24.07.2020
ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ქარტიას ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად „კაწროს“ მეუღლემ, ნათია რუხაიამ მიმართა. განმცხადებელი თავდაპირველად თავად ბილანიშვილი იყო, თუმცა, მოგვიანებით, მომჩივანისვე თხოვნით, განმცხადებელი შეიცვალა.
სადავო მასალა ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 7 ივლისს, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა. ამ დღეს, საინფორმაციო გამოშვებაში ჩაერთო ნიკა გვარამია, რომელმაც თქვა, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს, თბილისში, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკადრებში ასახული ადამიანი ავთანდილ ბილანიშვილს ჰგავს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
მხარე ასევე დავობდა მე-3 (წყაროს დადასტურების) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯების) პრინციპების დარღვევასაც.
მე-3 პრინციპი - „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.“
მე-11 პრინციპი - ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
- ფაქტის განზრახ დამახინჯება;
- ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
- პლაგიატი.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას მე-3 და მე-11 პრინციპის დარღვევა არ დაუდგინდა.
შეგახსენებთ, ავთანდილ ბილანიშვილის სახელი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში თავდაპირველად მედიამ გააჟღერა. მედიაში მისი სახელის არაერთხელ ხსენების შემდეგ, 8 ივლისს, იგი საგამოძიებო ორგანოებში დაიბარეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი ჩანს და არა ავთანდილ ბილანიშვილი. ამ ინფორმაციის გასაჯაროება უწყებამ მაღალი საზოგადოებივი ინტერესით ახსნა.