28.09.2020
“გაზეთების უმრავლესობაში გვხვდებოდა ჟურნალსიტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის ფაქტები: შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგია რესპონდენტთა განცახდებების გარდა, ჟურნალისტთა ტექსტებშიც ხშირად გამოიყენებოდა. თუმცა, წინა წლებთან შედარებით შემცირდა შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული შინაარსის ფოტოების რაოდენობა (გამონაკლისს წარმოადგენს „ასავალ-დასავალი“)”
ანგარიშში ნათქვამია, რომ გაზეთების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაუბალანსებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება რჩება. გამოცემებში საეჭვო წყაროებზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციის გავრცელების შემთხვევები ხშირად გვხვდებოდა.
“ჟურნალისტები არ ასახელებდნენ წყაროს და არც ფაქტობრივი მასალით ასაბუთებდნენ ხელისუფლების და ამა თუ იმ პოლიტიკოსის მისამართით წაყენებულ მძიმე ბრალდებებს. ამიტომ, ზოგ შემთხვევაში ჟურნალისტების მიერ გამოთქმული კრიტიკა და მწვავე კითხვები მიკერძოებული და სუბიექტური უფრო იყო, ვიდრე ფაქტებით გამყარებული. გადამოწმების გარეშე შუქდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელთა ბრალდების შემცველი განცხადებებიც. ამასთან, კრიტიკის ობიექტს, ხშირ შემთხვევაში, საპასუხო კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ ეძლეოდა.”
მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ გაზეთების უმრავლესობა მკითხველს ერთ წყაროზე დაყრდნობით მომზადებულ მასალებს სთავაზობდა, რაც ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე განხსვავებული მოსაზრებების გაცნობის საშუალებას არ იძლეოდა.
ძირითადი მიგნებები:
- ყველაზე მეტად გაშუქდნენ: მთავრობა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი;
- მონიტორინგის სუბიექტების გაშუქებისას უარყოფითი ტონი ბევრად სჭარბობდა ნეიტრალურს, დადებითი ტონი თითქმის არ დაფიქსირებულა.
- გამონაკლისს წარმოადგენდნენ გაზეთები: „რეზონანსი“, „ახალი თაობა“ და „გურია ნიუსი“, სადაც სუბიექტები, ძირითადად, ნეიტრალურად გაშუქდნენ;
- შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენებით გამოირჩეოდნენ გაზეთები: „ასავალ-დასავალი“, „ქრონიკა+“; გაზეთ „ალიაში“, წინა წლებთნ შედარებით, სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები შემცირებული იყო;
- წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული შინაარსის ფოტოების რაოდენობა (გამონაკლისს წარმოადგენს „ასავალ-დასავალი“);
- გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ გამოირჩეოდა მკვეთრად პრორუსული და ანტისდასავლური განწყობით; პრობლემად რჩება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება: ჟურნალისტები არ ერიდებოდნენ მტკიცებულებების გარეშე ამა თუ იმ პოლიტიკოსის მისამართით მძიმე ბრალდების წაყენებას;
- გადამოწმების გარეშე შუქდებოდა რესპონდენტთა ბრალდების შემცველი განცხადებებიც. ხშირ შემთხვევებში, კრიტიკის ობიექტს საპასუხო კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ ჰქონდა;
- გაზეთების უმრავლესობა მკითხველს ერთ წყაროზე დაყრდნობით მომზადებულ მასალებს სთავაზობდა, რაც ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე, განხსვავებული მოსაზრებების გაცნობის საშუალებას არ იძლეოდა;
- გამოცემების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ინფორმაციის საეჭვო წყაროებზე („კულუარული ინფორმაციით“, „გავრცელებული ინფორმაციით“, „წყაროს ცნობით“, „ამბობენ, რომ..“) დაყდნობით მომზადებული სტატიები რჩება;
- ბეჭდურ მედიაში გენდერული სტერეოტიპების გამყარებას ხელს უწყობდნენ როგორც რესპონდენტები, ასევე ჟურნალისტები.
მონიტორინგის შესახებ:
ანგარიში მოიცავს 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდის მონიტორინგის შედეგებს. ამ დროის განმავლობაში მედიამონიტორები 8 გამოცემას აკვირდებოდნენ: „რეზონანსი“, „ახალი თაობა“, „კვირის პალიტრა“, „ალია“, „ასავალ-დასავალი“, „ქრონიკა+“, „საქართველო და მსოფლიო“, „გურია news“.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ „ინტერნიუსი-საქართველო“ ახორციელებს და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ არის დაფინანსებული.