23.03.2020
„მაესტროს“ სპეციალური გამოშვება მარნეულში 62 წლის ქალისთვის კორონავირუსის დადგენის ამბავსა და მუნიციპალიტეტში ზომების გამკაცრებას დაეთმო. ვინაიდან ამ დაინფიცირების წყარო უცნობია, დაავადებულს კი ასობით მოქალაქესთან ჰქონდა შეხება, საქართველოს მთავრობის განმარტებით, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა და დაიკეტა. გვიან ღამით მიმდინარე სპეციალურ გამოშვებაში, წამყვანმა „მარნეული TV-ს“ ჟურნალისტი ჩართო, რომელთანაც მარნეულში ამ დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავდა. წამყვანის ერთ-ერთი კითხვა ადგილობრივების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების თემას შეეხო.
გთავაზობთ ნაწყვეტს წამყვანისა და ჟურნალისტის დიალოგიდან:
წამყვანი:
რეკომენდაციების შესრულებაზე რას გვეტყვით, სანამ მარნეული და ბოლნისი
გადავიდოდა მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე, ის რეკომენდაცები, რომლებიც
დაწესებული იყო მთელი საქართველოსთვის, რამდენად სიზუსტით სრულდებოდა
ეს მანდ?
სტუმარი: როგორ იყო იცი, ჩვენი ტელევიზიაც ორენოვანია, ყოველდღიურად ვაწვდიდით ინფორმაციას, მაგრამ იყო ასეთი მიდგომა, რომ იცი რა ეს ვირუსი არ არის, სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური და თვითონ მოსახლეობას, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, რატომღაც არ ჯეროდათ ამ ვირუსის.
სტუმარი: როგორ იყო იცი, ჩვენი ტელევიზიაც ორენოვანია, ყოველდღიურად ვაწვდიდით ინფორმაციას, მაგრამ იყო ასეთი მიდგომა, რომ იცი რა ეს ვირუსი არ არის, სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური და თვითონ მოსახლეობას, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, რატომღაც არ ჯეროდათ ამ ვირუსის.
წამყვანი:
დიახ და შესაბამისად ისინი არ იცავდნენ ზედმიწევნით, ასე ვთქვათ,
რეკომენდაციებს?
სტუმარი: არა,
არა, არანაირად არ იცავდნენ, ქუჩებიც სავსე იყო, ჩაიხანები ძლივს
დაკეტეს, ზოგ ადგილას პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.
წამყვანი:
ფიქრობთ, რომ ამას შეიძლებოდა გამოეწვია ის სურათი, რაც დღეს მივიღეთ?
მოქალაქეთა დაუდევრობამ, ასე ვთქვათ, გაუფრთხილებლობამ?
უპასუხისმგებლობამ, შეიძლება ასეც ვუწოდოთ...
სტუმარი:
ზუსტად ეგ არის ის, რაც მივიღეთ, მოქალაქეების დაუდევრობა,
გაუფრთხილებლობა, არ ჯეროდათ ამ ვირუსის, თან დაემთხვა ნოვრუზ
ბაირამის დღესასწაული და ამ დღესასწაულზე ერთმანეთთან ალბათ ხშირად
მიდიოდნენ - მოდიოდნენ სტუმრად. და ამ დაუდევრობამ გამოიწვია, რომ არ
ჯეროდათ ამ ვირუსის, ეს ყველაფერი.
ამის შემდეგ, წამყვანმა მას ჰკითხა, რა ხდებოდა იმ წუთებში მარნეულში და დაემშვიდობა ისე, რომ არ გამიჯვნია მის ნათქვამს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციას ახალისებდა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოს იმ მოკლე მონაკვეთს, რომელშიც ეს დიალოგია, სოციალურ ქსელში არაერთი კომენტარი ახლავს და მათი უმეტესობა რასიზმსა და ქსეონოფობიას ახალისებს.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიაში გავრცელებული მასალები, სახიფათო შინაარსის გამო, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საფრთხეებს აჩენს. კორონავირუსის გავრცელებისთანავე მსოფლიო მედიაში გაჩნდა მასალები, რომლებშიც ხაზგასმული იყო, რომ გარკვეული ჯგუფების მიმართ უარყოფითი, რასისტული განწყობები იკვეთებოდა. საქართველოში ასეთი ჯგუფი თავდაპირველად ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ.
დღეს დილით, მას შემდეგ, რაც გუშინ მარნეულში ვირუსი დაუდასტურდა ადგლობრივ მცხოვრებს და ეს თემა მედიისთვის მთავარ თემად იქცა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც რამდენიმე დეტალია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
„ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ მიღებული ინფორმაცია და ყველა ზომა მიიღონ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ეს არ არის ქარტიის საბჭოს მხრიდან კორონავირუსის თემაზე გავრცელებული პირველი განცხადება. თემის სიფრთხილით გაშუქების აუცილებლობაზე ქარტია ზუსტად ერთი თვის წინ ალაპარაკდა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
„კონკრეტული შემთხვევების გაშუქებისას, არ გაამჟღავნოთ პაციენტის პირადი ინფორმაცია (ვინაობა, სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილი და ა.შ.), ასევე არ გააკეთოთ აქცენტი პაციენტის ეროვნებაზე, რამაც, შესაძლოა, წაახალისოს ქსენოფობია“, - ვკითხულობთ ერთი თვის წინ გავრცელებულ განცხადებაში.
მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, რომელიც ამავე დროს ქარტის საბჭოს წევრია და აქტიურად მონაწილეობს ამ განცხადებების გავრცელებაში, ამბობს, რომ ახლა მედიის პასუხისმგებლობა სიფრთხილით გააშუქოს თემა, გაათმაგებულია. მასალაში, რომელიც ამავე თემის გაშუქებისას „TV პირველის“ ეთერით გაჟღერებულ ასევე დისკრიმინაციულ განცხადებებს შეეხებოდა, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მედია ასეთ დროს არ უნდა იყოს ინფორმაციის მხოლოდ გამტარი და მას მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე, ისევე როგორც რესპონდენტების შერჩევისას, ასევე მათი განცხადებების მოსმენისას.
„როდესაც არის კრიტიკული ვითარება, სულერთია, ეს არის ეპიდემია, პანდემია, საომარი ვითარება თუ სხვა ტიპის საგანგებო ვითარებები, არ შეიძლება მედია მოქმედებდეს არარაციონალურად”, - უთხრა „მედიაჩეკერს“ ზვიად ქორიძემ.
„ვირუსს, დაავადებას არ აქვს არც მოქალაქეობრივი კუთვნილება არც ეთნიკური ნიშანი, ის ვრცელდება კონკრეტულ ქვეყანაში და ყველანაირი მიმართება, რომელიც ეხება ეთნიკურ ნიშანს, იქნება რასისტული და ქსენოფობიური“, - ამბობს ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთთან“ საუბარში “ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ეკა ჭითანავა.
გამოცემა ეკა ჭითანავას დაახლოებით ერთი თვის წინ ესაუბრა, მაშინ როდესაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევები დადასტირდა და მედიაში ამ თემაზე წერა გააქტიურდა.
„ ცალკე უსაფრთხოების საკითხის იგნორირება არ შეიძლება და აქაც სახელმწიფოები იღებენ სპეციალურ ზომებს, მაგრამ ასე კონკრეტულად ეთნიკური ჯგუფისგან მტრის ხატის შექმნა ან ქსენოფობიური დამოკიდებულება არ არის გამართლებული”, - განაცხადა ეკა ჭითანავამ „ნეტგაზეთთან“ საუბარში.