21.08.2020
ამბის წარდგენისას გადაცემის წამყვანმა მაყურებელს დადასტურებულ ფაქტად, მტკიცებით ფორმაში უთხრა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის სოციალურ პროგრამას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს და მეტიც, კონკრეტული ადამიანები ამით ფინანსური სარგებლის მიღებასაც კი ცდილობენ:
"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის სოციალური დახმარების პროგრამას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. მმართველი პარტიის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლები მოქალაქეებს სახელმწიფოსაგან 200 ლარიანი დახმარების მისაღებად შუამავლობას სთავაზობენ. გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კონკრეტული პირები ინიციატივისაგან ფინანსური სარგებლის მიღებას შეეცადნენ.”
წამყვანის აღნიშნულმა შესავალმა მაყურებელს მოლოდინი შეუქმნა, რომ სიუჟეტში ბრალდებების დამადასტურებელ არგუმენტებს და მტკიცებულებას ნახავდა, თუმცა უშედეგოდ. აღმოჩნდა, რომ “იმედისთვის” წყარო მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იყო, რომლის მიერ გაჟღერებული ბრალდებებიც ისევე იყო მოკლებული კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, როგორიც წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის.

მდინარაძე ამბობდა, რომ “ერთიც ამორალურია და მეორეც”. თუმცა, სიუჟეტში მის მიერ გაჟღერებული არცერთი ბრალდების დამადასტურებელი ფაქტი არ იყო წარმოდგენილი და გაურკვეველი დარჩა, რას ეყრდნობოდა თავად მამუკა მდინარაძე ან ჟურნალისტი, რომელიც უაპელაციოდ, მტკიცებით ფორმაში იმეორებდა “ქართული ოცნების” მიერ შეთავაზებულ ნარატივს.
მამუკა მდინარაძის განცხადების შემდეგ, ჟურნალისტმა მაყურებელს ამცნო, რომ თუ რეგისტრაციაში დახმარება დასჭირდებათ, ამაში მუნიციპალიტეტები დაეხმარებიან და შემდეგ ამ საკითხზე ეთერში გავიდა თბილისის მერისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარები.
სიუჟეტში არ ჩანდა ჟურნალისტის მცდელობა, რომ სხვა წყაროებთანაც გადაემოწმებინა მამუკა მდინარაძის მიერ გაჟღერებული ბრალდებები. ასევე, არ ჩანდა მცდელობა, რომ ე.წ. ბრალდების მხარის “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციაც წარმოეჩინა და ცალმხრივად, არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე არ გაეშუქებინა ამბავი, რომელსაც “იმედს” მხოლოდ “ქართული ოცნება” უყვებოდა.
საბოლოო ჯამში, “იმედის” სიუჟეტიდან მაყურებელმა გაიგო, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” “პოლიტიკური ამორალობა” ჩაიდინა, თუმცა, ვერ გაიგო თუ რაში მდგომარეობდა კონკრეტულად ეს “ამორალობა” და რას ეყრდნობოდა სიუჟეტში წარმოდგენილი ერთადერთი მხარე - “ქართული ოცნება”, როდესაც ოპონენტს მოსახლეობის მოტყუებაში და მთავრობის სოციალური დახმარების პროგრამის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებდა.