“ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ტროლებისა და ბოტების შემქმნელი ერთადერთი პოლიტიკური ძალა “იმედზე”
12.05.2020
“ნაციონალური მოძრაობა” - პოლიტიკური ძალა, რომელიც Facebook ტროლებისა და ბოტების საშუალებით ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად მუქარას, შეურაცხყოფასა, სიძულვილის ენას იყენებს - ასეთ კონტექსტში გაშუქდა 10 მაისს ტელეკომპანია “იმედის” კვირის შემაჯამებელ გადაცემაში - “იმედის კვირა” სოციალური მედიაგიგანტის Facebook-ის მიერ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ასობით ყალბი გვერდის გაუქმების შესახებ ამბავი.

სიუჟეტში მთავარი აქცენტი მხოლოდ ერთ კონკრეტულ პარტიაზე რომ იქნებოდა, ეს თემის წარდგენისას წამყვანის ტექსტიდანვე გახდა ნათელი. “სააკაშვილი, სავარაუდოდ, დროებით დაივიწყებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, იმიტომ, რომ Facebook-ის ადმინისტაციამ პარტიასთან დაკავშირებული ყველა [ყალბი] გვერდი და ანგარიში დაბლოკა”, - განაცხადა წამყვანმა და იქვე გვამცნო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ტერორის ახალი სტრატეგიისა” და “ადამიანების დისკრედიტაციაში დახარჯულ ასეულ ათასობით ლარზე” უკვე სიუჟეტიდან შევიტყობდით.

ამის შემდეგ, დაახლოებით 12 წუთიანი სიუჟეტის მთავარი ხაზი, სრულად “ნაცინალური მოძრაობის” მიერ ოპონენტების დისკრედიტაციისთვის Facebook-ის ყალბი ანგარიშებისა და გვერდების გამოყენებაზე იყო აგებული და არაფერი თქმულა, ამავე პლატფორმის მიერ პროსამთავრობო გვერდებისა და ანგარიშების წაშლაზე, რომლებიც იმავე საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი, თუმცა საპირისპირო მხრიდან.

ასე მაგალითად, გავიგეთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა - “მუქარა, შეურაცხყოფა, სიძულვილის ენა ახლა უკვე საერთაშორისოდ არის ცნობილი” და რომ “ისინი მომხმარებლებს Facebook-მა გააცნო, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” მართლმადიდებელი ეკლესიის, ხელისუფლების და Covid-19-თან ბრძოლის სახელისუფლებო სტრატეგიის წინააღმდეგ” ბრძოლისთვის იყენებდა და “რაშიც 10 000-ობით ლარს ხარჯავდა”.

სიუჟტიდან ისიც შევიტყვეთ, რომ აღნიშნული პარტია სოციალურ ქსელს არასრულწლოვნების დაცინვისა და შეურაცხყოფისთვის, მათი ოჯახების, აგრეთვე ემიგრანტების მუქარისთვის იყენებდა.

“სიძლვილის ენით იბრძვიან ყველგან, საქართველოშიც და ემიგრაციაშიც. ებრძვიან ყველას, ვისაც მათი დაბრუნება არ სურს. ყველას, ვისთვისაც მათი მეთოდები მიუღებელია, ვინც არ არის მათთან, განურჩევლად ასაკისა სქესისა, აღმსარებლობისა და პროფესიისა”, - თქვა ჟურნალისტმა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი “ამ მეთოდებით” იმ დროიდან იბრძვის, როდესაც “სოციალური მედია ასეთი გავლენიანი ჯერ კიდევ არ იყო”. მისი ამ მსჯელობის გასამყარებლად “ახლო წარსული” გაიხსენა, როდესაც მისივე თქმით, ამ პოლიტიკურმა ძალამ “ე.წ. ალისტრახოების მთელი გუნდი” შექმნა, რომელსაც ბიუჯეტიდან “ოღონდ შავად, სახელისუფლებო გავლენებით” აფინანსებდა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდა. “სიძულვილის ენა აქაც მთავარი იყო”, - დასძინა მანვე.

ჟურნალისტმა იმის საჩვენებლად, რომ “არაერთი საარჩევნო მარცხის” შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ბრძოლის მეთოდები “კიდევ უფრო დაუნდობელი გახდა”, კიდევ უფრო ახლო წარსული - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაიხსენა და თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფები სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ყოველგვარ ზღვარს გადასცდნენ და გამოიყენეს ისეთი საშუალებები, რომელსაც პოლიტიკური მიზანი ნამდვილად ვერ ამართლებდა”.

სიუჟეტში ქართული ოცნების წევრისა და პროსამთავრობო ანალიტიკოსის შეფასბებიც მოვისმინეთ, რომლებიც ასევე “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით გამოყენებულ ყალბ ანგარიშებზე საუბრობდნენ და პარტიის ასეთ ქმედბებს “რუსული ჰიბრიდული ომის” კონტექსტში განიხილავდნენ.

ამის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ბრძოლის რუსული მეთოდების გამოყენების ხაზი სიუჟეტში უკვე თავად ჟურნალისტმა განავითარა. არგუმენტაციისთვის კიდევ უფრო მძაფრი ელფერის შემატებისთვის მან ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების სპიკერის პიტერ სტანოს განცხადებაც მოიშველია, რომელიც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, “პანდემიის დროს პოლიტიკურად ამოჩემებული ერების დაზაფვრა, რომ მათი ხელისუფლება სათანადოდ ვერ იცავს, სწორედ რუსული ხელწერაა”.

სიუჟეტის ავტორი საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ციფრული ლაბორატორიის კვლევის იმ ნაწილსაც იყენებს, რომელშიც ხელისუფლებასთან დაახლოებული პიარტექნოლოგის კოკა ყანდიაშვილის საინფორმაციო სააგენტოს “ესპერსონას” ფეისბუკანგარიშების გაუქმებაზეა საუბარი და ნათქვამია, რომ ქსელის მიზანი პოლიტიკური ოპოზიციისა და დემოკრატიის მომხრე აქტივისტების იმიჯის შელახვა და ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცება იყო.

ჟურნალისტი აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბათუ ქუთელიას “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებაზე მიუთითებს და სწორედ აღნიშნულით ხსნის იმ ფაქტს, რომ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ “ვრცელ კვლევაში “ნაციონალურ მოძრაობას” მხოლოდ ერთი წინადადება ეთმობა”. იგი აღნიშნულზე კვლევის ერთ-ერთი ავტორის განმარტებას, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ცენტრს “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ანგარშების შესწავლის საშუალება არ მისცემია “თავისმართლებას უწოდებს” და ამბობს, რომ მისი “ინტელექტუალური შესაძლებლობები მხოლოდ კოკა ყანდიაშვილისა და ესპერსონას ანალიზს გასწვდა”.

აღსანიშნავია, რომ იმავე ინტერვიუში ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი იმასაც უსვამს ხაზს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ხსენებულ პარტიასთან დაკავშირებული ანგარიშების შესწავლის შესაძლებლობა არ ჰქონიათ, Facebook-ის განცხადებამ აღნიშნულ ანგარიშებთან მიმართებით ყველაფერი ნათელი გახადა, რომ ეს გვერდებიც იმავე ქცევაში იყვნენ ჩართულები, ოღნდ მეორე მხრიდან და იმავე სახის კონტენტს აზიარებდნენ, რომ ხალხი შეცდომაში შეეყვანათ. თუმცა, მისი განცხადების ეს ნაწილი”იმედის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში ვერ მოხვდა.

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილთან მიმართებით, მხოლოდ იმას ამბობს, რომ ყანდიაშვილი ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერია და ამას არავინ უარყოფს. “თუმცა ის ოფიციალურად პარტიაში არ საქმიანობს და, შესაბამისად, მისი კონკრეტულ ორგანიზაციასთან გაიგივება არც ფეისბუკის გამოძიებას მოუხდენია”.

მას არ ჰქონია, მცდელობა, რომ თუნდაც ფორმალურად დაესვა კითხვის ნიშანი და ყანდიაშვილის მიერ მართულ მედიასაშუალებასთან დაკავშირებული გვერდების ხელისუფლებასთან კავშირის თუნდაც თეორიული შესაძლებლობა დაეშვა. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც კვლევის თანახმად, აღნიშნული ანგარიშების მთავარი მიზანი სწორედ ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის მხარდაჭერა და აღნიშნულის გარშემო საზოგადოებრივი აზრის მობილიზება იყო.

ამბის მგავსი, მხოლოდ ცალმხივი პოზიციიდან წარმოჩენა, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ სიუჟეტის ავტორის მიზანი Facebook-ის მიერ გაუქმებული ყალბი ანგარიშებისა და გვერდების შესახებ საზოგადოებისთვის არა ზუსტი და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება, არამედ მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის დისკრედიატაცია იყო. ამასთან, სიუჟეტში ავტორის მხრიდან ნათლად იკვეთებოდა ამავე პლატფორმის მიერ გაუქმებულ პროსამთავრობო გვერდებისსა და ანგარიშებთან ხელისუფლების რაიმე კავშირის კატეგორიული უარყოფისა ძალისხმევა და საზოგადოების თვალში მმართველი გუნდის დადებითი იმიჯის შენარჩუნების მცდელობა.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ