GNCC-მ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი 'ფორმულას' წინააღმდეგ
27.08.2020

კომუნიკაციების კომისიამ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ. საქმე ეხება „ფორმულას“ ეთერში გასულ იუმორისუტულ გადაცემას „ფსკერი“, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გადაცემა „ახალი დღის“ ლოგოები და ვიზუალური შეფუთვა უცვლელი სახით გამოიყენეს.

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალური კომპონენტები საკუთარ ორიგინალურ კონტენტს, პაროდიის მიზნით დაადო და აღნიშნული ლოგოები მაუწყებლის გაშარჟებისთვის გამოიყენა.

"საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ „ფორმულას“ მიზანი იყო სატირულ-იუმორისტული გადაცემის განთავსება და მისი მოტივაცია არ ყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „ახალი დღის“ ლოგოების და ამავე გადაცემის ვიზუალური კომპონენტების საკუთარი მაუწყებლობის ან გადაცემის ამოსაცნობ ნიშნებად გამოყენება", - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ პაროდიულ-იუმორისტული მიზნით განთავსებული გადაცემა საავტორო და მომიჯნავე უფლებების არამართლზომიერ გამოყენებად არ ჩათვალა და საზოგადოებრივ მაუწყებელს საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომუნიკაციების კომისიას 13 აგვისტოს მიმართა. საჩივარში მითითებული იყო, რომ 2020 წლის 11 აგვისტოს შპს „ფორმულას“ ეთერში და ფეისბუქგვერდზე განთავსდა გადაცემა „ფსკერი“, რითაც შპს „ფორმულამ“ დაარღვია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უფლებები და კანონიერი ინტერესები.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ