Facebook-მა პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული 900-მდე ანგარიში წაშალა
05.05.2020
Facebook-მა 900-მდე ანგარიში წაშალა, რომელთა უმრავლესობა (790) კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებულ მედიაკომპანია "ესპერსონას" უკავშირდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ის აპრილის თვის ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც დღეს, 5 მაისს გამოქვეყნდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ Facebook-მა წაშალა 790 ანგარიში - მათგან 511 გვერდი, 122 ჯგუფი, 101 ფეისბუკის და 56 ინსტაგრამის ანგარიში, რომლებიც დაკავშირებული იყო კოკა ყანდიაშვილის მედიაორგანიზაცია „ესპერსონასთან“. ფეისბუკიდან წაშლილია  კოკა ყანდიაშვილის პირადი ანგარიშიც.

Facebook-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ DFRLab-ის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი უფროსი, კოკა ყანდიაშვილი და მისი მეუღლე, თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, გაშიფრული სქემის ხელმძღვანელები იყვნენ. მათი ანგარიშები წაშლილია, რადგან დაკავშირებული იყო იმ ჯგუფებსა და გვერდებთან, რომლებიც, ყალბი ახალი ამბების გავრცელებით, პროსახელისუფლებო და ხშირად ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწეოდნენ.

DFRLab-ის მკვლევრების ინფორმაციით, სოციალურ ქსელში ყალბი გვერდებისა და ანგარიშების აქტივობა, ძირითადად, ჯგუფებში სხვადასხვა კონტენტის გაზიარება იყო. ყალბი გვერდები განსაკუთრებით ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის პერიოდში აქტიურდებოდნენ. ყალბი ანგარიშებისა და გვერდების ნაწილი 2019 წლის ივნისისის საპროტესტო აქციების შემდეგ შეიქმნა და მათი მთავარი მიზანი სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაცია იყო.

Facebook-ის ინფორმაციით, ასევე, წაიშალა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული 80 გვერდი, 23 ფეისბუკის მომხმარებელი, 41 ჯგუფი და 9 ინსტაგრამის ანგარიში.

გარდა ამისა, წაიშალა ეპიდემიოლოგებისა და ექიმების სახელებით შექმნილი ანგარიშები, რომლებიც, მკვლევართა ვარაუდით, დეზინფორმაციის გასავრცელებლადაც იქნებოდა გამოყენებული.

ფეისბუკის მიერ გამოქვეყნებული აპრილის ანგარიში კიდევ რამდენიმე ქვეყანას ეხება. საქართველოს გარდა, ფეისბუკმა გვერდები და მომხმარებლები რუსეთში, ირანში, აშშ-ში, მავრიტანიასა და მიანმარშიც წაშალა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ