იწვევს თუ არა პირბადის ტარება ჯანმრთელობის პრობლემებს
04.06.2020
3-4 ივნისს ონლაინ მედიაში, სხვადასხვა ტიპის საიტებზე და სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, პირბადის დიდხანს ტარება ჯანმრთელობის არაერთ პრობლემას იწვევს. გამოცემები სათაურებში, დიდი ასოებითა და ძახილის ნიშნებით, მტკიცებით ფორმაში წერენ, რომ პირბადის დიდხანს ტარება გონების დაკარგვას, კომას, კრუნჩხვებს, ჰიპერვენტილაციას, კუნთების მოდუნებასა თუ ჯანმრთელობის სხვა არაერთ პრობლემას იწვევს. ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ დიდი ხნით პირბადის ტარება მომაკვდინებელია. შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გამავრცელებლებისთვის ერთადერთი წყარო სოციალურ ქსელში მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული სტატუსია.

პირველ ივნისს სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ხათუნა ჯანჯალიამ, რომელსაც მითითებული აქვს, რომ ბიოსამედიცინო კორპორაციის Calypte-ს ჟენევის ფილიალის პრეზიდენტია, ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერს, რომ პირბადის დიდი დროით ტარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ხათუნა ჯანჯალია თავის პოსტში “ხანგრძლივად ნიღბის (პირბადის) ტარების მქადაგებლებს და მატარებლებს” მიმართავს და წერს:

“გარდა იმისა, რომ ჩვენს ცხვირხახაში თანამცხოვრები არაპათოგენური ან პირობითპათოგენური მიკროორგანიზმები ანაერობულ პირობებში შეიძლება პათოგენურად გადაიქცნენ და ეს უკანასკნელი მომაკვდინებელ მტრად მოევლინოს შინაგან ორგანოებს და უკურნებელი პათოლოგიები გამოიწვიოს, ასევე, კოვიდთან დაკავშირებული ნიღბების ხანგრძლივი ტარება იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის ჩასუნთქვის გამო, ვითარდება ჰიპოქსია, რაც თავის მხრივ იწვევს თავბრუსხვევას, დაღლილობას, ძილად მიგდებას, ოფლიანობას, კანის გამოშრობას და სუნთქვის უკმარისობას. სხვადასხვა პათოლოგიების მქონე ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა, კომაში ჩაგდება, ჰიპერვენტილაცია, კუნთების მოდუნება და კრუნჩხვები!!!”



პოსტში განმარტებული არ არის და გაუგებარია, რას გულისხმობს ავტორი “კოვიდთან დაკავშირებულ ნიღბებში”, რადგან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეკომენდებულია ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადის საჭიროებისამებრ გამოყენება და რაიმე სპეციფიური ნიღაბი, რომელიც მხოლოდ COVID-19-თანაა დაკავშირებული, არ არსებობს.

ექიმი იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე განმარტავს, რომ ნახშირორჟანგი პირბადის ქვეშ არ გროვდება და, შესაბამისად, პირბადის ტარების დროს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის ჩასუნთქვა არ ხდება:

“ნახშირორჟანგის დაგროვება პირბადის ქვეშ არანაირად არ ხდება, ასეთი ფენომენი არ არსებობს. ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ცვლა ზუსტად ისევე ხდება, როგორც ჩვეულებრივ პირობებში. პირბადე არანაირად არ არის არაგამტარი ისეთი მცირე მოლეკულებისთვის, როგორიც არის ჟანგბადი და ნახშირორჟანგი”, - ამბობს გიორგი კამკამიძე.

რაც შეეხება “უკურნებელი პათოლოგიების” გამოწვევის საფრთხეს, ექიმი იმუნოლოგი ამბობს, რომ ეს გაზვიადებულია და მძიმე დაავადებები პირბადის ტარებასთან პირდაპირ კავშირში არ არის:

“უკურნებელი და კატასტროფული დაავადებები, რასაკვირველია, არ არის ამასთან კავშირში. პრობლემა შეიძლება იყოს, მაგალითად, ასთმიანი პაციენტის შემთხვევაში, როდესაც პროვოცირება შეიძლება მოხდეს ასთმის ან შეტევა, იმის გამო, რომ პაციენტს ტენიანი ჰაერი არ მიეწოდება, თუ მუდმივად ატარებს და არ იხსნის.

თუმცა, ასეთი მძიმე პრობლემების გამოწვევა გაზვიადებულია. როდესაც არასწორადაა გამოყენებული პირბადე და ხდება ერთი და იგივე პირბადის მუდმივად ტარება და, მაგალითად, ხდება მისი დასველება, ამ შემთხვევაში ის შეიძლება წარმოადგენდეს ინფექციის წყაროსაც. ამიტომ არის რეკომენდებული პირბადის ხშირი ცვლა. ზოგადი რეკომენდაციაა, რომ როდესაც არ არის საჭირო, როდესაც არ არის ახლო კონტაქტი სხვა ადამიანებთან, პირბადის ტარება აუცილებელი არ არის”.

3-4 ივნისის მონაცემებით, ხათუნა ჯანჯალიას ფეისბუკ პოსტზე დაყრდნობით, არასწორი ინფორმაცია, მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანი სათაურებით გაავრცელეს შემდეგმა გვერდებმა: ალია, რეზონანსი, ნიუს ფრონტი, თვალსაზრისი, itar.ge, wnews.ge, epicentri.club. აღნიშნულმა გვერდებმა სოციალური ქსელის მომხმარებლის ვარაუდი (რომ პირბადის დიდი დროით ტარებამ, სხვადასხვა პათოლოგიების მქონე ადამიანებში, შეიძლება, გამოიწვიოს გონების დაკარგვა, კომაში ჩაგდება, ჰიპერვენტილაცია, კუნთების მოდუნება და კრუნჩხვები) უაპელაციოდ, გადამოწმების გარეშე, სანდო, დაზუსტებულ ამბად გაავრცელეს და სათაურში, მტკიცებით ფორმაში დაწერეს, რომ პირბადის ტარება ზემოთჩამოთვლილ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

უფრო მეტიც, ზემოხსენებული გამოცემებიდან, News Front-მა მეტი დამაჯერებლობისთვის, მასალის ბოლოს მიაწერა, რომ ექიმთა უმრავლესობა პირბადის ტარებასთან დაკავშირებულ რისკებზე აღნიშნულ ვარაუდს იზიარებს. “პ.ს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ასე ფიქრობს ექიმთა უმრავლესობა” - წერს News Front. ამ განცხადების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტი, რომ ამ ფრაზის დამადასტურებლად მასალაში არც ერთი წყარო არ არის მოყვანილი. ავტორი არ განმარტავს, ვის/რას ეყრდნობა და არ აკონკრეტებს რომელი ექიმები იზიარებენ ხათუნა ჯანჯალიას მოსაზრებებს.

altარასწორი აქცენტებითა და იდენტური მითითებით (თითქოს, იმავეს ფიქრობს ექიმთა უმრავლესობა), შეცდომაში შემყვან ინფორმაციას სხვადასხვა ჯგუფებში ავრცელებენ სოციალური ქსელის მომხმარებლებიც. მაგალითად, ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნული ინფორმაცია გააზიარა ჯგუფში “აკადემია / Academy” , რომელსაც ამ დროისთვის 245 ათასამდე წევრი ჰყავს. გავრცელებიდან რამდენიმე საათში მისი პოსტი 400-მდე ადამიანმა გააზიარა. კომენტარების ველში გამართული დისკუსიიდან თუ ვიმსჯელებთ, მომხმარებლთა ნაწილმა არასწორი ინფორმაცია მარტივად დაიჯერა.

„შეარჩიეთ ექსპერტები ყურადღებით. მეცნიერების ერთ დარგში ნობელის პრემიის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი მეცნიერების ყველა დარგში ერკვევა. არც დოქტორის ხარისხი და პრესტიჟულ სამედიცინო სკოლაში სწავლება არ აქცევს მას სხვა კონკრეტულ საკითხში კომპეტენტურ და ავტორიტეტულ მეცნიერად. დაურეკეთ ოთხ ან ხუთ დამოუკიდებელ მეცნიერს, თუ ისინი ერთსა და იმავე პასუხს გაგცემენ კონკრეტულ საკითხზე, მაშინ თქვენს მასალაში ამ ინფორმაციის გამოყენება ღირს“, ‐ ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, პროფესორი ბილ ჰენეჯი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, კორონავირუსული პანდემიის გაშუქებისთვის მედიისთვის მომზადებულ სახელმძღვანელო წესებში, კორონავირუსის პანდემიის გაშუქებისას, სანდო, გადამოწმებული, პანიკისა და სენსაციურობისგან მაქსიმალურად დაცლილი ინფორმაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ქარტია მედიის წარმომადგენლებს ურჩევს, რომ გამოიყენონ სანდო, რელევანტური წყაროები და შეარჩიონ მაღალკვალიფიციური რესპონდენტები.

„როდესაც ვსაუბრობთ ისეთ სერიოზულ თემაზე, როგორიც არის პანდემია, საჭიროა ძალიან ბევრი წყაროს მოძიება, ბევრი დოკუმენტის გაცნობა დ გააზრება. გვჭირდება მაღალკვალიფიციური ადამიანების: მეცნიერების, ექიმების, მკვლევრების პოზიციების მოძიება და, თავისთავად, მნიშვნელოვანია, რომ როცა ამას ვიძიებთ, ვეძებოთ საკმაოდ მაღალრეიტინგულ და გავლენიან სამეცნიერო ჟურნალებში, ან, თუნდაც, პოპულარულ მედიაში, ოღონდ სანდოობის მაღალი ხარისხის მქონე მედიებში. ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ საზოგადეობას ჰქონდეს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია იყოს ზუსტი. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე სერიოზული დილემა დღეს“, ‐ ამბობს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე.




alt
სტატია მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ