მითები კორონავირუსის საპრევენციო საშუალებებზე “მთავარი აქცენტებიდან”
23.03.2020
ყელში სამი-ოთხი დღით კორონავირუსის ჩაბუდება, ყოველ 20 წუთში ერთხელ თბილი წყლის დალევა და თბილ წყალში გახსნილი ბუნებრივი ანტისეპტიკების პირში გამოივლება ვირუსის პრევენციისთვის - მითია. 22 მარტს “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარ აქცენტებში” მაყურებელმა მოისმინა კორონავირუსის “დასაძლევი” რჩევები, რომელთა ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება.

“როგორ უზრუნველვყოთ, რომ კორონა არ დაგვემართოს. არ მოგესმათ, ეს სავსებით შესაძლებელია. პრევენციის სწორი მექანიზმების დაცვით, კორონავირუსის დაძლევა სავსებით შესაძლებელია. ჩემს ამერიკელ მეგობრებს ვთხოვე, გამოეგზავნათ რას ურჩევენ მათ მათი ცენტრალური ჰოსპიტალები”, - ამ შესავლით დაიწყო “მთავარი აქცენტების” წამყვანმა ნიკა გვარამიამ მაყურებლისთვის რჩევების მიცემა.

მისი მტკიცებით, აღნიშნული რჩევები ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ არის შემუშავებული და ამერიკის ყველა რეგიონის მცხოვრებს ეგზავნება გაიდლაინები კორონავირუსისგან თავის დასაცავად.

“მათი ცენტრალური ჰოსპიტალები აგზავნიან CDC-ის, ანუ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, სხვანაირად მათ უფლება არ აქვთ ეს ქნან… CDC-ის რეკომენდაციები და მის საფუძველზე გამოცემული კლინიკური რჩევები მინდა გაგაცნოთ, იმიტომ, რომ იცოდეთ როგორ დაამარცხოთ კორონავირუსი, როგორც ამერიკელებმა იციან, ზუსტად იმ დონეზე,” - ამ შესავლის შემდეგ გადაცემის წამყვანი მაყურებლისთვის კონკრეტული რჩევების მიცემაზე გადავიდა.

რეკომენდაციები, რომლებიც ნიკა გვარამიამ ეთერში გააჟღერა, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება. შესაბამისად, “მედიაჩეკერმა” ინფექციონისტ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ მაია ბუწაშვილთან გადაამოწმა, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს CDC-ის სახელით გაცემული რეკომენდაციები.

მითი #1 - “დალიეთ ბევრი ცხელი სითხე 20 წუთში ერთხელ”

“დალიეთ ბევრი სითხე და დალიეთ 20 წუთში ერთხელ. მოდით, მოგიყვებით ეს რას ნიშნავს. სითხის დალევა ზოგადად ებრძვის ვირუსულ ინფექციებს - ეს ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირში თბილი სითხის გამოვლების შედეგად, კორონავირუსი რომც გქონდეთ, ზედა სასუნთქ გზებში, ანუ ხახაში და ყელში, ეს ვირუსი ჩადის კუჭში თბილ წყალთან ერთად და კუჭის წვენი მას ანადგურებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ, დალიოთ ძალიან დიდი რაოდენობით, რაც შეგიძლიათ, თბილი სითხე და სასურველია 20 წუთში ერთხელ. ეს იქნება სუპი, ჩაი თუ უბრალოდ თბილი წყალი. ისე, რომ იცოდეთ, თბილი წყალი ყველაფერს ჯობია”.

ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ დიდი რაოდენობით თბილი წყლის დალევა ვირუსით ინფიცირებით რისკს ამცირებს. მისივე თქმით, თითქოს კუჭში ვირუსი კვდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ზოგადად, სითხით შევსება ორგანიზმისთვის აუცილებელია, უბრალოდ 20 წუთში ერთხელ სმა არავის დაუწესებია ჯერ. ზოგადად, სითხეების სმა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სასარგებლოა. თბილ წყალს რაც შეეხება, არავითარი მტკიცებულება არ არის, რომ ეს რამენაირად ამცირებს ვირუსით ინფიცირებას, ამის სამეცნიერო საფუძველი არ არსებობს.

საერთოდ, უფრო ხშირად სასუნთქ გზებში ხვდება ვირუსი პირდაპირ ან შეიძლება მოხვდეს ცხვირის ლორწოვანზე, თვალის ლორწოვანზე. შესაბამისად, ასე უნივერსალურად, რომ მაინც და მაინც პირის ღრუდან ხვდება, ასე არ არის. კუჭში როდესაც მოხვდება ვირუსი, არის ლოგიკა, რომ კუჭის ლორწოვანმა ნაწილობრივ გაანადგუროს. თუმცა, როგორც კვლევებით დამტკიცდა, კორონავირუსი ეფექტურად ვრცელდება განავლის გზით, ამიტომ, როგორც აღმოჩნდა, კუჭის წვენი მას მთლიანად არ ანადგურებს და განავალი მასებითაც გარემოში გამოიყოფა ცოცხალი ვირუსები”.

მითი #2 - “გამოივლეთ ბუნებრივი ანტისეპტიკები”

“დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ პირში გამოივლეთ თბილ წყალში გახსნილი ბუნებრივი ანტისეპტიკები. არ გჭირდებათ აფთიაქი, არ გჭირდებათ ქიმიური ხსნარები. მარილი, ლიმონი ან ძმარი. ის, რაც არის ბუნებრივი ანტისეპტიკი. რატომ? იმიტომ, რომ ის ასუფთავებს პირის ღრუს. კლავს, თქვენ წარმოიდგინეთ, კორონავირუსს, რომელიც შემთხვევით იქ შეიძლება იყოს. რას ვასკვნით აქედან - პირის ღრუში კორონავირუსი, ანუ თუ ის გადმოგეცათ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ თქვენ დაავადდით. თქვენ გაქვთ შანსი, რომ კორონავირუსმა არ განავითაროს მისი მძიმე, ასე ვთქვათ, შედეგები. ეს შანსი არსებობს რამდენიმე საათის და დღის განმავლობაშიც კი. ამისთვის მნიშვნელოვანია გამოივლოთ ბუნებრივი ანტისეპტიკები, როგორც უკვე გითხარით.”

მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ თითქოს ძმრის, მარილის და ლიმონის გამოვლება ვირუსს მოკლავს - ამის სამეცნიერო მტკიცებულებებიც არ არსებობს.

მითი #3 - “პირველი საგანგაშო სიმპტომია დისკომფორტი ყელის არეში”

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და აუცილებლად უნდა იცოდეთ. პირველი და უმნიშვნელოვანესი საგანგაშო სიმპტომი არის დისკომფორტი ყელის არეში. ტკივილი, ხვრა ე.წ., ზუსტად რომ ვთარგმნოთ, როცა გხრავთ ყელში, ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია. შეიძლება სიცხე არ გქონდეთ, შეიძლება არანაირი სხვა სიმპტპმი არ გქონდეთ და ეს ოდნავ დისკომფორტს გიქმნიდეთ, მაგრამ ეს ოდნავ დისკომფორტი არის სიგნალი, რომ თქვენ ძალიან მაღალი ალბათობით კორონავირუსი გაქვთ ჩაბუდებული ყელში. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამას ყურადღება მივაქციოთ? სამი-ოთხი დღე კორონავირუსი ცხოვრობს მხოლოდ თქვენს ყელში. ის არ შლის თავის მომაკვდინებელ საცეცებს, იმიტომ, რომ არ მიუღწევია ჯერ ბრონხებამდე და ფილტვებამდე. ის ცხოვრობს ჯერ ყელში, სადაც არ არის ისე საშიში, კი არა და, მცირე დისკომფორტის შემქმნელია მხოლოდ. გვახსოვდეს, რომ კორონავირუსი ყველაზე საშიში არის, როცა ხვდება ფილტვებში. აი, ყელში როცა ის არის, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ექიმს უნდა დაუკავშირდეთ და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ ანტისეპტიკური საშუალებები, რომელიც, დიდი ალბათობით, მას მოკლავს იქ, სადაც არის, ანუ ყელის არეში და ის ვეღარ გააგრძელებს ცხოვრებას, ვეღარ ჩავა ფილტვებამდე და ბრონხებამდე და ვეღარ იმოქმედებს თქვენზე ისე მძიმედ, როგორც ის მოქმედებს ადამიანებზე, რომლებიც დაავადებულნი არიან კორონავირუსით”.


მაია ბუწაშვილის თქმით, არც ის შეესაბამება სიმართლეს, რომ ყელის ტკივილი კორონავირუსის პირველი საგანგაშო სიმპტომია.

“3-4 დღე კორონავირუსი ყელში არ ცხოვობს. ზოგადად, ყელის ტკივილი ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირ სიმპტომებში რაც შედის, არის ტემპერატურის მომატება და სუნთქვის გაძნელება. ყელის ტკივილი, სურდო და ა.შ., რა თქმა უნდა, ესენიც შესაძლო სიმპტომებია. ყელის ტკივილი, თეორიულად, შეიძლება პირველი სიმპტომიც იყოს, თუმცა ის, რომ ეს ყველაზე საგანგაშო სიმპტომია, რა თქმა უნდა, სწორი არ არის. კორონავირუსის სიმპტომებს შორის ყველაზე საგანგაშო არის სუნთქვის გაძნელება”.

რაც შეეხება “მთავარი აქცენტების” წამყვანის მიერ გაჟღერებულ სხვა რეკომენდაციებს - ხელების დაბანას, ყოველდღიურად შხაპის მიღებას, ლითონის ზედაპირიანი ნივთების დასუფთავებას, სიგარეტის მოწევისგან თავის შეკავებას და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღებას, მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ თითოეული რეკომენდაცია ისედაც ზოგადი ჰიგიენის და სწორი კვების ნაწილია და ჯანსაღი ცხოვრების წესი კორონავირუსის ბრძოლისთვისაც სასარგებლოა:

“შეიძლება, პირდაპირი ანტიკორონავირუსული ეფექტი არ ჰქონდეს, მაგრამ ზოგადად ჯანსაღი კვებაც და ჯანსაღი ცხოვრებაც, რა თქმა უნდა, ავსებს ჩვენს ძალებს ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლა. ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, სწორი რეკომენდაციაა, ხელების დაბანა ამცირებს სერიოზულად რისკს, რამდენადაც ხელი ყოველ წუთში ეხება ზედაპირებს, სადაც შეიძლება იყოს ინფიცირებული ადამიანის წვეთები და ამ ხელით შემდეგ შეიძლება გადავიტანოთ ლორწოვან გარსზე. ეგ ისედაც ზოგადი ჰიგიენის ნაწილია და კორონავირუსის ბრძოლისთვისაც სასარგებლოა”.

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხების კვალიფიციური გაშუქება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამომწურავი და ზუსტი იყოს.

“ვირუსთან დაკავშირებით თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია გადაამოწმეთ ყველა შესაძლო წყაროსთან, რადგან თქვენს მიერ გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციამ, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს”,- წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“მედიაჩეკერს” არაერთი მასალა აქვს მომზადებული იმ რეკომენდაციებზე, რომლების გათვალისწინებაც კორონავირუსის თემაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს მართებთ.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ