ინტერვიუს დადგმის მცდელობა "მთავარ არხზე" ზუგდიდში მიმდინარე საპოლიციო ოპერაციის გაშუქებისას
21.10.2020

სამეგრელოში, ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე საპოლიციო ოპერაციის გაშუქებისას, "მთავარი არხის" ჟურნალისტმა, რესპონდენტის ინტერვიუს დაგეგმვა სცადა და შეეცადა მისთვის ეკარნახა, როგორ დაეწყო ინტერვიუ. საუბარია სპეციალურ გამოშვებაზე, რომელშიც არხი მაყურებელს “საქართველოს ბანკის” ფილიალის დაყაჩაღების მცდელობის გამო დაწყებული  საპოლიციო ოპერაციის დეტალებს აცნობს.

შემთხვევის ადგილზე მისული ჟურნალისტი ემა გოგოხია ცდილობდა პირდაპირ ეთერსი ჩაერთო თვითმხილველები და მათგან მიეღო ინფორმაცია მომხდარის შესახებ. ერთ-ერთ რესპონდენტს მან სთხოვა მოეყოლა რა მდგომარეობა იყო და რა ნახა საკუთარი თვალით. რესპონდენტმა ამბის მოყოლა შემდეგნაირად დაიწყო: "ზუსტად ნახევარი საათის წინ გამოვიარე ეს ტერიტორია, შიგნით შევიდნენ ტერორისტები და საქართველოს ბანკის ყაჩაღობა მიმდინარეობს და თქვენ კარგად ხედავთ, რომ ნაწილი გამოყვანილი არის … არა?” ამ დროს ჟურნალისტმა რესპონდენტს შეაწყვეტინა, სთხოვა, რომ თავიდან მოეყოლა ისტორია და უკარნახა, თუ რა უნდა ეთქვა მას.

რესპონდენტმა, ჟურნალისტის თხოვნისამებრ,  ამბის მოყოლა თავიდან დაიწყო, თუმცა, "მთავარმა არხმა" რამდენიმე წამში ჟურნალისტის ჩართვა შეწყვიტა და სამეგრელოში გადაღებული კადრების ფონზე მიმდინარე მოვლენებზე საუბარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა გააგრძელა.



მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ვკითხულობთ, რომ მედიამ არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა და საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს:

"ინტერვიუების, ჩაწერილი მასალის, მათ შორის, საარქივო მასალის რედაქტირებისას მაუწყებელმა არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა, ან არ უნდა მოახდინოს სხვა სახით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა ვიზუალური ან აუდიო მანიპულაციებით, დასმული კითხვების მნიშვნელობის შეცვლით ან კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრების გამოყენებით”.

"მედიაჩეკერი" შეეცადა გაერკვია, ექნება თუ არა არხის თვითრეგულირების ორგანოს რეაგირება მომხდარზე. არხის დირექტორმა თამთა მურადაშვილმა გვითხრა, რომ ჟურნალისტს პასუხის კარნახის მცდელობა არ ჰქონია, მას უბრალოდ სურდა, რომ მძევლების შესახებ დაესვა კითხვა და ამ საკითხზე მიეღო ინფორმაცია რესპონდენტისგან.

"ის, რომ თითქოს დადგმული იყო და მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, მე არ მგონია, რომ იმ კადრებში ასე ყოფილიყო და არ ვიცი, რატომ დაგრჩათ ეს შთაბეჭდილება. ჟურნალისტს უნდოდა კომენტარის მიღება მძევლებთან დაკავშირებით და არა ის, რომ ეკარნახა პასუხი წინასწარ, მე არ დამრჩა ამის შთაბეჭდილება. რაც შეეხება თვითრეგულირების ორგანოს, ამ სიტუაციაში ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მთავარია, დღევანდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიაროს.

ფორსმაჟორში გადის ეთერი და ნახეთ თქვენც, რომ ტექნიკური ხარვეზებიც გვქონდა. თუმცა, ის რომ დადგმული იყო, ამას ნამდვილად არ ჰქონია აქ ადგილი და ამ ნაწილში ნამდვილად ვერ მივიღებ კრიტიკას. სხვა ნაწილებში შეიძლება იყო რაღაც ლაფსუსი კონკრეტულად ამ ჟურნალისტთან დაკავშირებით. ეთერში განაცხადა ინფორმაცია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი ადიოდა მეოთხე სართულზე და ეს ნამდვილად იყო შეცდომა და ჩვენ დაუყოვნებლივ შევწყვიტეთ ეთერი. ეს ჟურნალისტი აღარ ჩართულა იმის მერე ეთერში", - გვითხრა თამთა მურადაშვილმა.

⇒ შსს-ს მოწოდება მედიას

ზუგდიდში მიმდინარე საპოლიციო ოპერაციას არამხოლოდ "მთავარი არხი" გადასცემდა პირაპირ ეთერში. მოვლენებიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიას მოუწოდა, რომ საზოგადოების უსაფთხოების დაცვისთვის, საპოლიციო ოპერაციის ამსახველი კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე მათ ჯანმრთელობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

 საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია, ასეთ დროს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მედიამ პანიკისგან დაცლილი ინფორმაცია მიაწოდოს აუდიტორიას:


“მედიამ არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს.”

ტერორიზმთან დაკავშირებული თემების გაშუქების სახელმძღვანელოში კი ვკითხულობთ, რომ “ტერორისტული აქტები თუ მასთან დაკავშირებული სხვა ამბები უნდა გაშუქდეს ზუსტად, სრულად, შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით და დიდი პასუხისმგებლობით.”

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ