კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სხვადასხვა
მედიასაშუალებებში, სოციალურ ქსელში, ონლაინ გამოცემებსა თუ კლიქბაიტ
საიტებზე ვირუსულად ვრცელდება COVID-19-ის სამკურნალო და საპრევენციო
მედიკამენტების დასახელებები. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური
ცნობით, ჯერ არ არსებობს კორონავირუსის სამკურნალო/საპრევენციო
პირდაპირი მოქმედების პრეპარატი ანდა ვაქცინა, სხვადასხვა ტიპის
გამოცემები მაინც ამტკიცებენ, რომ ესა თუ ის მედიკამენტი დაავადებას
კურნავს, ვირუსს კლავს ან პირიქით - კორონავირუსის “ორგანიზმში
შეჭრას” აძლიერებს.
“მედიაჩეკერმა” თავი მოუყარა ყველა იმ პრეპარატს, რაც ამ დრომდე
სხვადასხვა მედიასაშუალების, გამოცემების გვერდებსა თუ სოციალურ
ქსელში გავრცელდა.
ამცირებს თუ არა კორონავირუსული ინფექციით დაავადების რისკს რომელიმე
პრეპარატის მიღება და რეალურად კურნავს თუ არა კონკრეტული
მედიკამენტები COVID-19-ს, “მედიაჩეკერმა” ექიმ-იმუნოლოგ გიორგი
კამკამიძესთან გადაამოწმა.
"პირველ რიგში,
მინდა ვთქვა, რომ პირდაპირ კორონავირუსის საწინააღმდეგო მოქმედების,
დადასტურებული და დამტკიცებული, არცერთი პრეპარატი დღეისთვის არ
გვაქვს. არის მხოლოდ ექსპერიმენტული პრეპარატები",
-
გიორგი
კამკამიძე, ექიმი - იმუნოლოგი
♦ პლაქვენილი
პლაქვენილის შესახებ ფართო აუდიტორიისთვის თავდაპირველად მაშინ გახდა
ცნობილი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ
ტრამპმა 19 მარტს განაცხადა, რომ მალარიის
სამკურნალო ექსპერიმენტული წამალი ჰიდროქსიქლოროქინი იგივე პლაქვენილი
კორონავირუსის სამკურნალოდ შედეგიანი აღმოჩნდა და მისი გამოყენება
დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. მიუხედავად, სპეციალისტების
გაფრთხილებისა, 5 აპრილს ტრამპმა კვლავ ისაუბრა
პლაქვენილზე და მოქალაქეებს მათი მიღებისკენ მოუწოდა.
ქართული მედია აღნიშნული პრეპარატით განსაკუთრებით მაშინ დაინტერესდა, როდესაც ქართველმა იმუნოლოგებმაც დაადასტურეს, რომ პლაქვენილს საქართველოშიც იყენებენ კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ. მიუხედავად სპეციალისტების განმარტებებისა, ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პლაქველინი უნიკალური პრეპარატია და კორონავირუსს კურნავს.
მეტიც, მედიკამენტის დასახელების შემდეგ, სხვადასხვა მედიაგამოცემები მკითხველს აცნობდნენ, რომ აღნიშნული წამალი საქართველოს აფთიაქებში თავისუფალ გაყიდვაშია და ერთი აბის ღირებულება, დაახლოებით, 83 თეთრია.
გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პლაქვენილს კორონავირუსის ლაბორატოორიულად დადასტურებული, მძიმე პაციენტების სამკურნალოდ ნამდვილად იყენებენ, იმის მტკიცება, რომ ამ პრეპარატით COVID-19 იკურნება, ამ ეტაპზე არასწორია, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს მისი ეფექტურობის დამადასტურებელი კვლევა.
“პლაქვენილი არ არის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, ეს არის მალარიის, პარაზიტული ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატი. რომელსაც ახალი კორონავირუსის დროს ასევე გარკვეული ეფექტი აღმოაჩნდა. ორონდ, ეს, პირველ რიგში, არის დაკავშირებული უფრო მძიმე პაციენტების მკურნალობის ეფექტურობასთან. მისი გამოყენება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის პაციენტებში არ არის მიზანშეწონილი. საპრევენციოდ კი, ცალსახად - არა.”
გიორგი კამკამიძის თქმით, პრეპარატის თვითნებურად გამოყენება დაუშვებელია და შესაძლიო მძიმე შედეგით დასრულდეს:
“ყველაზე მძიმე გართულება, რაც შეიძლება გამოიწვიოს, არის გულ-სისხძარღვთა სისტემის მხრიდან, არითმიის გამოწვევა შეუძლია. ამიტომ, ამ პრეპარატის დანიშვნა, როგორც წესი, ხორციელდება კარდიოგრამის კონტროლით, ანუ კარდიოლოგიური გამოკვლევის ფონზე. გარდა ამისა, კიდევ უამრავი ჩამონათვალია გვერდითი ეფექტების - ყველაზე მძიმე გულის მხრივ, თვალის მხრივ, ნერვული სისტემის მხრივ გართულებები და ა.შ. ძალიან დიდი ჩამონათვალია, რაც ინსტრუქციაშიც არის მითითებული. ეს პრეპარატი ჩვენთან, ძირითადად, გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის და სხვა ავტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ".
♦ ქლოროქინი
სოციალურ ქსელში, სხვადასხვა გამოცემებსა თუ კლიქბაიტ საიტებზე, ქლოროქინს, როგორც კორონავირუსის სამკურნალო წამალს, ზოგჯერ პლაქვენილთან აიგივებენ, ზოგჯერ კი ცალკე პრეპარატად მოიხსენიებენ. ძირითადად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ქლოროქინს ქართველი ექიმები წარმატებულად იყენებენ და მის ეფექტურობას სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებიც აღიარებენ. თუმცა, იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა გამოცემამ მკითხველს აცნობა, რომ საფრანგეთში ახალი პრეპარატმა ქლოროქინმა უიმედო პაციენტებიც კი განკურნა და ქვეყანაში კორონავირუსის დამარცხებას უკვე ზეიმობენ.
გიორგი კამკამიძე განმარტავს, რომ ქლოროქინი და პლაქველინი ერთი და იმავე ჯგუფის პრეპარატებია და ჯერჯერობით არც ამ პრეპარატის ეფექტურობა დადასტურებულა კვლევებით. ასევე, აღნიშნავს, რომ ქლოროქინს კიდევ უფრო მეტი გვერდითი მოვლენები ახასიათებს.
“ქლოროქინი არის იგივე ჯგუფში, რაც ჰიდროქსიდ-ქლოროქინი ანუ პლაქველინი. ქლოროქინი პლაკველინის წინამორბედია. ქლოროქინს ძველად ქინაქინას ეძახდნენ და ისტორიულად, მალარიის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ამ პრეპარატის, ასე ვთქვათ, უფრო ახალი თაობა ანუ პლაქველინი, უფრო ეფექტური აღმოჩნდა, კლინიკური დაკვირვების შედეგად, კიდევ ვიმეორებ, რომ მის ეფექტურობაზე სრულფასოვანი კვლევა არ ჩატარებულა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქლოროქინს უფრო მეტი გვერდითი მოვლენები აქვს".
♦ არბიდოლი
კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატად არბიდოლი თავდაპირველად თებერვალში გაჟღერდა. გამოცემები იუწყებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირში შექმნილი წამალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატად სახელდებოდა და რუსეთსა და ჩინეთში აქტიურად გამოიყენებოდა. გამოცემები იმასაც წერდნენ, რომ ჩინეთმა არბიდოლი კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტად ოფიციალურად აღიარა.
ჩინეთსა და რუსეთში არბიდოლს მართლაც იყენებდნენ, თუმცა, გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ კლინიკური დაკვირვებით, აღნიშნული პრეპარატი დიდი ეფექტურობით არ ხასიათდება:
“არბიდოლი თითქოსდა ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატია, თუმცა არც ამაზეა კარგი კვლევები ჩატარებული. რუსების მიერ არის შექმნილი და, შესაბამისად, გარკვეული სტანდარტები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს, ასეთი კვლევა არ აქვს ამ პრეპარატს. როგორც რუსეთში, ისე ჩინეთშიც ვიცით, რომ იყენებდნენ, თუმცა ამ გამოყენების შედეგად რაიმე მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგი არ დაფიქსირებულა. კლინიკური შემთხვევების აღწერილობაშიც კი ჩანს, რომ ეს პრეპარატი დიდი ეფექტურობით არ ხასიათდება”, - ამბობს გიორგი კამკამაძე.
♦ იბუპროფენი და დიკლოფენაკი
იბუპროფენისა და დიკლოფენაკის “ავკარგიანობაზე” დღემდე ბევრი გამოცემა წერს. თავაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური რეკომენდაციით, ადამიანებმა, რომლებსაც COVID-19-ის სიმპტომები აღენიშნებათ, არ უნდა მიიღონ იბუპროფენი. გამოცემები წერდნენ, რომ თვითმკურნალობის შემთხვევაშიც დაშვებულია პარაცეტამოლის და არა იბუპროფენის მიღება.
მოგვიანებით კი ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იბუპროფენი, დიკლოფენაკი და ნუროფენი კორონავირუსის ორგანიზმში შეჭრას აძლიერებს. სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო ვებგვერდები აღნიშნულ მედიკამენტების მიღებას კორონავირუსით დაინფიცირებასთან პირდაპირ აკავშირებდნენ და მკითხველს მოუწოდებდნენ, რომ ჩვეულებრივი გაციების და სიცხის შემთხვევაშიც კი, არ დალიონ ზემოთხსენებული წამლები
სინამდვილეში, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსით ინფიცირებისას იბუპროფენის, დიკლოფენაკის ან ნუროფენის მიღება საზიანოა. არც იმის სამედიცინო მტკიცებულება არსებობს, რომ აღნიშნული მედიკამენტების მიღება რაიმე კავშირშია კორონავირუსით დაინფიცირებასთან ან დაავადების გამწვავებასთან.
“იბუპროფენი და დიკლოფენაკი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს. პრინციპში, გამოიყენება, როგორც სიცხის დამწევი, ამ შემთხვევაში. ამ პრეპარატებს ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედება არ გააჩნია. კლინიკური დაკვირვებების საფუძველზე, იყო მოსაზრება, რომ იბუპროფენი და დიკლოფენაკი ნაკლებად მისაღებია კორონავირუსის მკურნალობის დროს, ვიდრე, მაგალითად, პარაცეტამოლი. თუმცა, ეს არ დადასტურდა და დღეისათვის არ არის მსგავსი ჩვენება, მტკიცებულება, რომ იბუპროფენი და დიკლოფენაკი არ შეიძლება იყოს გამოყენებული კორონავირუსის დროს. არც ის დასტურდება, რომ ეს პრეპარატები აძლიერებს “ვირუსის შეჭრას”, არ არსებობს ამის მტკიცებულება".
კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, არაერთხელ გავრცელდა მითი, თითქოს ანტიბიოტიკების მიღება ორგანიზმს კორონავირუსისგან იცავს. ამ დეზინფორმაციის შესახებ უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა, რომ საპრევენციოდ ანტიბიოტიკების მიღება დაუშვებელია, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ამ მითის გასაქარწყლებლად არაერთი ინფორმაცია გამოქვეყნდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვირუსის საპრევენციოდ ანტიბიოტიკების ეფექტურობის თეორია დღემდე მაინც აქტუალურად რჩება.
“ვირუსულ ინფექციას ხშირად ერთვის გართულება ბაქტერიებით, იგივე, მაგალითად, ფილტვების ანთების მიზეზი ვურუსული დაავადების დროს ხშირ შემთხვევაში არის ბაქტერიები. ასეა კორონავირუსის შემთხვევაშიც. ამ მიზეზის გამო გამოიყენება ანტიბიოტიკები და არა თვითონ ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ”,- განმარტავს გიორგი კამკამიძე.
კონკრეტული ანტიბიოტიკის - აზითრომიცინის გამოყენების შესახებ ინფორმაცია თავპირველად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაავრცელა და თქვა, რომ ექიმები პლაქვენილს აზითრომიცინთან ერთად კომბინაციაში ეფექტურად იყენებდნენ. ინფორმაცია მალევე გავრცელდა ქართულ მედიაშიც.
გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ ანტიბიოტიკების, მათ შორის აზითრომიცინის თვითნებურად მიღება დაუშვებელია და მისი შერჩევა და დანიშვნა მხოლოდ ინდივიდუალურად, ექიმის მიერ არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა კორონავირუსით დაავადებული მძიმე პაციენტების მკურნალობისას, პლაკველინთან ერთად კომბინაციაში აზითრომიცინის მიღებისას გარკვეული დადებითი შედეგები დააფიქსირეს, ამ დრომდე არ არსებობს კარგი კვლევა, რომელიც ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურებდა:
“აზითრომიცინი არის ჩვეულებრივი ანტიბიოტიკი, ძალიან ფართოდ გავრცელებული და, პრაქტიკაში, ინიშნება ბაქტერიების საწინააღმდეგოდ. პლაკველინთან ერთად კომბინაციაში, ამ პრეპარატის გარკვეული ეფექტურობა დააფიქსირეს, თუმცა, კარგი კვლევა ამასთან დაკავშირებით ჯერ არ ყოფილა ჩატარებული და ეს არის მხოლოდ კლინიკური დაკვირვებების საფუძველზე. ასე სწრაფად სრულფასოვანი კვლევები მაინც ვერ ჩატარდება, მაგრამ ეხლა მიმდინარეობს შედარებით “გამართული” კვლევა და ალბათ გამოჩნდება მართლა ეფექტურია თუ არა ეს კომბინაცია, თუ უბრალოდ შემთხვევითად იყო პაციენტებში მიღებული ეფექტი".
♦ ტოცილიზუმაბი
ამ მედიკამენტის დასახელება
თავდაპირველად აპრილის დასაწყისში გაჟღერდა. როდესაც, მედიისთვის
ცნობილი გახდა, რომ საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტის
სამკურნალოდ პრეპარატი "ტოცილიზუმაბი" პირველად გამოიყენეს.
მიუხედავად იმისა, რომ მის ეფექტურობაზე ბევრი წერს, დღემდე არ
არსებობს კვლევა და იმის სამედიცინო მტკიცებულება, რომ აღნული
მედიკამენტი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ეფექტურია. ტოცილიზუმაბის,
ისევე, როგორც სხვა ზემოთხსენებული პრეპარატების თვითნებურად მიღება
დაუშვებელია. გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ, საბედნიეროდ,
ტოცილიზუმაბი მოსახლეობისთვის მარტივად ხელმისაწვდომი პრეპარატი არ
არის.
“ტოცილიზუმაბი არის იმუნოთერაპიული საშუალება, ანუ იმუნოლოგიური
მექანიზმით მოქმედებს და გამოიყენება სხვადასხვა იმუნოლოგიური ტიპის
დაავადებების სამკურნალოდ. ასე ვთქვათ, საკმაოდ პერსპექტიული
პრეპარატია, საქართველოშიც, როგორც ვიცით, ერთი-ორ პაციენტზე
გამოიყენეს. თუმცა, ძალიან ძვირია და აფთიაქებშიც არ იშოვება,
საბედნიეროდ, რომ პირდაპირ პაციენტებმა იყიდონ. ამ დროისთვის
გამოიყენება მხოლოდ მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში, როდესაც არის
ე.წ. “ციტოგენური შტორმის” მდგომარეობა. ამ პრეპარატზეც ჯერჯერობით
შედარებით ნაკლებად არის კლინიკური დაკვირვება და სრულფასოვანი კვლევა
არ ჩატარებულა"
♦ რემდესივირი
“კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატი შექმნილია” - ამ სათაურით ერთ-ერთმა გამოცემამ მკითხველს პრეპარატი რემდესივირი წარუდგინა. ამ მედიკამენტის შესახებ მედიაში თებერვლის შუა რიცხვებიდან ვრცელდება ინფორმაცია. სხვადასხვა პერიოდში, გამოცემები სიხარულით იუწყებოდნენ, რომ ახალი პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირებულებს კურნავს.
სინამდვილეში, რემდესივირი ახალი მედიკამენტი არ არის და ის სპეციალურად კორონავირუსის სამკურნალოდ არ შექმნილა, ეს პრეპარატი ებოლას საწინააღმდეგოდ შეიქმნა და პირველად სწორედ მაშინ გამოიყენეს.
“რემდესივირი პირდაპირი მოქმედების ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატია. თუმცა ეს პრეპარატი არ შექმნილა კონკრეტულად კორონავირუსის სამკურნალოდ. ის უკვე არსებობდა, ებოლას ეპიდემიის დროს გამოიყენეს პირველად. შესაბამისად, არავინ იცოდა რა ეფექტი შეიძლება ჰქონოდა ამ პრეპარატს კორონავირუსზე. დღეს მიმდინარეობს კარგი კვლევა და, გვპირდებიან, რომ შედეგები გვეცოდინება მაისის ბოლოს“, - ამბობს გიორგი კამკამიძე.
მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსები ამ პრეპარატს საიმედოდ მიიჩნევენ და რემდესივირის პერსპექტიულობაზე ხშირად საუბრობენ, მისი ეფექტურობა ოფიციალური კვლევით ჯერ არ დადასტურებულა.
♦ მეფლოხინი
გავრცელდა ინფორმაცია მალარიის სამკურნალო პრეპარატ მეფლოხინზეც. აღნიშნულ მედიკამენტზე რუსული პროპაგანდისტული გამოცემა სპუტნიკი, ერთ-ერთ რუსულ სააგენტოზე (ria.ru) დაყრდნობით, მტკიცებით ფორმაში წერდა, თითქოს, რუსმა მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი შეიმუშავეს და ახალი მედიკამენტი „მეფლოხინის“ ბაზაზე შექმნეს. მეტი დამაჯერებლობისთვის, გამოცემა განმარტავდა, რომ რუსმა ექიმებმა კორონავირუსის მკურნალობის სქემა ჩინური და ფრანგული გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავეს.
ჯერჯერობით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მეფხოლინი ანდა მის ბაზაზე შექმნილი რაიმე პრეპარატი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოდგება. მეფხოლინის ეფექტურობას არ ადასტურებენ მედიკოსები და მეტიც, გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ მეფხოლინი არაპერსპექტიულ პრეპარატად ითვლება:
“ამ პრეპარატზე რაიმე სასიკეთო შედეგები ჯერჯერობით არ გვაქვს, არაპერსპექტიულად ითვლება”.
♦ შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატები
კორონავირუსის წინააღმდეგ შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების შესახებაც აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია. გამოცემები იუწყებოდნენ, თითქოს შიდსის წამალი კორონავირუსს კურნავს. თუმცა, ოფიციალური წყაროები COVID-19-ის წინააღმდეგ აივ ინფექციის წამლის ეფექტურობას არ ადასტურებენ.
“შიდსის საწინააღმდეგო წამლებზე თავიდანვე გეტყვით, რომ დღეს უკვე თითქმის დადასტურებულია, რომ ისინი არ არის ეფექტური, არ ამჟღავნებს ეფექტურობას კორონავირუსის საწინააღმდეგოდ”, - ამბობს გიორგი კამკამიძე.
♦ ფავიპირავირი
რემდესივირის მსგავსად, ფავიპირავირის შესახებ სხვადასხვა გამოცემები იუწყებოდნენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი უკვე არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მედიკამენტზეც სპეციალისტები გარკვეულ იმედებს ამყარებენ, ჯერჯერობით არ არსებობს მისი ეფექტურობის დამადასტურებელი სამედიცინო კვლევა.
სხვა ზემოთჩამოთვილი პრეპარატების მსგავსად, არც ფავიპირავირია კონკრეტულად კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი. აღნიშნული მედიკამენტი იაპონიაში გრიპის სამკურნალოდ შეიქმნა.
“ეს არის იაპონიაში შექმნილი პრეპარატი, რომელიც გამიზნული იყო გრიპის საწინააღმდეგო, სამკურნალო საშუალებად. ექსპერიმენტულ კვლევებში აღმოაჩნდა კორონავირუსის საწინააღმდეგო მოქმედება, თუმცა, რემდესივირის მსგავსად, ამ პრეპარატზეც მიმდინარეობს კვლევა, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს. ახლო მომავალში ამაზეც გვექნება პასუხი. ეს პრეპარატი ჩვენთან რეგისტრირებული არ არის, აფთიაქებში არ იყიდება და, შესაბამისად, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არ არის”, - ამბობს გიორგი კამკამიძე.
♦ ივერმექტინი
ექიმი იმუნოლოგის განმარტებით, ივერმექტინი ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი არ არის და მას სხვადასხვა პარაზიტული ინფექციების დროს იყენებენ. გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული მძიმე პაციენტების სამკურნალოდ მას დამატებით პრეპარატად იყენებენ, თუმცა, სხვა პრეპარატების მსგავსად, არც მისი ეფექტურობა დადასტურებულა ამ დრომდე:
“ივერმექტინს ვიყენებთ მუნის სამკურნალოდ, მაგალითად, და ზოგიერთი სხვა პარაზიტული ინფექციის დროს. ჩვენს აფთიაქებში ეს პრეპარატი არ იყიდება და როცა გვჭირდებოდა ხოლმე ჩამოგვქონდა უცხოეთიდან. თუმცა, იმის საშიშროება არის, რომ, მაგალითად, ვინმემ შემოიტანოს ევროპის ქვეყნებიდან. ჯერჯერობით, არ არსებობს რეკომენდაცია იმაზე, რომ ეს პრეპარატი ეფექტური იქნება კორონავირუსის წინააღმდეგ. მისი გამოყენება თვითნებურად დაუშვებელია.”
ექიმი იმუნოლოგი განმარტავს, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი პრეპარატი გამოიყენება არა უშუალოდ ვირუსის, არამედ მასთან ერთად გამოწვეული გართულებების სამკურნალოდ.
“ყველა ის პრეპარატი, რომელიც დღეისათვის მეტნაკლებად არის მოწოდებული კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის მართვისთვის, მათი ეფექტურობა არის დაფუძნებული უფრო მეტად კორონავირუსით გამოწვეული გართულებების სამკურნალოდ და არა უშუალოდ თვითონ ამ ვირუსის გასანადგურებლად. შესაბამისად, ეს ყველა პრეპარატი არაპირდაპირი მოქმედების პრეპარატებია და მათი ეფექტურობაც არაპირდაპირია.”
გიორგი კამკამიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონკრეტულად კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ამ დრომდე არ არსებობს.
"ჯერ კიდევ ველოდებით ისეთ პრეპარატს, რომელიც იქნება პირდაპირი მოქმედების ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ. ყველა ზემოთჩამოთვილი პრეპარატი არის საკმაოდ მძიმე, სერიოზული პრეპარატი და მათი საპროფილაქტიკოდ გამოყენება ნამდვილად დაუშვებელია. ასევე, მსუბუქი პაციენტებისთვისა კი არ არის რეკომენდებული. არავის არ ვურჩევ, რომ თვითნებურად იყიდოს ეს პრეპარატები და დაიწყოს მათი მიღება. ეს გამოიწვევს ძალიან ბევრ გვერდით მოვლენას და ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა განვითარდეს."
ხშირად, ზემოთჩამოთვლილი მედიკამენტების დასახელება - რეკომენდაციის დართვით, “მიიღეთ” ან “არ მიიღოთ” ესა თუ ის პრეპარატი, მტკიცებით, რომ “ეს წამალი კორონავირუსს კურნავს” და ა.შ - დიდი ასოებით, ძახილის ნიშნებით და მყვირალა ტექსტებით, პირდაპირ სათაურშია გამოტანილი. არის შემთხვევები, როდესაც სტატია საერთოდ არ შეესაბამება სათაურს და თუ მკითხველი სრულად წაიკითხავს, აღმოაჩენს, რომ ამა თუ იმ პრეპარატის ეფექტურობა ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული და მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია. არსებობს რეალური საფრთხე, რომ მკითხველმა მხოლოდ სათაურიდან მიიღოს ინფორმაცია, შეცდომაში შევიდეს და ირწმუნოს, რომ რომელიმე კონკრეტული პრეპარატის მიღება კორონავირუსისგან დაიცავს.
როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, COVID-19-ის სამკურნალო საშუალებებზე საზოგადოებაში მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აუდიტორიამ მედიკამენტების შესახებ ოფიციალურ წყაროებთან გადამოწმებული ინფორმაცია მიიღოს. მსგავს კრიზისულ ვითარებაში, მედიას მართებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა და პასუხისმგებლობა, რომ მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია, შეცდომაში არ შეიყვანოს აუდიტორია და ე.წ. კლიკებს არ შეწიროს ფაქტები.
“ზოგადად, არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ წამლების დასახელებები არ უნდა იყოს ნახსენები. მსოფლიოში ყველა სანდო მედია ასახელებს სახელებს, შეუძლებელია მედიკამენტებზე ილაპარაკო სახელის გარეშე, აბსტრაქტულად ვერ ილაპარაკებ... თუმცა, რა თქმა უნდა, მედიას აქვს პასუხისმგებლობა, რომ სწორად გააშუქოს და ზუსტად აღწეროს ამბავი. ერთი შეხედვით, თითქოს საბაზისოა, რომ წყარო ყოველთვის უნდა გადაამოწმო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეგეც არ ხდება. არიან მედიები, რომლებიც, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას”, - ამბობს ცირა გვასალია, “კაქტუს-მედიის” დამფუძნებელი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის საკითხებს აქტიურად აშუქებს.
ამა თუ იმ მედიკამენტის ეფექტურობის დასამტკიცებლად, მეტი დამაჯერებლობისთვის, ხშირად გამოცემები ინფორმაციის წყაროდ უცხოელი თუ ადგილობრივი ექიმების, ზოგჯერ კი სრულიად უცნობი ადამიანების მოსაზრებებს იშველიებენ.
“მეცნიერების ერთ დარგში ნობელის პრემიის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი მეცნიერების ყველა დარგში ერკვევა. არც დოქტორის ხარისხი და პრესტიჟულ სამედიცინო სკოლაში სწავლება არ აქცევს მას სხვა კონკრეტულ საკითხში კომპეტენტურ და ავტორიტეტულ მეცნიერად” - ვკითხულობთ ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორ ბილ ჰენეჯის მიერ Journalist’s Resource-სთვის გაზიარებულ რჩევებში.
ცირა გვასალია, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ჟურნალისტმა პირველწყაროდან მიღებული ინფორმაცია გაუზიაროს აუდიტორიას:
“ჩემი წყაროები არის პირდაპირი წყაროები მაგალითად, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), The New York Times და ა.შ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტი თვითონ ეცნობოდეს პირველწყაროს. დაავადებათა კონტროლის გვერდზეც არის ქართულად ნათარგმნი, მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფოგრაფიკები და მნიშვნელოვანი ინფორმაციები. იმის თქმა მინდა, რომ ქართულ ენაზეც საბაზისო ინფორმაცია ხელმისაწვდომია.”
გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციის განსაკუთრებულ მნიშნველობაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც. ქარტიის განცხადებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომატებულია დეზინფორმაციის ნაკადი, რაც მედიისთვის ქმნის ახალ გამოწვევას, დახარჯოს განსაკუთრებული ძალისხმევა ინფორმაციის გადამოწმებაში:
“ახალმა რეალობამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა მედია პროფესიული სტანდარტების დაცვის თვალსაზრისითაც. კორონავირუსის გაშუქებისას აუცილებელია ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების: სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და ა.შ. დაცვა. ამავდროულად, მედიას მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე ტერმინოლოგიის გამოყენებისას” , - ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ COVID-19-ის გაშუქების გზამკვლევში.