ონის ჰესების კაშხალი, როგორც რაჭის განვითარების უპირობო პერსპექტივა “იმედზე”
20.05.2020
ონის ჰესების კაშხალი, როგორც გარემოსთვის სრულიად უსაფრთხო და რაჭის განვითარების პერსპექტივა - ამ კონტექსტში წარმოაჩინა ტელეკომპანია “იმედმა” 17 მაისს კვირის შემაჯამებელ გადაცემაში - “იმედის კვირა” ონში ჰესების მშენებლობის პროექტი. ეს კი იმ ფონზე, როდესაც პროექტის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი მოსახლეობა კი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს უკვე კარგა ხანია გამოხატავს.

სიუჟეტში, რომელიც ტელეკომპანია “იმედმა” “მთავარი არხის” მიერ “პროექტის მიმართ კრიტიკულ კონტექსტში მომზადებული სიუჟეტის საპირწონედ და “ყალბი ამბის” გამოსააშკარავებლად მოამზადა, კრიტიკული პოზიციისა და შეკითხვების გარეშე, მხოლოდ იმ სარგებელსა და დადებით შედეგებზე იყო საუბარი, რომელსაც ადგილობრივები პროექტის განხორციელების შემთხვევაში მიიღებენ.

სიუჟეტის დასაწყისში ავტორმა განგვიმარტა, რომ “იგი არ მოგვიყვებოდა ტყუილს იმის შესახებ, როგორ აქრობს მდინარე რიონს და მთელ რაჭას ონის ჰესების კასკადი, რადგანაც ეს სხვა არხზე უკვე მოვისმინეთ და ახლა უკვე სიმართლის დრო იყო”. “რიონი არ ქრება, მეტიც, ახლა აქ რომ ჰესი უკვე მუშაობდეს, აღებული წყლის დანაკლისს ამ პერიოდში თვალით თქვენ ვერც კი შეამჩნევდით”, - დაგვაიმედა ჟურნალისტმა, თუმცა კონკრეტულად რა გეოლოგიურ დასაბუთებას ეყრდნობოდა იგი, სიუჟეტში არ ჩანდა.

მანვე ისიც გვითხრა, რომ დალექვის შემდეგ, წყალმა 5.2 მეტრის დიამეტრის გვირაბში უნდა გაიაროს, რომელიც “მსოფლიოში ყველაზე მტკიცე მეთოდით - რკინა-ბეტონით იქნება მოსაზღვრული”. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ონი1 და ონი2 ჰესებისთვის დაბალი, მხოლოდ 8 მეტრის სიმაღლის დამბები დაიდგმება და “პროექტი არც რიონის კალაპოტს ცვლის და არც რაჭის კლიმატს ან ეკოსისტემას”.

“რაჭაში არც მინერალური წყლები გაქრება და არც მოსახლეობას შეექმნება რამე საფრთხე, მეტიც პროექტის გამო დეგრადირებული მურყანი ერთჯერადად და ისიც მცირე რაოდენობით მოიჭრება”, - კიდევ ერთხელ დაგვაიმედა ჟურნალისტმა.

მანვე საკუთარი მსჯელობის გასამყარებლად ექსპერტების დასკვნებიც მოიშველია, რომლებიც, როგორც თავადვე განმარტა, პროექტს ადგილზე რამდენიმე წლის განმავლობაში, ოთხივე სეზონზე სწავლობდნენ და პოზიტიური დასკვნები დადეს.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა უკვე ის აგვიხსნა, რომ პროექტი გარემოს დაცვის სამინისტროში სამწლიანი შესწავლის შემდეგ შევიდა. მანვე თქვა, რომ სამინისტრომ დამატებითი კვლევებიც მოითხოვა, რის საფუძველზეც, პროექტის უსაფრთხოებაზე უკვე უწყებაც თამამად საუბრობს.

“ონის ჰესების კასკადი რომ უსაფრთხოა და დეზინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება, ამას ნებისმიერი დაინტერესებული პირიც კი მარტივად გაიგებს, თუ საჯარო დოკუმენტებსა და კვლევებს გაეცნობა. ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების გარდა, სარგებელი პროექტს ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც აქვს”, - ამბობს ჟურნალისტი.

ამის შემდეგ უკვე იგი პროექტის ფარგლებში ონში დაგეგმილ “მასშტაბურ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ” პროექტებზე გვიყვება და ჰესის მშენებელი კომპანიისგან რაჭაში უკვე განხსრციელებულ პროქტებსაც გვაცნობს. ამის მაგალითებად იგი ონსა და სოფელ ჯინჭვისში მოწყობილ სტადიონებს ასახელებს და განმარტავს, რომ “ონლაინგაკვეთილების შემდეგ, ეს ახალგაზრდების თავშეყრის მთავარი ადგილია”.

მას ყურადღებიდან არც ის გამორჩა, რომ “სიმძლავრე, რომელსაც ონის ჰესების კასკადი გამოიმუშავებს, ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება” და კაშხლის პოტენციურ სიკეთეებზე ადგილობრივების მოსაზრებებსაც გვთავაზობს, რომლებიც ჰესის მშენებლობას მიესალმებიან. აღსანიშნავია, რომ ჰესის მიმართ კრიტიკული მოსაზრება ვერც აქ ვნახეთ, ეს კი იმ ფონზე, როდესაც ერთი კვირის წინ კონკურენტი არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ადგილობრივების ნაწილის მხრიდან ჰესის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება მკაფიოდ ჩანდა.

ჟურნალისტს ყოფილი ხელისუფლების კვალი არც აქ გამორჩა და თქვა: “რაჭვლებმა იციან და ახსოვთ ისიც, რომ წინა ხელისუფლება რიონის ხევის წყალსაცავად ქცევას და სოფლების გაქრობას აპირებდა. გეგმავდა 14 მეტრის სიმაღლის კაშხლის მქონე ჰიდროელქტროსადგურის აშენებას, რომლის ბრძანებაც მიხეილ სააკაშვილის დავალებით ენერგეტიკის იმდროინდელმა მინისტრმა ხეთაგურმა გამოსცა და საბედნიეროდ პროექტი ხელისუფლების ცვლილებამ შეაჩერა”.

ამავე სიუჟეტში ასევე მოვისმინეთ, ეკონომიკის მინისტრის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის, ონის ჰესების კასკადის პროექტის მენეჯერის და გარემოსდაცვითი ექსპერტის კომენტარები, რომლებიც ასევე მხოლოდ ჰესის უსაფრთხოების შესახებ და მისგან მიღებულ სარგებელზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

alt

ონის ჰესების თემა, ზუსტად იმავე ხაზით გაიშალა 19 მაისს ტოქშოუ “არენაშიც”. იმედმა თემაზე ინტერაქტივიც შემოგვთავაზა, რომლის კითხვაც ასეთი იყო:

“ჰესების მშენებლობის საბოტირებით, ებრძვის თუ არა ოპოზიცია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას?”. კითხვაზე დადებითი პასუხი 86.4%-მა გასცა, უარყოფითი კი - 13.6%-მა.

არცერთ შემთხვევაში ტელეკომპანია “იმედს” ონის ჰესების პროექტის მიმართ განსხვავებული, კრიტიკული პოზიციის წარმოჩენის მცდელობა არ ჰქონია. ეს იმ ფონზე, როდესაც გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენლები ამბობენ, რომ მშენებლობის ადგილი მეწყერსაშიში ზონაა, პროექტი ზედაპირულად, აეროფოტოგადაღების გზით არის შეფასებული და ადგილზე “ბურღვა და ქანების გამოკვლევა” არავის ჩაუტარებია. ამასთან, ჰესის მშენებლობაზე მიმართვა გაუქმებულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით არის გაცემული.

საკითხის ცალმხრივად, ერთი მხარის წარმოჩენით, მხოლოდ დადებით კონტექსტში გაშუქება და იმ საფრთხეების და ზიანის იგნორირება და მიჩქმალვა, რომლის წინაშეც პროექტის განხორციელების შემთხვევაში ადგილობრივები და გარემო შეიძლება აღმოჩნდეს, შეიქმნა სურათი, რომ არხის მთავარი მიზანი კონკრეტული ჯგუფის ბიზნესინტერესების გატარება იყო და არა მოსახლეობისთვის საკითხზე სრულყოფილი, მრავალმხრივი მოსაზრებებით გაჯერებული ინფორმაციის მიწოდება.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ