თსუ-ს რექტორი როგორც ცილისწამების მსხვერპლი “იმედზე”
04.02.2020
პლაგიატის ბრალდების წინააღმდეგ “კონკრეტული მტკიცებულებებით” შეიარაღებული თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე - აღნიშნული კუთხით გააშუქა ტელეკომპანია “იმედმა” 2 თებერვალს გადაცემა “იმედის კვირაში” გიორგი შარვაშიძის სადოქტორო დისერტაციის ნაშრომში დიდი მოცულობით პლაგიატის აღმოჩენის შესახებ მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია.

მასალაში რომ გიორგი შარვაშიძის პოზიცია იქნებოდა დაცული, ეს თემის წარდგენისას წამყვანის ტექსტშივე გახდა ცნობილი, რომელმაც თქვა, რომ თსუ-ის რექტორის პლაგიატის ბრალების შესახებ ვნებათაღელვა არ ცხრება, რომ ერთი მხარე გიორგი შარვაშიძეს სხვისი ინტელექტუალური საკუთრების საკუთარ სადოქტორო ნაშრომში წყაროს მითითების გარეშე გადატანას ედავება, “მეორე მხარე კი - ბრალდებას სასაცილოს უწოდებს და მის გასაქარწყლებლად კონკრეტულ მტკიცებულებებს დებს”.

თემაზე მომზადებული მასალიდან შევიტყეთ, რომ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაზე - საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ მუშაობა “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” ინიციატივით 2000 წელს დაიწყო და ორგანიზაციაში ამ მიზნის გასახორციელებლად სპეციალური პროგრამაც მუშაობდა, რომელშცი გიორგი შარვაშიძე ექსპერტის რანგში ჩაერთო.

ჟურნალისტმა ასევე თქვა, რომ გიორგი შარვაშიძემ ფონდის დახმარებით პროექტში როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები ჩართო და მისი ხელმძღვანელობით შემუშავებული დოკუმენტი განმარტებით ბართთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა 2002 წლის პირველ მარტს მიიღო. “ის ნაწილობრივ ქვეყნის უმაღლესი განათლების რეფორმას დაედო საფუძვლად. უამრავი ადამიანის მონაწიელბით შექმნილი ნაშრომი ოფიციალურ დოკუმენტად იქცა, რომელზეც ცხადია საავტორო უფლება არავის აქვს”, - განმარტა მანვე.

სიუჟეტში ასევე ხაზგასმით ითქვა, რომ შარვაშიძეს შეეძლო, რომ სადისერტაციო ნაშრომში სახელები და გვარები საერთოდ არ მიეთითებინა, თუმცა ის ასე არ მოიქცა და “მართალია, არა სქოლიოსა და ბიბლიოგრაფიაში, მაგრამ უშუალოდ დისერტაციის ტექსტის 58-59-ე გვერდებზე ის ადამიანები მიუთია, ვინც ამ დადგენილების შექმნაში იყო ჩართული, მათ შორის, ექსპერტებიც, რომელთა ნამუშევრებიც დისერტაციაშია დასახელებული”.

ამასთან, ისიც აღინიშნა, რომ თსუ-ის პროფესორის იაგო კაჭკაჭიშვილის წერილის საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შარვაშიძის ნაშრომი პლაგიატის პროგრამაზე გაატარეს და მისი პარლამენტის ბრძანების შედარებით დადგინდა, რომ “გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას”.

ჟურნალისტი კითხვის ნიშნის ქვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პლაგიატის დადგენის პროგრამასაც აყენებს და ამბობს: “შედარება მხოლოდ ტექნიკური იყო, თუ შინაარსობრივიც ამის გარკვევის საშუალება არ მოგვეცა… ცხადია, თუ ვინმე სიღრმისეულად ჩაიხედავდა, ორივე დოკუმენტში სახელებს და გვარებს ამოიკითხავდა, რატომ არ ჩაიხედეს? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია... ეს არაა რექტორის მიმართ პირველი ბრალდება. თავდაპირველად რექტორის დიპლომზე თქვეს, რომ ის ყალბი იყო, რაც არ დადასტურდა. ახლა სადავო მისი დოქტორის ხარისხი გახადეს და საზოგადოებას სხვადასხვა ხერხებით თითქმის დააჯერეს, რომ რექტორმა სხვისი ინტელექტუალური ნაშრომი მოიპარა და ეს იმის ფონზე, როდესაც რექტორის არჩევნები ახლოვდება”, - ხაზგასმით თქვა ჟურნალისტმა.

მასალაში ასევე მოვისმინეთ, “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” პროგრამის მაშინდელი დირექტორის მარინე ჩტაშვილისა და საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელის გიგა კობალაძის კომენტარები, რომელთაგანაც ერთი ამბობს, რომ შარვაშიძის ნაშრომში ყველა ექსპერტის სახელი იყო მითითებული, რომლებმაც თავის დროზე პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში მიიღეს მონაწილება. მეორე კი განმარტავს, რომ საკანონმდებლო აქტების გამოყენების უფლება ყველას აქვს და “ამ შემთხვევაში წყაროს მითითება საჭირო არ არის”.

ჟურნალისტი მარინე ჩიტაშვილისგან იმითაც დაინტერესდა, “რომ არა ბატონი გიორგი ინიციატივა და მონდომება, იქნებოდა თუ არა ეს დოკუმენტი დღეს?”, - რაზეც კითხვის ადრესატი პასუხობს, რომ “არა”.

ამასთან, სიუჟეტში თავად გიორგი შარვაშიძეც განმარტავს, რომ საუბარი პარლამენტის დადგენილებაზეი, რომლის განმარტებითი ბარათიც არის ყველასი. “მე რომ არ ვყოფილიყავი ამ ჯგუფის წევრი ან ხელმძღვანელი, მაშინაც არ იქნებოდა ეს პლაგიატის თემა ან ვიღაცის საკუთრების მითვისების, იმიტომ, რომ ეს არის საერთო საკუთრება “, - ამბობს იგი.

მასალაში პლაგიატის შესახებ ბრალდების ავტორის თსუ-ის პროფესორის იაგო კაჭკაჭიშვილის პოზიციაც ისმის, რომელიც ამბობს, რომ “შარვშიძემ გამოიყენა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც არის კოლექტიური შრომის ნაყოფი და ამის შესახებ დისერტაციაში არსად არის მითითბული”. თუმცა, იგი იქვე კაჭკაჭშვილის მსჯელობის მიმართ სკეპტიციზმს იშველიებს და ამბობს: “ვცადეთ იაგო კაჭკაჭიშვილის ლოგიკას მივყოლოდით და ვთხოვეთ იმ შრომის ნაყოფში ის თავი ან აბზაცი მიეთითებინა, სადაც მისი ინტელექტუალური შრომის პროდუქტი იყო გადატანილი ან ასახული. მან ეს ვერ გააკეთა, რაც თავიდანვე ცხადი იყო და ჩვენი საუბრის ლოგიკური დასასრულიც დადგა”.

თითქმის 8 წუთიან სიუჟეტში არაფერი თქმულა “თავისუფლების მონიტორის” მიერ თემაზე გასული წლის 15 ნოემბერს მომზადებულ საგამოძიებო სიუჟეტზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ შარვაშიძის 140 გვერდიანი დისერტაცია სიტყვა-სიტყვით იმეორებს 2002 წელს 15 ექსპერტის მიერ შემუშავებული პოლიტკის დოკუმენტის ტექსტს. ასევე, არაფერი თქმულა იმაზე, რომ ეს ცალკე პოლიტკის დოკუმენტი იყო და არა პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება. აგრეთვე, არ დასმულა კითხვის ნიშნები რამდენად მართებულია სადისერტაციო ნაშრომის თითქმის ⅓-ის სიტყვა-სიტყვით სხვა ნაშრომიდან გადმოტანა.

ამასთან, არ განმარტებულა ციტირების სტანდარტი და აღნიშნულის შესახებ სიუჟტში არც კვალიფიციური შეფასებები მოგვისმენია.

აგრეთვე, ყურადღება არ გამახვილებულა, საქართველოს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის საბწოს მიერ თემასთან მიმართებით 25 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელშიც საბჭომ დაადგინა, რომ “თავისუფლების მონიტორის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში სი პრინციპები (სიზუტე, შესწორება) არ დარღვეულა, რაზეც თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი მიუთითებდა.

არხს მხრიდან საკითხის მსგავსი ცალმხრივი გაშუქება და გიორგი შარვაშიძის პოზიციის მკაფიო მხარდაჭერა, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ტელეკომპანია “იმედის” მთავარი მიზანი თსუ-ის ლექტორის მხარდაჭერა და საზოგადოებისთვის იმის ჩვენება იყო, რომ მის სადისერტაციო ნაშრომთან მიმართების საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები აპრიორი სიცრუე, რაც გიორგი შარვაშიძის იმიჯის მიზანმიმართულ შელახვას ემსახურება.

თეგები : მიკერძოებული გაშუქება;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ