პლურალისტური, მაგრამ ნაკლები კრიტიკით - პოლიტიკური სპექტრის გაშუქება ონლაინ მედიაში
24.09.2020
წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის თანახმად, ონლაინ მედიაში გაუმჯობესებულია პოლიტიკური სპექტრის პლურალისტული გაშუქება და თითქმის აღარ გვხვდება ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება კრიტიკული და სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა და სარეკლამო და სარედაქციო მასალების არასათანადო გამიჯვნა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში ონლაინ მედიაში გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც უცვლელად და უკომენტაროდ შუქდებოდა გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განხადებები, რომლებიც მიზანმიმართულად აკნინებდა ქალის როლს პოლიტიკაში.

ონლაინ მედიის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს, დღეს, 24 სექტემბერს გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წლებთან შედარებით, მიმდინარე წელს ონლაინ მედიაში შეინიშნება მცირე გაუმჯობესება პოლიტიკური სპექტრის პლურალისტული გაშუქების კუთხით.

მართალია, ვებგვერდებზე ჭარბობდა მმართველი პარტიის გაშუქება, თუმცა ყურადღება ეთმობოდა ასევე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა საქმიანობისა და განცხადებების გაშუქებასაც“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტთა ტექსტებში თითქმის აღარ გვხვდება სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა, პრობლემურია ის, რომ ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილი უცვლელად და უკომენტაროდ აშუქებს პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა განცხადებებს, რომლებიც შეიცავს ასეთი სახის ტერმინოლოგიასა და შინაარსს.


მთავარი გამოწვევები

რაც შეეხება ონლაინ მედიის მთავარ გამოწვევებს, წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ონლაინ მედიის უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო მასალებისგან.

„ასეთ მასალებს მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების ნაწილი საერთოდ არ ურთავს რაიმე სახის შესაბამის მითითებას; ზოგი ურთავს, მაგრამ ისე, რომ ეს მინიშნებები რ შეესაბამება სტანდარტს. შესაბამისად, ვებგვერდების დიდი ნაწილის მკითხველს არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ გაარჩიოს გამოქვეყნებული სტატიებიდან რომელია ფასიანი და რომელი რედაქციის მიერ მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევარი“, - ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, წინა წლების მსგავსად, გამოწვევად რჩება კრიტიკული და სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა. ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების უმეტესობა საკითხებს აშუქებს ზედაპირულად, შემოიფარგლება სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსთა ყოველდღიური საქმიანობისა და განცხადებების გაშუქებით. ვებგვერდების მხოლოდ მცირე ნაწილი ცდილობს, რომ საკითხები გააშუქოს სიღრმისეულად და მკითხველს შესთავაზოს მიმდინარე მოვლენების კრიტიკული ანალიზი.

მედიამონიტორინი აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად ონლაინ მედიაში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ისეთი შემთხვევები გვხვდება, როგორიცაა ფაქტებისა და მძიმე ბრალდებების ცალმხრივი გაშუქება.

„მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა დიდ ნაწილში არ ჩანდა მცდელობები, რომ ჟურნალისტებს გადაემოწმებინათ მასალებში წარმოდგენილი კონკრეტული ბრალდებები კონკრეტულ პირთა მიმართ ან მოეძიებინათ ბრალდებულ მხარეთა კომენტარები“, - ვკითხილობთ დოკუმენტში.

წლევანდელ ანგარიშში ყურადღება ეთმობა გენდერულად სენსიტიურ გაშუქებასაც. ანგარიშს მიხედვით, „მონიტორინგის პერიოდში ონლაინ მედიაში გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც უცვლელად და უკომენტაროდ შუქდებოდა გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განხადებები, რომლებიც მიზანმიმართულად აკნინებდა ქალის როლს პოლიტიკაში“.

ანგარიშის თანახმად, სამონიტორინგო პერიოდში ჭარბობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დადებით ტონში გაშუქება, მათ შორის, ისეთ ვებგვერდებზეც, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებულად კრიტიკული დამოკიდებულებით სახელისუფლებო გუნდის მიმართ. ეს ტენდენცია, დოკუმენტში, COVID 19-ის პანდემიას უკავშირდება. კერძოდ, „სამთავრობო ფინანსური დახმარებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეწოდებოდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც შესაბამისად აისახა მედიაში მის დადებით გაშუქებაზე“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა

ანგარიშის მიხედვით, კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების სარედაქციო მასალებისგან არასათანადო გამიჯვნა უმწვავესი გამოწვევაა interpressnews.ge-სთვის.

alt„სახელმწიფო უწყებებისა და პოლიტიკოსების საქმიანობის შესახებ მომზადებული მასალების ერთ მესამედზე მეტი გამოქვეყნებულია კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში, თუმცა არ არის ნათლად გამიჯნული სარედაქციო მასალებისგან“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, interpessnews.ge-ზე კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს უმეტეს შემთხვევებში ერთვის წრეში მოთავსებული ლათინური სიმბოლოები NS, რაც მკითხველისთვის დამაბნეველია, ვინაიდან ცხადად არ არის მითითებული, რომ მასალა დაფინანსებული და სარეკლამოა. interpessnews.ge-ის მკითხველს არ ეძლევა საშუალება ნათლად გაარჩიოს, რომელი სტატიებია მომზადებული რედაქციის მიერ და რომელი ქვეყნდება რეკლამის სახით.

altდაკვირვება აჩვენებს, რომ სარეკლამო და სარედაქციო მასალებს არასათანადოდ მიჯნავს ambebi.ge-ც. ზოგს აღნიშნვნას საერთოდ არ უკეეთებს, ზოგიერთ მასალას კი გამოყოფს სტატიის ბოლოს R-ის მითითებით, რაც NS-ის მსგავსად, მკითხველისთვის დამაბნეველია, ვინაიდან ცხადად არ არის მითითებული, რომ მასალა დაფინანსებული და სარეკლამოა. იგივე ტენდენციაა primetime.ge -ზე.

ანგარიში აჩვენებს, რომ მათგან განსხვავებით, სარეკლამო მასალების გამიჯვნის სტანდარტების შესაბამისად, ნებისმიერი მკითხველისთვის მარტივად გასაგებად უთითებს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს netgazeti.ge. სარეკლამო და სარედაქციო მასალებს ერთმანეთისგან ნათლად მიჯნავენ გამოცემები: publika.ge, sknews.ge, ასევე, დაფინანსებული პოლიტიკური კონტენტი სათანადოდ აქვს გამიჯნული on.ge-ს.


ფაქტებისა და მძიმე ბრალდებების ცალმხრივი გაშუქება


ანგარიში აჩვენებს, რომ ონლაინ გამოცემებში შეინიშნება შემთხვევები, როდესაც მძიმე ბრალდებების შემცველ მასალებში ცალმხრივი გაშუქება ხდება.

სამონიტორინგო პერიოდში, ასეთი არაერთი მასალა გამოქვეყნდა ambebi.ge-ზე.

altმოვლენების ცალმხრივი გაშუქება, კონკრეტულ პირთა მიმართ დაუდასტურებელი ბრალდებების ხშირი გაშუქება, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის უცვლელად გამოქვეყნება დამახასიათებელი ტენდენციაა kvira.ge-ზე. მონიტორინგი აჩვენებს, რომ „ხშირად, უმძიმესი ბრალდებები კონკრეტულ პირთა მიმართ შუქდებოდა რაიმე სახის გადამოწმების მცდელობის გარეშე. ასეთი სტატიები კი ჩვეულებრივ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ეხებოდა და მიზნად ისახავდა მათ დისკრედიტაციას“.

იგივე ტენდენცია შეინიშნება მარშალპრესზე. ანგარიშის მიხედვით, „mpn.ge ხშირად აქვეყნებს საზოგადოებისთვის ცნობილი პირების Facebook-ის სტატუსებს, რომლებიც შეიცავს დაუდასტურებელ ბრალდებებს, ძირითადად, ოპოზიციის მიმართ, ასევე, შეურაცხმყოფელ, სიძულვილის ენის შემცველს ტერმინებს“.

 
კონკრეტულ პირთა მიმართ მძიმე ბრალდებების ცალმხრივად გაშუქება მწვავე პრობლემაა primetime.ge-ზე. კვლევის მიგნებების თანახმად, ასეთი სახის დარღვევები სისტემატურად გვხვდებოდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა გაშუქებისას.

altანგარიშის მიხედვით, სტატიები, რომლებშიც მთავრობის წარმომადგენელთა თუ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურათა განცხადებები წარმოდგენილი იყო როგორც დადასტურებული ფაქტები და არ ჩანდა ჟურნალისტთა მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და საკითხის თუნდაც ოდნავ სიღრმისეულად გაშუქების რაიმე მცდელობა, ხშირად ქვეყნდება sputnik-georgia.com-ზე.


წყაროთა მრავალფეროვნებისა და ბალანსის პრობლემა

დოკუმენტის თანახმად, სამონიტორინგო პერიოდში გამოვლინდა ცალკეული შემთხვევები, როდესაც პრობლემა იყო წყაროთა მრავალფეროვნება და ბალანსი. ეს შეინიშნებოდა მათ შორის ისეთ გამოცემებშიც, რომლებიც მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებით მუშაობენ.

დოკუმენტის თანახმად, ონლაინგამოცემა publika.ge-ს შემთხვევაში, ეს დაპირისპირებული მხარეების ცალ-ცალკე სტატიებით გაშუქებაში გამოიხატება.

alt„publika.ge ყოველთვის ცდილობს ბალანსის დაცვას, თუმცა გამოვლინდა ამ კუთხით პრობლემური ცალკეული შემთხვევები, როდესაც ვებგვერდი დაპირისპირებული მხარეების მოსაზრებებს ცალ-ცალკე სტატიებით აშუქებს ისე, რომ მკითხველს, რომელიც თავდაპირველად გამოქვეყნებულ სტატიებს გაეცნობა, არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ მოგვიანებით გამოქვეყნებულ საპირისპირო პოზიციებსაც გაეცნოს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ წყაროთა ბალანსის პრობლემა შეინიშნება radiotavisupleba.ge-ზე.

alt„radiotavisupleba.ge უმეტესად ცდილობდა ჟურნალისტური სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვას, თუმცა მონიტორინგის პერიოდში გამოქვეყნდა რამდენიმე სტატია, რომლებშიც დაცული არ იყო წყაროთა ბალანსი და შესაბამისად, მოვლენები და ბრალდებები შუქდებოდა ცალმხრივად“, - ნათქვამია ანგარიშში.

მოვლენების ცალმხრივად გაშუქების შემთხვევა, როდესაც არ იყო დაცული ბალანსი, შეინიშნებოდა reginfo.ge-ზეც.

alt

რაც შეეხება ონლაინ გამოცემას netgazeti.ge, ანგარიშის თანახმად, „მონიტორინგის ფარგლებში დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები, როდესაც მასალა ეფუძნებოდა კონკრეტული ორგანიზაციის კვლევას, ან განცხადებას, რომელიც ამხელდა ან აკრიტიკებდა სხვა პირების ან ორგანიზაციების საქმიანობას და არ იყო წარმოდგენილი ე.წ. მხილებული მხარის პოზიცია“.

alt


პოლიტიკური სუბიექტებისადმი დამოკიდებულება


მედიამონიტორინგის თანახმად, მართალია ინლაინ მედიაში პოლარიზაცია არ არის ძალიან მკვეთრი, თუმცა, ზოგიერთ გამოცემაში შეინიშნება ერთი მხრივ, მმართველი გუნდისა და ხელისუფლების დადებითად წარმოჩენა და მეორე მხრივ, ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობა.

ანგარიშში ამ კონტექსტში დასახელებულია გამოცემები: kvira.ge, მარშლპრესი (mpn.ge), primetime.ge, sputnik-georgia.com. “

primetime.ge ძირითადად დაკავებული იყო, ერთი მხრივ, მმართველი გუნდის დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ, კი ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობით. primetime.ge-ზე ცალსახად შეინიშნებოდა სახელისუფლებო გუნდის მიმართ უაღრესად დადებითი განწყობა”, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, მმართველი გუნდის გაშუქებისას გამოვლინდა დადებითი ტონის უკიდურესად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები kvira.ge-ზე.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ მონიტორინგის პირველ პერიოდში sputnik-georgia.com ძირითადად სახელისუფლებო გუნდის დადებითი გაშუქებით იყო დაკავებული და ნაკლებ ყურადღებას უთმობდა სხვა პარტიების საქმიანობას: „მონიტორინგის სუბიექტთა გაშუქების საერთო მოცულობის 80 პროცენტზე მეტი სწორედ მმართველი გუნდის გაშუქებას დაეთმო. ამ სუბიექტთა გაშუქებისას კი ჭარბობდა დადებითი ტონის მაღალი მაჩვენებლები“.

altრაც შეეხება მარშალპრესს, ანგარიშში ნათქვამია: „იქმნება შთაბეჭდილება, რომ mpn.ge-ს მიზანი არა მიმდინარე მოვლენების ობიექტური გაშუქება, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა მმართველი პარტიის სასარგებლოდ“.

ანგარიშიდან საინტერესოა ონლაინ გამოცემა ტაბულას შემთხვევა.

„tabula.ge გამოირჩეოდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით. მეორე მხრივ კი შეინიშნებოდა პარტია „ევროპული საქართველოს“ მიმართ განსაკუთრებული ყურადღება. ამ პარტიას დაეთმო ორჯერ მეტი გაშუქება, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად, მმართველი პარტიის გამოკლებით“, - ვკითხულობთ ანგარიშში.


alt


*******


მონიტორინგის შესახებ

ქართული ონლაინ მედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტის „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება. მონიტორინგი დაიწყო 2020 წლის 15 ივნისს და დასრულდება 2020 წლის დეკემბერში.

დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ 13 ონლაინ მედიასაშუალებაზე: ambebi.ge, interpressnews.ge, kvira.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, primetime.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, reginfo.ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.

კვლევის მეთოდოლოგია

მედიამონიტორინგის ფარგლებში შერჩეულ მედიასაშუალებებზე დაკვირვება ხდება როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კომპონენტების გათვალისწინებით. რაოდენობრივი კვლევისას ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რა სიხშირით შუქდება ესა თუ ის სუბიექტი შერჩეულ მედიასაშუალებაში და რა ტონით შუქდება აღნიშნული სუბიექტი. თვისებრივი დაკვირვებისას ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რამდენად იცავს შერჩეული მედიასაშუალება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, როგორიცაა: ფაქტის სიზუსტე, წყაროების მრავალფეროვნება, დაბალანსებული გაშუქება, ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის წახალისება, გენდერული სტერეოტიპების ტირაჟირება, რაიმე სახის მანიპულაცია და ა.შ.

მონიტორინგი არ ხორციელდება სარეკლამო სტატიებზე, რომლებსაც თან ახლავს სათანადო მინიშნება.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ