27.05.2020
ამბავი 24 მაისს გახმაურდა და იმავე დღეს ყველა საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. დაუდასტურებელი ინფორმაციებისა და ვარაუდების ტირაჟირებით, პირადი ცხოვრების არასაჭირო დეტალების გასაჯაროებით და სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მოტივებზე აქცენტირებით ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” მომხდარი არაკვალიფიციურად, ეთიკური სტანდარტების დარღვევით გააშუქა.
24 მაისს “მთავარ არხზე” კვირის მთავარი გამოშვება “პოსტ ფაქტუმი” ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის დაპირისპირების თემით დაიწყო. ამბის გაშუქებას 12 წუთზე მეტი დაეთმო. “ძალადობა თუ შანტაჟი - რა გახდა ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის დაპირისპირების საგანი” - ამ სათაურიდანვე ცხადი გახდა, რომ ამბის გაშუქების მთავარი ამოცანა დაპირისპირების დეტალების გარკვევა იყო.
იმავე აქცენტით დაიწყო სიუჟეტის წარდგენა გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ: “ძალადობა თუ შანტაჟი - რა მოხდა ნიკა ბასილაშვილსა და მის მეუღლეს შორის, რა გახდა მათ შორის დაპირისპირების მიზეზი...”. ამბის გაშუქებისას, ნათელი გახდა, რომ გადაცემის წამყვანი, ისევე როგორც სიუჟეტის ავტორი ყოფილი ქმრის მხრიდან ცოლზე სავარაუდო ძალადობის მოტივის ძიებაზე იყო ფოკუსირებული.
მოვლენების ქრონოლოგიურად აღწერისა და მხარეების კომენტარების გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტმა ლაპარაკი ჩოგბურთელის პირადი ცხოვრების უცნობ დეტალებზე და დაპირისპირების სავარაუდო მოტივებზე დაიწყო.
ვარაუდების გაჟღერებისას სიუჟეტის ავტორი ერთადერთ წყაროს - ჟურნალისტ მაგდა კლდიაშვილს დაეყრდნო. აღნიშნული რესპონდენტის რელევანტურობის საპირწონედ ჟურნალისტი მხოლოდ იმას ამბობს, რომ იგი “ნიკოლოზ ბასილაშვილს დიდი ხანია იცნობს”.
მაგდა კლდიაშვილი საუბარს ჩოგბურთელის პირად ცხოვრებაზე იწყებს და ამბობს, რომ ბასილაშვილისა და ყოფილი ცოლის დაპირისპირება არ გაკვირვებია, რადგან მის უკან “სხვა ამბები” იმალება. მისივე თქმით, იგი “კულუარულ ინფორმაციას ფლობს” და ამბობს, რომ ბასილაშვილს პირადი ცხოვრების გარკვეული დეტალის გასაჯაროება არ უნდოდა, დუმილის სანაცვლოდ კი ყოფილ ცოლს ყოველთვიურად 100 000 ლარს უხდიდა.
ამის შემდეგ, რესპონდენტი დაპირისპირების კონკრეტულ მიზეზებზე იწყებს საუბარს და საზოგადოებისთვის უცნობ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ნელი დოროყაშვილი თანხის გასამმაგებას ითხოვდა და “სწორედ მაშინ დამუქრებია ყოფილი მეუღლე ჩოგბურთელს, რომ მე შენს კარიერას დავასრულებო”.
მაგდა კლდიაშვილის “კულუარული” და უცნობ წყაროებზე დამყარებული ინფორმაციების შემდეგ, მაყურებელი ჩოგბურთის მსოფლიო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტისგან ნიკოლოზ ბასილაშვილის დადებით დახასიათებებს ისმენს.
სიუჟეტის ბოლო ნაწილში ჟურნალისტი კვლავ ნელი დოროყაშვილის ბრალეულობაზე ამახვილებს ყურადღებას: “ბასილაშვილების ოჯახი ყოფილი რძლის მხრიდან შანტაჟზე საუბრობს. მაგდა კლდიაშვილი კი გვიყვება, რომ ნეკა დოროყაშვილი მის ყოფილ მეუღლეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს გახმაურებით და კარიერის დასრულებით ხშირად ემუქრებოდა. სიჩუმის სანაცვლოდ მიღებული თანხა კი, ლარის ინფლაციის გამო, დოროყაშვილისთვის საკმარისი აღარ იყო და კონტრაქტის გადახედვას ითხოვდა”, - ამბობს სიუჟეტის ავტორი.
ნელი დოროყაშვილის ბრალეულობაზე და ნიკოლოზ ბასილაშვილის დადებითად წარმოჩენაზე მიუთითებდა სიუჟეტში მოყვანილი საარქივო მასალებიც.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჟურნალისტი სიუჟეტს შემდეგი ფრაზით ასრულებს: “არის თუ არა ფემიციდის მორიგი ფაქტი ბასილაშვილების ოჯახში მომხდარი დაპირისპირება, სასამართლომ შემდეგ სხდომაზე 16 ივლისს უნდა დაადგინოს. ფემიციდის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა ბასილაშვილს ძალადობა, პატიმრობასთან ერთად, შესაძლოა, ბრწყინვალე საჩოგბურთო კარიერის დასასრულად დაუჯდეს.”
ფემიციდი ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმაა და გენდერული ნიშნით მოტივირებულ ქალის განზრახ მკვლელობას ნიშნავს. ამ შემთხვევაში, ჟურნალისტი არასწორად იყენებს ტერმინს და ძალადობას მკვლელობასთან აიგივებს.
“პოსტ ფაქტუმის” შემდეგ, იმავე თემით დაიწყო “მთავარი აქცენტები” გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ.
“დღეს ცუდი ამბავი გავიგეთ. ძალიან ვგულშემატკივრობ ამ სპორტსმენს, როგორც საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელს, ეს უნდა ითქვას”, - აღნიშნა წამყვანმა და ვრცელ მონოლოგში ბასილაშვილის მიღწევებზე ისაუბრა, განმარტა, რომ ქალზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ბოლოს ნიკოლოზ ბასილაშვილს მოუწოდა, რომ აღიაროს ის “უწყინარი ინფორმაცია”, რის დაფარვაშიც უხდიდა ფულს ყოფილ ცოლს:
“ბასილაშვილს მოვუწოდებ, რომ ილაპარაკოს ღიად. რის დაფარვაში უხდიდა ცოლს ასი ათას თვეში და როგორ აშანტაჟებდა ის, მიუხედავად იმისა, რომ არსებულია წერილობითი ხელშეკრულება ინფორმაციის გაუთქმელობის ამ კონკრეტულ თანხად და რის გამხელას ემუქრებოდა ის სამასი ათას ლარად თვეში. ნიკა, ეს გაცილებით უფრო უწყინარი ინფორმაციაა, ვიდრე ცოლის მცემელის იმიჯი, რომელიც ყველაფერს დაამთავრებს. არც მოშანტაჟე ქალის ცემა არ შეიძლება, იმედი მაქვს, რომ ეს არ მომხდარა, მაგრამ ჯობია ყოველთვის სიმართლე, გამჭვირვალობა. ეს ყოველთვის ამარცხებს ყველას და ყველაფერს, ყველა შეთქმულებას და ყველაფერს ცუდს, დამიჯერე”, - მოუწოდა ნიკა გვარამიამ ნიკოლოზ ბასილაშვილს.
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის დაპირისპირების საკითხი 25 მაისსაც ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო “მთავარი არხისთვის”. დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არხმა მაყურებელს აცნობა, რომ დაპირისპირების ახალი დეტალები გაარკვია.
“ახალი ფაქტები ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეში. ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის საქმეში სულ უფრო მეტი ახალი დეტალი ხდება ცნობილი”, - ამ შესავლით დაიწყეს წამყვანებმა სიუჟეტის წარდგენა, თუმცა, სიუჟეტში მაყურებელმა ფაქტების ნაცვლად კვლავ ვარაუდები და პირადი ცხოვრების არასაჭირო დეტალები მოისმინა.
შესავლის შემდეგ, წამყვანებმა ჟურნალისტი ჩართეს: “ჩვენმა ჟურნალისტმა დავით ერაძემ იცის ყველა დეტალი ამ კონფლიქტის თაობაზე და ახლა ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება”. მიუხედავად წამყვანის ანონსისა, მაყურებელმა ჟურნალისტისგან კონფლიქტის შესახებ დეტალები და ფაქტებზე დამყარებული, არგუმენტირებული მსჯელობა ვერ მოისმინა:
“დიახ, კონფლიქტის დეტალებზე საუბარს საკმაოდ დიდი დრო დაუთმო როგორც ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველმა, ასევე - ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა. ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა რამდენიმე საინტერესო ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. ერთ-ერთი უდავოდ საინტერესო ფაქტია ის, რომ სწორედ დოროყაშვილთან ურთიერთობას უკავშირდება ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება. ხოლო მეორე არის ის შემთხვევა, რომელიც სამი თვის წინ მოხდა და შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას, როდესაც მას შეჩერების ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ეს ორდერი სააპელაციო სასამართლომ მას შემდეგ გააუქმა, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმა ის გააპროტესტა. სწორედ, ადვოკატი თვლის, რომ სწორედ ამ ორდერის შეჩერება გახდება საქართველოსა და ევროპის სასამართლოში სარჩელის შეტანის საფუძველი, სწორედ, ქართულ მხარეს მოუწევს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა. ხოლო, რაც შეეხება თავად ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველის პოზიციას, ირმა ჭკადუა დარწმუნებულია, რომ საქმეში არანაირი ძალადობის ფაქტი არ ფიქსირდება, ვინაიდან ასეთი ფაქტი საერთოდ არ მომხდარა. ირმა ჭკადუა “დღის სტუმარის” ეთერში დეტალურად იხსენებს მომხდარს და იმასაც ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მის ყოფილ მეუღლეს 100 000 ლარს აღარ გადაუხდის. გარდა ამისა, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, შესაძლოა, კონფლიქტის მიზეზი გახდეს გერმანელი ჩოგბურთელი, საკმაოდ ლამაზი ჩოგბურთელი, შარლოტა ჰელენი”, - ამბობს ჟურნალისტი.
სიუჟეტში მაყურებელმა მხარეების ადვოკატების პოზიციები მოისმინა. “კონფლიქტის ახალი დეტალი” კი, რაზეც წამყვანი და ჟურნალისტი საუბრობდნენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ცხოვრების არასაჭირო დეტალი აღმოჩნდა:
“უცხოური მედია ბოლო დროს აქტიურად წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის ახალ სიყვარულზე. შარლოტა ჰელენი სოციალურ ქსელში საკუთარი რჩეულის ფოტოებს აღარ მალავს. გერმანელი სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესსაც ესწრებოდა. ის “მთავარის” კამერამ ნიკოლოზ ბასილაშვილის ავტომობილში დააფიქსირა”, - ამბობს ჟურნალისტი და მაყურებელს აწმუნებს, რომ შესაძლოა, კონფლიქტის მიზეზი სწორედ გერმანელი ჩოგბურთელი გამხდარიყო.
ამგვარი გაშუქება, არა მაღალი აქტუალობის მქონე ფაქტის შესახებ საჯარო ინტერესის, არამედ საზოგადოების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ემსახურება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პირადი ცხოვრების არასაჭირო დეტალების გასაჯაროება და სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მოტივებზე აქცენტირება, სავარაუდო ძალადობის მსხვერპლის ბრალეულობაზე და სავარაუდო მოძალადის გამართლებაზე მიუთითებდა.
“ფრთხილად იყავით, რომ თქვენი გაშუქებით ხელი არ შეუწყოთ მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ. მაგალითად, მოერიდეთ დანაშაულის მიზეზად “ეჭვიანობის ნიადაგის” დასახელებას. ამით თქვენ უნებურად მიანიშნებთ იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი “არასწორად” იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა. გარდა იმისა, რომ არ არსებობს რაიმე ტიპის ქცევა, რაც გაამართლებს მოძალადის ქმედებას, საკანონდებლო ბაზა დანაშაულის მოტივად არ სცნობს “ეჭვიანობის ნიადაგს”. არსებობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, დისკრიმინაცია, შურისძიება და ა.შ, რაც შესაძლებელია დანაშაულის საფუძველი იყოს, მაგრამ არა “ეჭვიანობს ნიადაგი“, - ვკითხულობთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში.
ამავე გზამკვლევში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ მედიამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას და სათანადო აქცენტის დასმით წარმოაჩინოს არსებული პრობლემები:
“ქალთა მიმართ ძალადობას სხვადასხვა ფორმა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ ყურადღების მიღმა არ დატოვოს ასეთი შემთხვევები და სათანადო აქცენტის დასმით წარმოაჩინოს არსებული პრობლემები. ამასთან, ისე უნდა გააშუქოს ეს თემა, რომ არ მიაყენოს ზიანი მსხვერპლს, მის შვილებს, ახლობლებს.”
გარდა ეთიკური სტანდარტებისა, “მთავარი არხის” პასუხისმგებლობას ზრდის ისიც, რომ არხი საქართველოში გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი პირველი ტელევიზია გახდა. ამ ფაქტით ტელეკომპანია განსაკუთრებულად ამაყობდა, არხის დირექტორი თათმა მურადაშვილი კი აცხადებდა, “ძალიან ბევრი იდეა და გეგმა გვაქვს, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ზოგადად, ქალთა უფლებების დაცვას”.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერიკა კვაპილოვამ კი “მთავარ არხთან” საუბრისას აღნიშნა: “მედიაორგანიზაციებს შეუძლიათ გენდერული თანასაწორობის დაცვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ. კარგად ვიცით, რომ მედია სერიოზული ძალაა. ჟურნალისტურ ნამუშევარს საზოგადოების შეხედულებაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მოხარულები ვართ, რომ მთავარმა არხმა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.”
გაეროს ქალთა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მედიის წვლილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: "მედიის საქმიანობას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება, შეუძლია, გარდაქმნას ის დისკრიმინაციული სოციალური ნორმები, რომლებიც ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის მედიასთან თანამშრომლობის მთავარი პრიორიტეტი ქალთა საკითხების ეთიკური და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქებაა."
ორგანიზაციის განცხადებით, ოჯახში ძალადობის საქმემ, რომელიც ნელი დოროყაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს, ნიკოლოზ ბასილაშვილს უკავშირდება, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა იმ ეთიკური სტანდარტების მნიშვნელობა, რომლებიც მედიამ მსგავს თემებზე მუშაობისას უნდა დაიცვას: "დაზარალებულის რაიმე ფორმით დადანაშაულება ამყარებს სტერეოტიპებს, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის საფუძველია და ბევრ მსხვერპლს უბიძგებს, არ გაამხილოს ძალადობა, რაც მათ ჯანმრთელობის, ზოგჯერ კი სიცოცხლის ფასადაც უჯდებათ".
"სულ ახლახან ტელეკომპანია „მთავარი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი გახდა და გამოთქვა მზადყოფნა, საკუთარი საქმიანობით ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას. ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ტელეკომპანიის სწრაფვას, გაიღრმავოს ცოდნა ქალთა საკითხების ეთიკურად გაშუქებაში. ამავდროულად, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ზრდის არხის პასუხისმგებლობას, მაღალი ეთიკური სტანდარტით გააშუქოს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, რაც ნელი დოროყაშვილის შემთხვევაში არ იყო დაცული.
ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმოწერა არის პირველი ნაბიჯი, თუმცა მნიშვნელოვანია, მას მოჰყვეს შესაბამისი კონკრეტული ქმედებები გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ორგანიზაციის მხრიდან შიდა პროცესებისა თუ პოლიტიკის კრიტიკული ანალიზი", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე განმარტებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს გლობალური შეთანხმების ქალთა გაძლიერების პრინციპები კერძო სექტორისთვისაა განკუთვნილი. ამ პრინციპებზე ხელმოწერა ნებისმიერ მედიაორგანიზაციას შეუძლია. გაეროს ქალთა ორგანიზაცია მიესალმება საქართველოში მოქმედი ნებისმიერი მედიის ინტერესს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმოწერის შესახებ და ღიაა შესაბამისი კონსულტაციის გაწევისა თუ დახმარებისთვის.
რედაქციის შენიშვნა: მასალის გამოქვეყნების
შემდეგ, "მედიაჩეკერს" გაეროს ქალთა ორგანიზაცია დაუკავშირდა მცირე
განმარტების თხოვნით. შესაბამისად, 29 მაისს მასალას ბოლოში
ორგანიზაციის პოზიცია დაემატა, რომელშიც ხაზგასმულია,
რომ ქალთა გაძლიერების
პრინციპებზე ხელმოწერა არის პირველი ნაბიჯი, თუმცა მნიშვნელოვანია,
მას მოჰყვეს შესაბამისი კონკრეტული ქმედებები გენდერული თანასწორობისა
და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით.