პრობლემა?
- ქმართან? ქმართან რა ვიცი მე ახლა, სურამში იყო ის და რამე პრობლემა თუ ჰქონდა მე რა ვიცი.
რესპონდენტი VI
- ძაან კაი გოგო იყო, სამეზობლო და ყველგან, რას გვიშლიდა ჩვენ?
- და თუ გაგიგიათ რომ ქმართან ოდესმე რამე პრობლემა ჰქონდა?
- არ ვიცი არაფერი, ქე იყვნენ კარგად.
და ამგვარი კომენტარების შემდეგ ჟურნალისტი ასკვნის:
“მეზობლებს მომხდარზე საუბარი უჭირთ და ყვებიან, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხშირად ჰქონდა”, და ბოლოს ისევ იმეორებს: “თანასოფლელებისთვის მკვლელობის მოტივი გაურკვეველია, თუმცა, წყვილს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ მოკლულის მეზობლებისთვის და ახლობლებისთვის ცნობილია”.
მთლიანობაში, ამ სიუჟეტიდან მაყურებელმა მოისმინა ოჯახის ორი წევრის და ექვსი მეზობლის კომენტარი, მათგან არც ერთი რესპონდენტის კომენტარი ინფორმაციული ღირებულების არ იყო.
დაახლოებით იგივე პათოსით მოამზადა ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” თემაზე მასალა მეორე დღესაც, რომელშიც ახალი რესპონდენტი, ბრალდებულის ბებია გამოჩნდა.
“ჩვენი მაყურებელი ახლა ექსკლუზიურად მოისმენს მკვლელობაში ბრალდებული ლევან ლომიძის ბებიის კომენტარს, დუშა ლომიძე ფაქტის ერთადერთი მთავარი მოწმეა”, - ამბობს ჟურნალისტი და ეს ექსკლუზიური ინფორმაცია არის ის, რომ “შემთხვევის დღეს ცოლ-ქმარი კამათობდა”.
ბრალდებულის დედა ისევ ერთ-ერთი მთავარი რესპონდენტია ამ სიუჟეტშიც და კვლავ დაბეჯითებით იმეორებს: “დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ხშირად, ხშირად კი, ოფიციალურადაც გაცლილები იყვნენ და პრობლემა იყო ბავშვი, სულ, ბავშვის ნახვა”.
და უკეთ რომ განმტკიცდეს მაყურებლის დასკვნა, რომ “მთავარი დამნაშავე გარდაცვლილია”, ისევ ვისმენთ მეზობლის ვერსიას “ახალგაზრდა ქალის მეგობარ კაცზე”: “დაძაბულობა კი ჰქონდა მის ძმასთან, ეს ორი თვე არის. რა ვიცი რაღაც მეგობარი კაცი ჰყავსო და ამაზე ძალადობდა ეს ძმა”.
“მთავარი არხი” მხოლოდ სიუჟეტების ამგვარი წყობით არ შემოფარგლულა. თემისთვის სიმძაფრის მისაცემად, პირველი სიუჟეტის დაშეარებისას სოციალურ ქსელში აღწერად ბრალდებულის დედის სიტყვები წაუმძღვარა.
“რუსთავი 2”, “იმედი”, “TV
პირველი”
საკითხის ზედაპირული გაშუქება, “ოჯახური კონფლიქტის” მაძიებელი ჟურნალისტები და არცერთი სიტყვა ფემიციდის პრობლემაზე - წითელ ხაზად გასდევდა “რუსთავი 2-ის”, “იმედისა” და “TV პირველის” ეთერში გასულ მასალებსაც. ამათგან, ოჯახურ კონფლიქტს მეზობლებში განსაკუთრებით “TV პირველის” ჟურნალისტი ეძებდა.
“რუსთავი 2-სა” და “იმედზე” პრობლემური იყო მასალების წარდგენა. საინფორმაციო გამოშვების წამყვანებიც, თემის წარდგენისას, და მასალის ავტორი ჟურნალისტებიც, თავიანთ ტექსტში, ამბობდნენ, რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა (“დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა სახელდება” - "რუსთავი 2"; “წინასწარი ინფორმაციით, ყოფილ ცოლ-ქმარს შორის კამათი ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა” - “იმედი”)
როგორ არ უნდა შუქდებოდეს ფემიციდის შემთხვევები
“მაგალითად, მოერიდეთ დანაშაულის მიზეზად “ეჭვიანობის ნიადაგის” დასახელებას. ამით თქვენ უნებურად მიანიშნებთ იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი “არასწორად” იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა”, - ვკითხულობთ გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესების იმ თავში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის თემას ეხება.
გენდერის საკითხების მკვლევარი იდა ბახტურიძე “მედიაჩეკერთან” განმარტავს, რომ ფორმულირება “ეჭვიანობის ნიადაგზე” კატეგორიულად დაუშვებელია: “ეს არის მორალზე აქცენტირება, მკვლელის გამართლება და იმის ახსნა, რომ დიახ, ჰქონდა მოტივი თითქოს მკვლელს”.
მისივე თქმით, ამგვარი გაშუქება, საკითხის ასე წარმოჩენა, თითქოს ეს არის მკვლელობის გამამართლებელი მიზეზი,ხელს უწყობს იგივე დანაშაულის სხვაგან ჩადენას: “იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ როგორ ხდება გამართლება, - თითქოს, ვინმე, ვისაც ეჭვიანობის ნიადაგზე მოუნდება პასუხი მოითხოვოს, ეს შეიძლება შეწყნარებული იყოს. ამიტომ არის ეს არასწორი და ამიტომ ვამბობთ რომ ასეთი ტიპის რეპორტინგის დროს ე.წ. გაშუქებას მოყოლილი დანაშაულებების სერია ხდება. ეს ძალიან სარისკოა”.
იდა ბახტურიძე ამბობს, რომ მთავარი პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც მედია იწყებს პასუხის ძიებას კითხვაზე - რატომ მოკლა?
“მკვლელობას გამამართლებელი მიზეზი, რასაც მედია ეძებს ხოლმე, არ შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ ეს კითხვაც არ შეიძლება რომ დაისვას. ამ კითხვის დასმის შემდგომ მოდის ის პრობლემური ნაწილი, რაც არის, ქალის მორალზე აქცენტი, რადგან ამ კითხვას, როგორც წესი, მოჰყვება ხოლმე მორალურ პრიზმაში განხილული აქცენტები ოჯახის წევრების, მეზობლებისა და სანათესაოს მხრიდან”.
იგივე ჩანაწერს ვკითხულობთ გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოშიც: “ფემიციდის გაშუქებისას ისე, როგორც ძალადობის სხვა ფორმებზე ყურადღების გამახვილებისას, არ დაიწყოთ იმის გარკვევა, რა დააშავა ქალმა და რატომ მოკლეს ის. მნიშვნელოვანი არა მიზეზი, არამედ ფაქტი. არც ერთი მიზეზი არ არსებობს, რაც მკვლელობას გაამართლებს”.
რა უნდა იყოს მედიის აქცენტი ფემიციდის
შემთხვევების გაშუქებისას
“ქალთა მიმართ ძალადობას სხვდასხვა ფორმა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ ყურადღების მიღმა არ დატოვოს ასეთი შემთხვევები და სათანადო აქცენტის დასმით წარმოაჩინოს არსებული პრობლემები. ამასთან, ისე უნდა გააშუქოს ეს თემა, რომ არ მიაყენოს ზიანი მსხვერპლს, მის შვილებს, ახლობლებს”, - ვკითხულობთ გაიდლაინში.
“ერთადერთი, რისთვისაც შეიძლება გამოვიყენოთ მსგავსი ქეისები, არის კარგი ილუსტრირება იმის რა დასასრული აქვს ძალადობის არსებულ ჯაჭვს, სადამდე მოვყავართ საზოგადოებაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას”, - გვეუბნება იდა ბახტურიძე და ამატებს, რომ ამის ჩვენება უნდა იყოს გაშუქების მიზანი, - “საერთოდ არ არის საჭირო დეტალების ჩვენება, მაგალითად, რითი მოკლეს, რამდენჯერ გასროლით, რა იარაღით, ამის ახსნა საერთოდ არ არის რელევანტური, საინტერესო და რაიმეს მომცემი. რა სისტემურ პრობლემებს აწყდება მსხვერპლი, რა სისტემურმა პრობლემამ დააყენა ეს შედეგი, ეს შეიძლება იკვლიოს მედიამ, ეს უნდა იყოს ფუნქცია და ასევე აქცენტი იმ კულტურულ თუ სოციალურ კონტექსტზე, რა იწვევს ასეთი ტიპის მსხვერპლების თუ მოძალადეების არსებობას. და რა თქმა უნდა ამას უნდა აკეთებდნენ დარგის ექსპერტები".
მისივე თქმით, დეტალები - მეზობელმა რა თქვა, რომელი იარაღით მოკვდა, რამდენი გასროლა მოხდა, გარდაცვლილი ადამიანის სხეულის, სისხლის და კუბოს ჩვენება, ეს მხოლოდ და მხოლოდ სენსაციაზე ორიენტირებულობაა და საერთოდ არ ემსახურება პრობლემების მოგვარებას, პირიქით, შესაძლოა ხელს უწყობდეს ამ დანაშაულის განგრძობითად ან განმეორებითად ჩადენას.