დახეული ჯინსების გამო გაკრიტიკებული პირის ვინაობაზე რამდენიმე საიტმა მცდარი ინფორმაცია გაავრცელა
22.01.2020
21 იანვარს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში, ციხეებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკული ანგარიშის საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა ვიდეომასალა, სადაც ომბუდსმენის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრის ფრაგმენტია ასახული. თეა წულუკიანმა ომბუდსმენის წარმომადგენელი ჩაცმულობისა და ქმედებების გამო გააკრიტიკა.

იმავე დღეს ონლაინ გამოცემებმა - “ნიუპოსტმა”, “ფორტუნამ” და “ცნობის ფურცელმა” გამოაქვეყნეს სტატია, თითქოს ომბუდსმენის წარმომადგენელი, რომელიც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე იყო ასახული, ლევან მახარაშვილია. გამოცემებისთვის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წყარო თავად ლევან მახარაშვილის ფეისბუქ პოსტი გახდა, რომელიც არასწორად აღიქვეს:


altგამოცემები წერდნენ, რომ აღნიშნული პოსტით, დახეული ჯინსების გამო გაკრიტიკებული ომბუდსმენის წარმომადგენელი ლევან მახარაშვილი, იუსტიციის მინისტრს პასუხობს. სინამდვილეში, ლევან მახარაშვილი სახალხო დამცველის აპარატში საერთოდ არ მუშაობს.


“ნიუპოსტმა” მცდარი ინფორმაცია მას შემდეგ წაშალა, რაც თავად ლევან მახარაშვილმა გამოაქვეყნა ფეისბუქის პირად გვერდზე “ნიუპოსტის" სტატიის ფოტოასლი და დაწერა, რომ არასდროს უმუშავია ომბუდსმენის აპარატში და მან მხოლოდ თავისი აზრი დააფიქსირა სოციალურ ქსელში.

თუმცა, წაშლის მიუხედავად, “ნიუპოსტის” სტატია გუგლის საძიებო სისტემაში კვლავ იძებნება.
alt





“ფორტუნას” და “ცნობის ფურცელს” კი ამ დრომდე არ ჩაუსწორებიათ მასალა და არასწორი ინფორმაცია, თითქოს იუსტიციის მინისტრის მიერ გაკრიტიკებული ომბუდსმენის წარმომადგენელი ლევან მახარაშვილია, მკითხველისთვის კვლავ ხელმისაწვდომია.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ