ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "პირველი ხაზის" ავტორმა და
წამყვანმა გიორგი ნიორაძემ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მასწავლებლების შესახებ
მომზადებული სიუჟეტისთვის მაყურებელს ბოდიში მოუხადა და განაცხადა,
რომ არხის გადაწყვეტილებით, მასალამაუწყებლის ყველა პლატფორმიდან
წაიშლება.
თამარ ჟვანიას შესახებ სიუჟეტი გავიდა გადაცემაში "პირველი ხაზი",
რომელსაც ჟურნალისტები გიორგი ნიორაძე და ვიკა ბუკია უძღვებიან. 12
ნოემბერს, იმ დღეს, როდესაც ეთერში ეს მასალა გავიდა, გადაცემა მხოლოდ
გიორგი ნიორაძეს მიჰყავდა.
"ჟურნალისტურ სტანდარტს რომ თავი დავანებო, ეს იყო, მსუბუქად რომ
ვთქვა, მდარე სატელევიზიო პროდუქტი, ძალიან ცუდი ესთეტიკის, რომელზეც
პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე ვარ მე. ვაღიარებ, მე შემეშალა და
ამისთვის ბოდიშს ვუხდი მაყურებელს, გარდაცვლილი პედაგოგების ოჯახებს
და ჩემს კოლეგებს, ამ და სხვა რედაქციებში, ვისაც დისკომფორტი
შევუქმენი. ვაღიარებ ჩემს, დავარქვათ შეცდომას, ეს სიუჟეტი არ ასახავს
არც ამ არხის და არც ამ გადაცემის სტანდარტს და შესაბამისად,
აღნიშნული სიუჟეტი იხსნება "ტვ პირველის" ყველა ელექტრონული
პლატფორმიდან", - განაცხადა გიორგი ნიორაძემ სიუჟეტის გასვლიდან მეორე
დღეს გადაცემის ბოლოს.
შეგახსენებთ, მასალა, რომლის გამოც გადაცემის წამყვანმა ბოდიში
მოიხადა, ტელეკომპანიის ეთერში 12 ნოემბერს გავიდა. სიუჟეტის ავტორი
დაინტერესდა იმით, როგორი მოსწავლე იყო თამარ ჟვანია და ამ მიზნით, იმ
მუნიციპალიტეტში ჩავიდა, სადაც ცესკოს თავმჯდომარემ სასკოლო განათლება
მიიღო.
უფრო ვრცლად, იმ სიუჟეტის შესახებ, რომლის გამოც გადაცემის წამყვანმა
ბოდიში მოიხადა, წაიკითხეთ სტატიაში: როცა ჟურნალისტი იკვლევს, როგორი
მოსწავლე იყავით სკოლაში.
14 ნოემბრის 01:50 საათის მონაცემებით, აღნიშნული სიუჟეტი ისევ
იძებნებოდა გადაცემა "პირველი ხაზის" ფეისბუკის გვერდზე. საუბარია12
ნოემბრის გადაცემაზე, რომელიც სწორედ ამ სიუჟეტით მთავრდება. ცალკე
მოჭრილი ეს კონკრეტული მასალა კი, რომელიც მაუწყებლის ფეისბუკის
გვერდზე ვრცედებოდა, გიორგი ნიორაძის ბოდიშამდე კარგა ხნით
ადრე, 13 ნოემბრის დღის პირველ ნახევარშივე უკვე აღარ
იძებნებოდა.
განახლება: ამ სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, გადაცემის ფესიბუკის გვერდზე ვიდეომასალა დაარედაქტირეს. ამჟამად, 12 ნოემბრის გადაცემის პირდაპირი ეთერის (LIVE) ვიდეოს ბოლო ნაწილი მოჭრილი აქვს და სიუჟეტი სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.