დისკრიმინაციული განცხადებებისა და ვარაუდების ტირაჟირება პოზიტივის სახელით “TV პირველზე”
21.03.2020
19 მარტს “TV პირველის” 16:00 სათიან საინფორმაციო გამოშვებაში კორონავირუსსზე სასაუბროდ ეთერში სტუმრად დიზაინერი ზალიკო ბერგერი მიიწვიეს. წამყვანის განმარტებით, რესპონდენტის ჩართვის მიზანი “ცოტა პოზიტივის შემოტანა” იყო. თუმცა, საბოლოოდ, მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ არარელევანტური რესპონდენტის ჩართვამ და წამყვანის ინერტულობამ, “პოზიტივის შემოტანის” ნაცვლად, გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის ადამიანების დისკრიმინაციას და კორონავირუსზე საშიში დეზინფორმაციისა და მითების გავრცელებას შეუწყო ხელი.

წამყვანმა კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე საუბარი რესპონდეტთან შემდეგი კითხვით დაიწყო:

“ზალიკო, ეხლა რომ გვითხრა იმ თემაზე, რომელიც არის ჩვენი დღვანდელი, ასე ვთქვათ, ტელეეთერში შეხვედრის მთავარი მიზეზი, ეს არის ძალიან საშიში ვირუსი - კორონავირუსი. აი, რომ გვითხრა, ჩვენ გვინდა, რომ ცოტა პოზიტივი შემოვიტანოთ, არ იყო დღეს მარტივი დღე, როგორც ვიცით, გარდაიცვალა საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ესპანეთში, მაგრამ მაინც გვინდა, რომ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს გარკვეული შიშის დაძლევა ამ მიმართულებით. პირადად შენ როგორ ცდილობ, რომ გაუმკლავდე ამ შიშს, რომ არ აგიტანოს ამ შიშმა, ვგულისხმობ, ცუდ ფორმებს. აი, რას აკეთებ ამისთვის?”

რაზეც რესპონდენტმა უპასუხა:

“რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტი მოხდა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ღმერთმა ოღონდ ყველა ქართველი 74 წლამდე აცოცხლოს და მერე მე რა ვიცი, ღმერთო მაპატიე, მაგრამ(იცინის) ისეთი თემაა, კორონა მოკლავდა თუ ისა, მე რა ვიცი, ღმერთმა იცის, ღმერთო მაპატიე. ცოტა პოზიტიურად უნდა შევხედოთ ამ ვირუსსაც და ამ თემასაც…”

პირდაპირ ეთერში რესპონდენტის ამგვარმა განცხადებამ ხელი შეუწყო გარკვეული ასაკის ადამიანების ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციას. წამყვანს კი არანაირი რეაგირება არ ჰქონია რესპონდენტის არასერიოზულ და დისკრიმინაციული შინაარსის კომენტარზე.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემა არა კონკრეტული ადამიანის მსგავსი მოსაზრებები, არამედ მედიის დამოკიდებულებაა:

“ცალკეულ ადამიანს შეიძლება უფრო ექსტრავაგანტული აზრებიც ჰქონდეს , მაგრამ არ არის საჭირო გამოიტანო საეთერო განხილვაზე. მითუმეტეს, ეს შესთავაზო ადამიანს, რომელიც ისედაც დასტრესილია შექმნილი ვითარებით და მოჩერებულია შენს ეთერს. 74 წელზე უფრო ასაკოვანი ადამიანებიც უყურებენ ამ ეთერს, ჩამოვწეროთ ის ადამიანები?! აი, აქ, ამ შემთხვევაში, პრობლემა არის არა ის, რესპოდენტი რას ფიქრობს და როგორ აზროვნებს, არამედ რა ტიპის პასუხისმგებლობას იღებს მედია, როდესაც ესა თუ ის ადამიანი მოჰყავს სტუდიაში და ესაუბრება. არ აქვს მნიშვნელობა იმას, შენ ამ ადამიანთან გექნება თუ არა კრიტიკული დიალოგი. უკვე ის, რომ ის თავისი მოსაზრებებით შენს ეთერშია, გარკვეულწილად ეს არის პოზიცია იმისა, რომ ეს არის ნორმალური და შენ მიგაჩნია რომ ასეთი დამოკიდებულება ნორმალურია.”

ზვიად ქორიძე მსგავს კრიზისულ ვითარებაში რელევანტური რესპონდენტების შერჩევის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელმა ინფორმაცია კვალიფიციური წყაროსგან მიიღოს:

“როდესაც წამყვანს ეთერში მოჰყავს ნებისმიერი რესპოდენტი, ის, პრაქტიკულად, იმ რესპოდენტის პირადი განწყობების გენერალიზებას ახდენს, ამიტომაც ყოველთვის მნიშნელოვანია ასეთ კრიზისულ ვითარებაში, არა ზოგადად საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების მოსაზრებები და განწყობები გავიგოთ ჩვენ, არამედ კვალიფიციური სპეციალისტების მოსაზრებები და კომენტარები ამა თუ იმ საკითხზე. ეს არის მნიშვნელოვანი”.

წამყვანს რეაგირება არც მაშინ ჰქონია, როდესაც რესპონდენტი “TV პირველის” ეთერით საკუთარ უარგუმენტო და საშიშ მოსაზრებებს აჟღერებდა კორონავირუსზე. დისკრიმინაციული განცხადების შემდეგ, მაყურებელს ზალიკო ბერგერის ვარაუდების მოსმენა მოუწია და ამ ვარაუდების გაჟღერების დროსაც, იგი კვლავ შეეხო უფროსი ასაკის ადამიანების თემას.

ე.ი. კორონავირუსი დამთავრდება მალე, როგორც მე ჩემი კოსმიური ენერგია მომივიდა და მივხვდი რაც არის ეგ ვირუსი, როგორც ყველა ვირუსი მოდის ხოლმე ამ ყოველი წლის განმავლობაში...

- საიდან იღებ ზალიკო ამ კოსმიურ ენერგიას, ამას გეკითხები

- იცი რა, ძაან ვინერვიულე თქო მეც, რომ ესეთი მსგავსი რამე, ჰაერის ჩაკეტვა და რაღაცა მსოფლიოში არ მომხდარა აქამდე და რა ასაკობრივ ჯგუფზეც არის, მე სოციოლოგია მაქვს დამთავრებული და რაც ე.ი. დედამიწის გახშირვა, ალბათ, სჭირდება, რა ჰქვია, მსოფლიოს მამებს, როჩილდია თუ ვინ არიან კიდე, რამდენიმე ე.ი., ვინც ტრამპებს ნიშნავს და ა.შ. ეს ვირუსი დაამთავრონ ბოლო-ბოლო, როგორც დაიწყეს. მე ვფიქრობ, რომ 14-დან 20 აპრილამდე ვაქცინა იქნება და მანამდე ის, სამწუხაროდ, რა ასაკობრივ მოსახლეობაზე არის გათვლილი, რომელიც ევროკავშირს ძვირი უჯდება, იმ ასაკობრივ ადამიანებზე არის, ასე რომ, გავუფრთხილდეთ მოხუცებს.

ჩართვის დასასრულს რესპონდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ვარაუდი, რაზეც წამყვანმა უპასუხა:

“საინტერესოა, აუცილებლად დავიმახსოვრებთ ამ რიცხვებს, თუ გამართლდება შენი პროგნოზი.”

ზვიად ქორიძე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც ვარაუდების და დაუდასტურებელი ინფორმაციების ტირაჟირებამ შეიძლება გამოიწვიოს. იგი მიიჩნევს, რომ რთულ სიტუაციებში მედიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია და ის მხოლოდ ინფორმაციის გამტარი არ უნდა იყოს.

“შეიძლება, მაგალითად, ასეთმა მოსაზრებებმა გამოიწვიოს ინერტული დამოკიდებულებები იმ დათქმების მიმართ, რომელსაც მთავრობა სთავაზობს საზოგადოებას. ან დავუშვათ, გააჩინოს უფრო მეტი ნიჰილიზმი საზოგადოებაში, რაც ასევე მძიმეა კრიტიკულ ვითარებაში. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელზეც, რა თქმა უნდა, მედია უნდა ფიქრობდეს და მედია არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში გამტარი. როდესაც არის კრიტიკული ვითარება, სულერთია, ეს არის ეპიდემია, პანდემია, საომარი ვითარება თუ სხვა ტიპის საგანგებო ვითარებები, არ შეიძლება მედია მოქმედებდეს არარაციონალურად”, - ამბობს ზვიად ქორიძე “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

ჟურნალისტის მოვალეობა, მიაწოდოს საზოგადოებას გადამოწმებული და სანდო ინფორმაცია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მსგავს კრიზისულ სიტუაციებშია. კორონავირუსის პანდემია მსოფლიო მედიისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. “მედიაჩეკერს” არაერთი მასალა აქვს მომზადებული იმ რეკომენდაციებზე, რომლების გათვალისწინებაც კორონავირუსის თემაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს მართებთ. რეკომენდაციებში ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და საკითხის კვალიფიციურ გაშუქების მნიშვნელობაზეა ყურადღება გამახვილებული. კვალიფიციური გაშუქებისთვის კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რჩევაა, რომ ჟურნალისტებმა სიფრთხილით შეარჩიონ რესპონდენტები და წინასწარ გაითვალისწინონ მათი შეხედულებები.

გარდა ამისა, როგორც კი მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა და ეს თემა მედიის დღის წესრიგშ ერთ-ერთი წამყვანი გახდა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ ეს თემა მედიამ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ