ყოფილი ხელისუფლების მიერ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ქვეყნის საწინააღმდეგოდ შეთანხმება „იმედზე“
07.10.2020
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ყოფილი ხელისუფლების მიერ გარკვეული მონაკვეთების ქვეყნის საზიანოდ შეთანხმების მცდელობა და  „გადამალული ისტორია“ - ამ კონტექსტში წარმოაჩინა ტელეკომპანია „იმედმა“ 4 ოქტომბერს , კვირის მთავარ შემაჯამებელ გადაცემაში „იმედის კვირა“ პროკურატურის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეული მონაკვეთების „არამართლზომიერად“ შეთანხმების საქმეზე პროკურატურის მიერ 29 სექტემბერს დაწყებული გამოძიება.

ჟურნალისტმა ამბის თხრობა საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის საკითხზე მრავალწლიანი მსჯელობით დაიწყო და თქვა, რომ 1996 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების სადელიმიტაციო კომისიების შეთანხმებით, ორ ქვეყანას საზღვრის დადგენის დროს 1938 წლის რუკით უნდა ეხელმძღვანელათ, რომელზე მონიშნული ადმინისტრაციული საზღვარიც საქართველოს ინტერესებს უკეთესად წარმოაჩენდა.

„[თუმცა] კომისიის საქმიანობა წლების განმავლობაში ისე მიმდინარეობდა, რომ საზოგადოებას, ფაქტობრივად, არ ჰქონდა ინფორმაცია და არც არავინ გვაყენებდა საქმის კურსში, თუ რა ტიპის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის. დახურულ კარს მიღმა მიღებულ გარკვეული შეთანხმების შედეგებს კი მხოლოდ მას შემდეგ ვიგებდით, რაც პარტნიორი სახელმწიფოს მესაზღვრეები პერიოდულად უზღუდავდნენ მომლოცველებსა თუ დამთვალიერებლებს გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას“, - გააგრძელა მან.

ჟურნალისტმა ისიც დაამატა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება მაშინ საზოგადოებას უხსნიდა, რომ „2006-2007 წლებში, კომისია დასაზუსტებელი საზღვრის დაახლოებით 60%-ზე შეთანხმდა“, რის შემდეგაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ისეთი კომენტარები შემოგვთავაზა, რომელიც იმაზე მიუთითებდა, რომ თითქოს მათ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებით არამართებული და ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღეს.

კერძოდ, სიუჟეტში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილისა და კულტურის იმდროინდელი მინისტრის ნინო კალანდაძისა და ნიკა რურუას შემდეგი შეფასებები მოვისმინეთ:

- „გარეჯის კომპლექსის იმ ნაწილს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ეს საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არ იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებში და არის სწორედ აზერბაიჯანულ ტერიტორიაზე“;

- „ეს ისტორიულად საქართველოს ნაწილი იყო, დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, როგორც მაგალითად ტაო-კლარჯეთი, რომელიც ისტორიულად საქართველო იყო, მაგრამ ისტორიული დაუდევრობის, შეცდომების, უბედობის გამო ეკუთვნის თურქეთს“.

ჟურნალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში სადელიმიტაციო კომისია ისე მუშაობდა, რომ ეჭვი არავის გასჩენია, რომ „ორმხრივი კომისია, გადაწყვეტილებებს ამ ისტორიული დოკუმენტების გარეშე იღებდა“.

„მხოლოდ მიმდინარე კვირას, თავდაცვის სამინისტროს მიერ აღმოჩენილი მასალების მიხედვით გაირკვა, რომ 2006-2007 წლებში, 1938 წელს გამოცემული მთავარი დოკუმენტი სამუშაო მაგიდაზე არ იდო“, - ამატებს იგი.

სიუჟეტის ავტორი იმითაც ინტერესდება, „საერთოდ იყო თუ არა წინა ხელისუფლების ინტერესში წინა დოკუმენტების შესწავლა და დასძენს, რომ „პირობით საზღვართან დაკავშირებული შეთანხმება, 2006-2007 წლის მოცემულობით, რომ გაგრძელდეს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი მეზობლის ტერიტორიაზე აღმოჩნდება“.

სიუჟეტის ავტორისვე განმარტებით, „ეროვნული მნიშვნელობის სიახლე“, რომლითაც ქვეყანას შეუძლია, რომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკების მაგიდას „გამყარებული პოზიციებით დაუბრუნდეს, რატომღაც შემაშფოთებელი აღმოჩნდა ყოფილი სახელისუფლებო გუნდისთვის“.

„როდესაც საგამოძიებო უწყება შემოიფარგლა მხოლოდ განცხადებით, რომ გამოძიება თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, შეთანხმდა თუ არა ტერიტორია ჩვენი ქვეყნის საზიანოდ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მილიონებზე ალაპარაკდა“, - ხაზს უსვამს ავტორი და აღნიშნულის საილუსტრაციოდ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კომენტარი მოჰყავს, რომ მოქმედი ხელისუფლებს მის საწინააღმდეგოდ „რუსეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს გამოიყვანს, ათქმევინებენ, რომ ფული მათ მიწებში 70 თუ 80 მლნ ლარი გადაიხადეს და მერე ააგებენ მთელ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა“.

მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება მასალაში მის მიერ „წინასწარ მიცემულ აღიარებით ჩვენებად“ არის შეფასებული და საკითხზე საზოგადოების აზრის კიდევ უფრო მკაფიოიდ ფორმირებისთვის ისიც არის ნათქვამი, რომ საზღვრის „დამდგენ კომისიასთან დიდი ხანია შეკითხვები აქვს საქართველოს საპატრიარქოს“.

სიუჟეტში ასევე მოვისმინეთ მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებებიც, რომლებიც წინა ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის არამართლზომიერად შეთანხმებისა და სახელმწიფო ინტერესების დაზიანების მიმართ ლეგიტიმურ ეჭვებზე მიუთითებენ.

აღსანიშნავია, რომ „იმედის კვირამ“ ამავე თემაზე სიუჟეტი 27 სექტემბერსაც მოამზადა, სადაც ყოფილი ხელისუფლების მაშინდელ ოპონენტებზე დაყრდნობით, ნათქვამი იყო, რომ ქვეყანამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მიმართებით პოზიციები მეზობელი ქვეყნის მიერ გამოყოფილი 200 მლნ-იანი სესხის სანაცვლოდ დათმო.

„იმედის“ მიერ მომზადებულ მასალებში არ იყო წარმოდგენილი საპირისპირო პოზიცია და არგუმენტები, რაც ბრალდების მხარის პოზიციას დაუპირისპირდებოდა. საკითხთან მიმართებით ჟურნალისტის მხრიდან ვერც კრიტიკულ კითხვები და მოსაზრებები ვნახეთ.

თემის მხოლოდ ერთი წყაროს მხრიდან მიღებულ ინფორმაციაზე გაშლა და მის ირგვლივ მხოლოდ ერთი მხარის ინტერესების სასარგებლო არგუმენტაციის წარმოჩენა და მიკერძოება, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ არხის მიზანი არა მომხდარზე საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირება, არამედ მაყურებლის ბრალდების ვერსიაში დარწმუნება და კონკრეტული პოლიტიკური გუნდის ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაში დადანაშაულება და აღნიშნულის ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება იყო.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ