23.06.2020
19 ივნისს რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, ჰუმანიტარული დახმარების სახით,100 ტონა ფქვილი გაგზავნა. ამ ამბავს რამზან კადიროვის შესახებ კიდევ ერთი ამბავი უსწრებდა წინ, რომელიც ერთი კვირით ადრე, 12 ივნისს გახდა ცნობილი. საუბარია ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, კადიროვის დაკვეთით, იგეგმებოდა ქართველი ჟურნალისტის, ტელეკომპანია “მთავარი არხის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია.
კადიროვის “ქველმოქმედების” შესახებ ახალი ამბავი გაავრცელეს გამოცემებმა: “რადიო თავისუფლებამ”, “იმედინიუსმა”, “ინტერპრესნიუსმა”, “რეზონანსმა”, “პრაიმატიმმა”, “კვირამ” და “კვირის პალიტრამ”. გუგლის საძიებო სისტემებით, იგივე შინაარსის მასალა იძებნება ონლაინგამოცემა “რეგინფოზეც”, თუმცა, ახლა აღნიშნული ბმული აღარ იხსნება. “რეგინფოს” რედაქციის განმარტებით, გამოქვეყნებიდან მალევე, იქამდე, ვიდრე მას მომხმარებლები ნახავდნენ, მასალა საიტიდან ჩახსნეს, რადგან რედაქტორმა მიიჩნია, რომ სტატია არ შეესაბამებოდა გამოცემის სარედაქციო პოლიტიკასა და ღირებულებებს.
ყველა იმ მედიასაშუალებაში, სადაც მასალა ამ დრომდე იძებნება, გარდა “რადიო თავისუფლებისა”, ამბავი თითქმის იდენტური ტექსტით გამოაქვეყნდა. მასალებში ნათქვამია, რომ რამზან კადიროვმა ოკუპირებულ ცხინვალს 100 ტონა ფქვილი გაუგზავნა და ეს ე.წ. “ჰუმანიტარული დახმარება” სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გადანაწილდება.
თითქმის იდენტური შინაარსის ტექსტი ჰქონდა გამოქვეყნებული თავდაპირველად “რადიო თავისუფლებასაც”, თუმცა, მოგვიანებით, გამოცემამ ამბავს ბოლოში ერთი აბზაცი დაამატა, რომელშიც ვკითხულობთ:
“ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ჯერ კიდევ 2010 წელს ამბობდა, რომ აგვისტოს ომი იყო ნაწილი დასავლეთის სახელმწიფოთა ანტირუსული შეთქმულებისა, რომელიც მიზნად მთელი კავკასიის დაპყრობას ისახავდა. სააგენტო როიტერს რამზან კადიროვმა ისიც უთხრა, რომ დასავლეთის ზეგავლენის ქვეშ მყოფი საქართველო და უკრაინა რუსეთისთვის ავადმყოფობაა, რომლის ლიკვიდირებას შეტევა სჭირდება და საამისოდ რუსეთს არმიაც ჰყავს და ტექნოლოგიებიც აქვს”.
გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა. მედიასაშუალებები მომხმარებელთა კრიტიკის სამიზნეებად იქცნენ, განსაკუთრებული კრიტიკა ისმოდა “იმედინიუსის” მისამართით. მომხმარებელთა უმეტესობამ ახალი ამბავი აღიქვა ისე, თითქოს გამოცემები ცდილობდნენ კადიროვი ქველმოქმედად წარმოეჩინათ.
ამ კრიტიკის პასუხად, “იმედინიუსმა” ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი ამბავი “მხოლოდ მშრალი ფაქტის პუბლიკაციაა”, მასში ადვილად იკითხება “მომხდარი ფაქტის მიმართ ჩვენი ვებ-გამოცემის მკაფიო სარედაქციო დამოკიდებულება” და ამას გამოცემა შემდეგით ხსნის - “მაგ.: ჰედლაინშივე ხაზგასმულია სიტყვები „ოკუპირებული ცხინვალი“, ხოლო სიტყვები „ჰუმანიტარული დახმარება“ ბრჭყალებშია ჩასმული”.
“მიუხედავად ამისა, სხვა ათამდე მედიასაშუალებას შორის, მხოლოდ „იმედინიუსი“ გახდა ფსევდოპატრიოტული ბულინგის სამიზნე და პოლიტიკურად მოტივირებული „ფეისბუქ იუზერების“ თავდასხმის ობიექტი”, - წერს “იმედინიუსი” და იქვე ხაზს უსვამს, რომ მათ გარდა ეს ამბავი სხვა გამოცემებსაც ჰქონდათ და ამავდროულად, მათზე ადრე -”ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელება (და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დასანანია, რომ ჩვენ არ ვიყავით პირველები) არის ნებისმიერი საინფორმაციო სამსახურის ძირითადი ფუნქცია და, იმავდროულად - ერთ-ერთი ლეგიტიმური გზა, რომ ხალხმა ზუსტად გაიგოს ვინ და რა ხერხით ებრძვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.
მათზე ადრე გამავრცელებელში, “იმედინიუსი” სავარაუდოდ “რადიო თავისუფლებას” გულისხმობს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ეს ამბავი. კრიტიკა “რადიო თავისუფლების” მისამართითაც ისმოდა. “მედიაჩექერმა” სარედაქციო დასაბუთებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ასეთ დროს ამ ახალი ამბის გამოქვეყნება და რატომ დაემატა მას კონტექსტი მოგვიანებით, “რადიო თავისუფლების” ქართულენოვანი სამსახურის მმართველ რედაქტორს, ნინო ჯაფიაშვილს მიმართა:
“კონტექსტი, ნამდვილად, ოდნავ გვიან დაემატა. ჩვენ გვაქვს დამატების პრაქტიკა. ჟურნალისტმა, რომელმაც დაწერა ამბავი, არ დაურთო კონტექსტი, ახალი ამბების რედაქტორმა კი ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანი იყო კონტექსტი და დაამატა. შესწორება არ წერია იმიტომ, რომ შესწორებას იმ შემთხვევაში ვწერთ, როდესაც მასალას ახალ გარემოებებსა და ფაქტებს ვამატებთ, ან ვასწორებთ შეცდომებს”, - ამბობს ნინო ჯაფიაშვილი.
რაც შეეხება ამბის მნიშვნელობას, “რადიო თავისუფლება” კადიროვის მიერ ცხინვალში 100 ტონა ფქვილის გაგზავნის ამბის გაშუქებას საჯარო ინტერესით ხსნის და ამბობს, რომ რადიო თავისუფლებას აქვს სპეციალური პროექტი, რომელიც უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარ ამბებს აშუქებს.
“ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი იყო გვეთქვა რა სიახლეებია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით პანდემიის დროს, ეს საჯარო ინტერესია, მეორე მხრივ, საინტერესოა კადიროვი რა გადაწყვეტილებებს და რა განცხადებებს აკეთებს საქართველოსთან მიმართებაში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს დროში ემთხვეოდა გაბუნიას საქმეს, რომელიც იყო მთავარი თემა ქვეყანაში, მესამე ის არის, რომ ჩვენ სისტემატურად და ხანგრძლივად ვაშუქებთ ამბებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შეიძლება ითქვას, სხვა მედიებზე მეტი დოზითაც კი”, - ამბობს ნინო ჯაფიაშვილი.
სამხრეთ კავკასიის ამბები ერთ-ერთი მიმართულებაა ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთისთვის”, თუმცა ეს ამბავი მედიას არ გაუშუქებია. “მედიაჩექერი” “ნეტგაზეთის” სარედაქციო დასაბუთებითაც დაინტერესდა.
“კონტექსტის გათვალისწინებით, ჩავთვალეთ, რომ ამ შემთხვევაში არ უნდა გამოგვექვეყნებინა. დღეში რამდენიმე ნიუსს ვაქვეყნებთ რეგიონებიდან და სხვა უფრო მნიშვნელოვანი ამბები იყო იმ დროისთვის”, - ამბობს “ნეტგაზეთის” სამხრეთ კავკასიის ამბების რედაქტორი ნინო კახიშვილი.
“ამ ამბის გაშუქებისას მთავარი კონტექსტის სრულყოფილად ჩვენება უნდა ყოფილიყო”, - ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი და მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, რომელიც ამატებს, რომ ქართულმა მედიასაშუალებებმა მკითხველს არ აუხსნეს რატომ იყო მნიშვნელოვანი კადიროვის მიერ ცხინვალში 100 ტონა ფქვილის გაგზავნის ამბავი:
“თუ ამ ამბავს აშუქებ, შენს მაყურებელს თუ მკითხველს უნდა აუხსნა სრულყოფილად, ვინ არის კადიროვი. ეს არის დარღვეული კონტექსტი, რომ იმასაც კი არ მეუბნები, ახლა რატომ არის მნიშვნელოვანი კადიროვზე ნიუსი.
ეს ამბავი უნდა გავრცელებულიყო ქართულ საინფორმაციო საშუალებებში კონტექსტით, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც აღიარებს არაღიარებულ რესპუბლიკებს და მათ მთავრობებს და ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ემუქრება სიკვდილით. ჩვენ, რეალურად, ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ სტაბილურობას ანგრევს და ამ კონტექსტით ინფორმაცია მკითხველისთვის არცერთ გამოცემას არ მიუწვდია”.
ზვიად ქორიძე ამბობს, რომ კადიროვის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის ამბავი თავიდან ბოლომდე მანიპულაციური ხასიათის იყო, ეს თავად კადიროვმა წამოიწყო და აღმოჩნდა, რომ ქართული მედიასივრცე ადვილად წამოეგო ამ მანიპულაციას.
“კადიროვმა მიზნობრივად გაავრცელა ეს ინფორმაცია, რომლის სავარაუდო სამიზნე აუდიტორია, მისი გათვლით, ქართული აუდიტორია იქნებოდა, რათა ეჩვენებინა, რომ, აი, რამდენად ჰუმანურია და რომ სისხლის მსმელი და სისხლის ამღები კი არ არის, არამედ, ჰუმანური ადამიანია - ეს კონტექსტი თვითონ კადიროვმა შექმნა. მე არ ვიცი კადიროვმა შარშან, შარშანწინ ან თუნდაც ბოლო ათი წლის განმავლობაში რამდენჯერ გააგზავნა ასეთი ტიპის ჰუმანიტარული დახმარება სამხრეთ ოსეთში. არც არასდროს გვიმსჯელია და დაგვიწერია ამაზე.
საბოლოო ჯამში, რატომ გავავრცელეთ ეს ინფორმაცია? მაგალითად, ვიცით რუსეთის ფედერაციის ცალკეული სუბიექტებიდან ან ფედერალური მთავრობიდან რა ტიპის დახმარება ჩავიდა ცხინვალში? ქართული მედია ამით დაინტერესებულა ოდესმე? ეს არის წმინდა პროპაგნდისტული სიახლე. პრაქტიკულად, ქართულმა მედიამ შეასრულა ის ფუნქცია, რაც უნდოდა რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას”, - ამბობს ზვიად ქორიძე.