ბოდბის მიწების საქმეში ‘იმედმა’ მხოლოდ ‘მთავარი არხის’ და ადგილობრივების ‘ტყუილები’ დაინახა
23.09.2020

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “მისი მთავარი ტელეარხის” მხრიდან სასულიერო პირების შეურაცხყოფა, “საპატრიარქოს დისკრედიტაცია” და “ბრძოლა უწმინდესთნ, წმინდა სინოდის წევრებთან, მონაზვნებთან და მორჩილებთან”, - ამ კონტექსტში წარმოაჩინა ტელეკომპანია “იმედმა” 20 სექტემბრის “იმედის კვირაში” ბოდბის დედათა მონასტრისა და სოფელ ქედელების მკვიდრებს შორის მიწის ნაკვეთებზე არსებული მრავალწლიანი დავა.  

“იმედმა” თემაზე სიუჟეტი “მთავარ არხზე” 12 სექტემბერს გასული მასალის საპირწონედ მოამზადა. საუბარია სიუჟეტზე, რომელშიც ადგილობრივები წლების განმავლობაში მათ საკუთრებაში არსებული მიწების დედათა მონასტრისთვის გადაცემასა და მათი საკუთრების ხელყოფაზე საუბრობდნენ. სოფელ ქედელების მიწების საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე ჯერ კიდევ 4 თვის წინ წერდა ონლაინგამოცემა "რეგინფო".
 
ტელეკომპანია “იმედმა” კი - “მთავარი ფეიკარხისა” და “ნაციონალური მოძრაობის სატელიტი ტელევიზიის” საპასუხოდ 13-წუთიანი სიუჟეტი ადგილობრივების ინტერესების უგულვებელყოფით, მხოლოდ მონასტრისა და მისი წინამძღოლის პოზიციის დაცვას მიუძღვნა და თქვა, რომ ზემოთხსენებული სუბიექტები “ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში” ხშირად აბსურდამდეც მიდიან.

ჟურნალისტმა  სიუჟეტი იმის თხრობით დაიწყო, რა შრომა გაიღეს ბოდბის მონასტრის ბინადრებმა 25 წლის განმავლობაში, რომ იქაურობა “ნამდვილ წალკოტად გადაქცეულიყო”. შემდეგ კი “მთავარი არხის” სიუჟეტის გმირებს სახლში მიაკითხა და პოლემიკის გზით მათივე არგუმენტების გაბათლებას შეეცადა.

altჟურნალისტი პირველი რესპონდენტებისგან ჯერ იმით დაინტერესდა, მოიტყუა თუ არა “მთავარმა არხმა”, როდესაც მაყურებელს მონასტრის მსახურების მხრიდან წყლის მოწამვლაზე უამბო, შემდეგ კი, მათ მიმართ წინასწარი განწყობის შესაქმნელად, ისიც გვითხრა, რომ ოჯახს, რომელსაც მონასტრის მიმართ პრეტენზია აქვს, “არც მონასტერი არ მოსწონს, არც ახლადაშენებული ტაძარი და ადგილი არც ტურისტულ ზონად მიაჩნია”.

ჟურნალისტი შეეცდა მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ სოფელ ქედელების ერთ-ერთი მცხოვრების თამაზ გორელიშვილის ბრალდება მონასტრის მიმართ უსაფუძვლოა, რადგან მას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა არ აქვს. არგუმენტაციის გასამყარებლად ჟურნალისტმა ერთ-ერთი ადგილობრივიც მოიხმო, რომელიც ამბობს, რომ კომუნისტური წყობილების დროს მიწის კანონმდებლობა არ არსებობდა, მიწა სახელმწიფოს საკუთრება იყო, ადგილობრივები მაშინ “მთლიანად სახელმწიფო საკუთრების მიწებს ღობავდნენ” და იმის მტკიცება, რომ აღნიშნული ტერიტორია კვლავაც მათი საკუთრებაა, არასწორია.

მიუხედავად იმისა, რომ თავად გორელიშვილი სიუჟეტში განმარტავს, რომ წლების წინ მიწის საკუთრებაზე დოკუმენტები არ ფორმდებოდა და საკითხი მარტივი აზომვითი სამუშაოებით წყდებოდა, ჟურნალისტმა გვიამბო, თუ როგორ გამოცხადდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე 2007 წელს აუქციონი, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა მსურველს ჰქონდა, როგორ შეისყიდა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მონასტრის გარშემო არსებული მიწები კანონის სრული დაცვით და შემდეგ როგორ შესწირა ისინი მართლმადიდებლურ ეკლესიას.

სიუჟეტიდან ისიც შევიტყვეთ, რა სარგებელი მიიღეს ქედელების აწ უკვე ყოფილმა მკვიდრებმა საკუთარი საცხოვრისების გაყიდვით. საუბარია, მათ მიერ ამ მიწების გაყიდვის შემდეგ შეძენილ ბინებსა და მიწის ნაკვეთებზე. აღსანიშნავია, რომ ქონებას მოცემული მომენტისთვის მონასტრის ერთ-ერთი მონაზონი დედა სალომე (ნანა მახარობლიძე) ფლობს.

სიუჟეტის ბოლოს რამდენიმე ადგილობრივის კომენტარიც მოვისმინეთ, რომლებიც მონასტრის მიმართ არსებულ პრეტენზიებს სიყალბესა და სიცრუეს უწოდებენ.

“მთავარი არხის" მხრიდან ფეიკნიუსების გავრცელება და საზოგადოების მოტყუება ახალი ნამდვილად არ არის. არც ბოდბიდან თბილისამდე სიმართლის ჩამოტანაა რთული. თუმცა, როგორც ჩანს, არა მათთვის, ვისთვისაც მთავარი არასწორი ინფორმაციის გავრცელება და მისით მანიპულირებაა”, - ამ ტექსტით ასრულებს ავტორი მასალას.

სიუჟეტში ჟურნალისტს არ დაუსვამს არცერთი კრიტიკული კითხვა მონასტრის წარმომადგენლებისთვის, რ უსაუბრია მიწის რეგისტრაციის პრობლემებზე, რასაც მოქალაქეები აწყდებიან და არც ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისადმი ლოიალური დამოკიდებულება უხსენებია, რაც ხშირაც ამ ინსტიტუციისთვის სწორედ დიდი მოცულობის მიწის ნაკვეთების ჩუქებასა თუ სიმბოლურ ფასად გადაცემაში
გამოიხატება.

ავტორის მხრიდან, მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის დაცვა და საპირისპირო მოსაზრებების დაკნინებისა და გაუფასურების მცდელობა ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ავტორის მიზანი არა არსებულ პრობლემაზე კვალიფიცური მსჯელობა, არამედ კონკრეტული მხარის ინტერესების დაცვა და გატარება იყო.


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ