უსაფუძვლო თეორია 5G-ის კორონავირუსთან კავშირზე
06.04.2020
იწვევს თუ არა 5G ინტერნეტი კორონავირუსის გავრცელებას? - კონსპირაციული თეორია უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ინფორმაცია ამის თაობაზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის - საქართველოშიც.

რა არის 5G?

ეს არის 4G-ზე 10-20-ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტი. “5G განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიაში”, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გასულ წელს გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ 5G-ს გამოყენება უზრუნველყოფს უამრავი პრობლემური საკითხის გადაჭრას, როგორიცაა:

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვა/დაგეგმარება;
  • ავტოსატრანსპორტო რეგულირების ინფრასტრუქტურის მართვა;
  • სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემების დახვეწა/მუშაობა;
  • სამაშველო ოპერაციების ეფექტიანი მართვა დრონებისა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით;
  • მიუდგომელ ადგილებსა და სტიქიური უბედურებების ზონებში მძიმე ტექნიკის დისტანციური მართვა;
  • ენერგორესურსების დისტანციური მართვა;
  • ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის დანერგვა და მართვა…

5G ქსელი უკვე მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში. 2018 წლიდან კომპანია Verizon-მა 5G აშშ-ში ჩაუშვა. ამის შემდეგ, 5G-ს კომერციული გამოყენება დაიწყეს ჯერ სამხრეთ კორეაში, შემდეგ კი შვეიცარიაში. 2019 წელს კი ჩინეთში ჩაუშვეს 5G-ის უმსხვილესი ქსელი მსოფლიოში.

ევროპაში 5G ლიცენზიები უკვე გაცემულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა - ფინეთი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია.

საქართველოში 5G ქსელის დანერგვისა და განვითარების თვალსაზრისით მკაფიო ვადები განსაზღვრული არ არის.

რას აპროტესტებენ 5G-ის მოწინააღმდეგეები


5G-ის საწინააღმდეგოდ, სოციალურ ქსელებში, მსოფლიოს სხვადასხბა ქვეყანაში შექმნილი არაერთი ჯგუფი იძებნება. ჯგუფებში ავრცელებენ ვიდეოებს, რომლებზეც ასახულია ხანძრის ალში გახვეული ანძები სხვადასხვა ქვეყანაში. ვიდეოებზე თანდართული ტექსტის მიხედვით, ანძებს წვავენ და ანგრევენ მსოფლიოს ქალაქებში, რადგან ისინი იწვევენ ახალი კორონავირუსის გავრცელებას.

ბოლო პერიოდში საქართველოში ვირუსულად გავრცელდა რამდენიმე რუსულენოვანი ვიდეო,  რომლებიც მოსახლეობას 5G-სა და COVID-19-ის ურთიერთკავშირზე აფრთხილებს. ვიდეოს თან ახლავს მიმართვის ტექსტი, რომელიც 5G-ის პროექტის გაჩერებას მოითხოვს მსოფლიოში.

“ჩვენ გვექნება “ჭკვიანი” სახლები, “ჭკვიანი” ბიზნესი, “ჭკვიანი” გზები, “ჭკვიანი” ქალაქები და თვითმართვადი ავტომობილები. პრაქტიკულად ყველაფერი, რაც გვაქვს - იქნება ეს მაცივარი, თუ სარეცხი მანქანა, რძის ბოთლი თუ სავარცხალი, ანტენებითა და მიკროჩიპებით იქნება აღჭურვილი უკაბელო ინტერნეტთან დასაკავშირებლად… დათვლილია, რომ 5G-ის მილიონობით ახალი სადგური და 20 ათასი თანამგზავრი, 200 მილიარდი გადამცემი მოწყობილობა იქნება საჭირო 2020 წელს, შემდეგ ეს მონაცემები გაიზრდება… ასეთი გეგმები საფრთხეს წარმოადგენს და შეიძლება შეუქცევადი შედეგები მოიტანოს კაცობრიობისთვის და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს დედამიწის ეკოსისტემას. აუცილებელია დაუყოვნებლივ იქნას მიღებული ზომები კაცობრიობისა და გარემოს დასაცავად”, - ნათქვამია მიმართვის ტექსტში, რომლის ადრესატია გაერო, ევროკავში, ევროსაბჭო და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები.

საქართველოში სოციალური ქსელების მომხარებლებს შორისაც გამოჩნდნენ ამ კონსპირაციული თეორიის მხარდამჭერები, რომლებიც წერენ:

“უკვე დადასტურდა, რომ 5G პირდაპირ კავშირშია კორონავირუსთან, რომელმაც ზემაღალი გამოსხივების გამო მუტაცია განიცადა. შეიძლება ტექნოლოგიების მესვეურნი თვითონაც არ მოელოდნენ ასეთ შედეგებს და ახლა ვეღარ აკონტროლებენ ამ საშიშროებას, ანდა პირიქით, სწორედ, ეს იყო მათი ჩანაფიქრი. სხვადასხვა ქვეყნებში, ვირუსი სწორედ ყველგან იმ ადგილებში გაააქტიურდა, სადაც 5G ანძები იდგა. ამიტომ დაიწყეს ირანში, ალჟირსა და უკვე, ევროპის ზოგ ქვეყნებშიც, ხალხმა მათი განადგურება. თავისთავად, მავნებლობით 3G-იც მავნებელი იყო და 4G-ც. ამიტომ იმატა ონკოლოგიურმა დაავადებებმა. 5G, როგორც წერენ ექსპერტები, საგრძნობლად ანგრევს იმუნურ სისტემას. როგორც ჩანს, ჩვენთანაც დაიწყეს ამ ანძების დამონტაჟება, რადგან დაიწყეს მაღალი ხეების გაჩეხვა, რადგან მათი ტოტები ხელს უშლიან სიხშირის გავრცელებას”.

"COVID19-სა და 5G-ზე კონსპირაციული თეორია საშიში ყალბი სისულელეა"


ასე გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი მაიკლ გოუვი ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას.

“ვხედავთ, რომ აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ინტერნეტში 5G-სთან დაკავშირებით. არ არსებობს არანაირი სარწმუნო მტკიცებულება 5G-სა და კორონავირუსს შორის შესაძლო რაიმე კავშირზე,” - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კულტურის, მედიის, სპორტისა და ციფრულმა განყოფილებამ.

ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის (NHS) დირექტორის თქმით, 5G-ის ინფრასტრუქტურა კრიტიკულად აუცილებელია როგორც ზოგადად მოსახლეობისთვის, რომელიც უნდა დარჩეს სახლში, ასევე ჯანდაცვის კუთხით ვირუსთან საბრძოლველად.

“აღშფოთებული ვარ და კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმას, რომ ხალხმა რაიმე ისეთი ქმედებები განახორციელოს, რაც დააზიანებს ამ ინფრასტრუქტურას, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება ასეთი საგანგებო სიტუაციის დროს”, - განაცხადა სტივენ პაუისმა.

BBC-ის ცნობით, ბრიტანეთში დაფიქსირდა ანძაზე ხანძრის შემთხვევები, თუმცა ჯერ გამოძიებით არ არის დადასტურებული, რომ ისინი უკავშირდება 5G-ის შესახებ გავრცელებულ ყალბ ამბებს.

იწვევს თუ არა რაიმე დაავადებას 5G?

კონსპირაციული თეორია, რომელიც კორონავირუსის პანდემიას 5G-ისთან აკავშირებს, ვრცელდება იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მობილური ტელეფონის სიგნალი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე ორგანიზაცია Full Fact-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ვკითხულობთ, რომ კონსპიროლოგები 2 მცდარ თეორიას ავითარებენ: ერთი თეორიის მიხედვით, 5G იმუნურ სისტემას აქვეითებს, მეორე კი ეფუძნება იმას, რომ თითქოს ვირუსი როგორღაც იყენებს ქსელის რადიოტალღებს მსხვერპლების შესარჩევად და გავრცელების დასაჩქარებლად.

“მართალია, 5G წინამორბედებისგან განსხვავებულ რადიო სიხშირეებს იყენებს, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოყენებული რადიოტალღები არამაიონებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ აქვს საკმარისი ენერგია იმისთვის, რომ დაარღვიოს დნმ-ის ქიმიური კავშირი ჩვენს უჯრედებში, რათა გამოიწვიოს დაზიანება. მეორე თეორია ეფუძნება ნობელიანტი ბიოლოგის მოსაზრებას, რომლის ვარაუდით ბაქტერიას შეუძლია რადიოტალღების გამოწვევა, თუმცა ეს კვლავაც რჩება საკამათო იდეად და მეცნიერულ საფუძვლებს მიღმაა", - იუწყება BBC.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ორივე ამ თეორიას სერიოზული ნაკლი აქვს ის, რომ კორონავირუსი ვრცელდება გაერთიანებული სამეფოს ისეთ ქალაქებში, სადაც ჯერ არ არის დანერგილი 5G, ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იაპონია და ირანი, სადაც ეს ტექნოლოგია ჯერ საერთოდ არ გამოიყენება.

ევრონიუსიც იგივე ვერსიას ავითარებს და წერს, რომ ელექტრომაგნიტური ტალღები გამოყოფენ ელექტრომაგნიტურ რადიაციას, რომლის მაღალი სიხშირით გამოყენება შესაძლოა იწვევდეს კიბოს. თუმცა დაბალი სიხშირეები, როგორიცაა 5G-ის სიხშირეები, წარმოშობს არამაიონებელ რადიაციას, რომელსაც არ შეუძლია უჯერედებში შეღწევა და მათი დაზიანება. გამოცემის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მობილურ ქსელებზე დეტალური სახელმძღვანელო აქვს, რომლის მიხედვით, ჯანმრთელობის დაზიანების საკითხები მობილური ტექნოლოგიებთან კავშირში არ არის.


5G-COVID19-ის გაშუქება და სანქციები მაუწყებლებისთვის
 

მას შემდეგ რაც ერთერთი რადიოსადგური რამდენჯერმე გააფრთხილეს იმის გამო, რომ 5G-სა და კორონავირუსის პანდემიას შორის კონსპირაციულ თეორიაზე ავრცელებდა ცნობებს, მაუწყებლების მარეგულირებელმა ორგანომ (Ofcom) ბრიტანეთში მედიები გააფრთხილა, რომ სანქციები შეეხებათ, თუკი საეთერო დროს დაუთმობენ კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის კუთხით რჩევებზე ყალბ ამბებს.

გარდიანის ცნობით, რადიოსადგურის გაფრთხილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მათ ეთერი დაუთმეს ქალს, რომელიც აუდიტორიას გაეცნო, როგორც მედდა და რომელმაც ყოველგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე განაცხადა, რომ 5G ტექნოლოგიას უკავშირდებოდა ვუჰანში ვირუსის გავრცელება, ხოლო ვირუსი შექმნილი იყო ლაბორატორიაში.

Ofcom-ის განმარტებით, Covid19-ის წარმომავლობასა და გამომწვევ მიზეზებზე ამგვარი, საზიანო მასალების გამოქვეყნება მაუწყებლების მიერ, კრიზისულ პერიოდში არყევს საზოგადოების ნდობას ინფორმაციის მეინსტრიმული წყაროების მიმართ.

COVID19-ის გაშუქების საკითხებზე ზოგიერთ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვებიც დაუწესდათ მედიებს, რადგან ამ თემაზე დღემდე არაერთი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ