Facebook-მა კრემლისტური სააგენტო News-Front-ის გვერდი წაშალა
01.05.2020
30 აპრილს Facebook-მა რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო News-Front-ის გვერდი წაშალა. ამის შესახებ ინფორმაციას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ავრცელებს.

"Facebook-ის წარმომადგენლებთან ინტერაქციის შედეგად, ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ Facebook მუშაობდა News-Front-ის არაავთენტური ქსელის გამოვლენაზე, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. გასულ კვირაში ჩვენ მათ წინასწარ მივაწოდეთ ჩვენი მონიტორინგის შედეგები. დღეს კი, ეს 12 ანგარიში და რაც მთავარია, თავად News-Front Georgia სოციალური ქსელის პლატფორმაზე აღარ იძებნება. წაშლილია ნიუს-ფრონტის ინფრასტრუქტურა სხვა ქვეყნებშიც", - წერს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი მეხეილ ბენიძე.



არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED სააგენტო News-Front-ის მასალების ფეისბუკზე გავრცელების სქემას ღია წყაროების გამოყენებით სწავლობდა. ორგანიზაციის დასკვნით, გამოცემა ფეისბუკზე პლატფორმის წესების მასობრივი დარღვევით ოპერირებდა:

“ნიუს-ფრონტ ჯორჯიას” ფეისბუქ გვერდი და მისი ადმინისტრატორი სხვა არაავთენტურ ანგარიშებთან ერთად შერჩევითად, ვიწრო სამიზნე აუდიტორიაზე გათვლით ავრცელებდა ინფორმაციას, რომელიც მიმართული იყო ქართულ „ფეისბუქ“ მომხმარებლებში ანტაგონიზმისა და აგრესიის გაღვივებისკენ, საზოგადოების დახლეჩვისკენ და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ. „ნიუს-ფრონტი“და მასთან კოორდინირენული არაავთენტური ანგარიშები სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით ავრცელებდნენ ანტიდასავლურ, პრო-რუსულ გზავნილებს და ქმნიდნენ არაავთენტურ ინტერაქციას „ფეისბუქის“ აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის მიზნით”, - ნათქვამია ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიშში.

NEWS FRONT რუსეთშია რეგისტრირებული და 9 ენაზე (რუსულად, ქართულად, ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, სერბულად, უნგრულად, ესპანურად, ბულგარულად) აქვეყნებს კონტენტს. გამოცემა დიდი ხანია შემჩნეულია რუსულ პროპაგანდასა და ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებაში. News Front-ი ბოლო პერიოდში ანტიდასავლური გზავნილებით გაჯერებულ, მანიპულაციურ ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზეც ავრცელებდა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ