ქსენოფობია და ანტითურქული განწყობები “ობიექტივზე”
01.10.2020
მას შემდეგ, რაც პატრიოტთა ალიანსი აჭარაში გაკრული იმ საარჩევნო ბანერის გამო გააკრიტიკეს, რომელზეც აჭარა, ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის მსგავსად წითლად იყო მონიშნული, ტელეკომპანია “ობიქეტივმა”, რომლის დამფუძნებელიც სწორედ პატრიოტთა ალიასის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილია, თურქობიური შინაარსის შემცველი მასალების მომზადება დაიწყო და მაყურებელს მეზობელის სახელმწიფოს მიმართ ქსენოფობიური ტექსტებით გაჯერებული რამდენიმე სიუჟეტი შესთავაზა.

მასალების ძირითადა ხაზი აჭარის რეგიონში თურქეთის “ეკონომიკურ ექსპანსიასზე”, რეგიონში “თურქულ ინტერესებზე”, თურქულ რბილ ძალასა და მეზობელი სახელმწიფოს “იმპერიალისტურ მიზნებზე” გადიოდა. ასევე, აქცენტი წინა ხელისუფლების დროს, “ეროვნებით თურქი ბიზნესმენებისთვის” სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემასა და “თურქი ბიზნესმენების” კანონის გვერდის ავლით, თივთნებურ საქმიანობაზე კეთდებოდა.

ამბის თხრობისას ჟურნალისტებსგან შემდეგი ტექსტები ისმოდა:

“აჭარის რეგიონში კვების ობიექტები, ტრანსპორტი, სასტუმროები, სუპერმერკეტების ქსელი, სამშენებლო ბიზნესი და სავაჭრო ცენტრები ყველაზე კარგად გამოხატავს თურქეთის პოლიტიკიას, ანუ ეკონომიკურ ექსპანსიას”.

“თურქეთი რომ აჭარის ეკონომიკას ნელ-ნელა იპყრობს ეს სახეზეა. ამას რეგიონში თრქი მეპატრონის საკუთრებაში არსებული არაერთი მსხვილი ობიექტი მოწმობს”.

“რეგიონში თურქი ეროვნების მოქალაქეები სტრატეგიულ ობიექტებსაც კი ფლობენ. მეზოებლი ქვენის ექსპანსიას გრძნობენ ადგილობრივებიც”.

“ბათუმის მოსახლეობისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ რეგიონში მსხვილ ობიექტებს თურქები ფლობენ… ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც თურქეთიდან მომავალ საფრთხეებზე უკვე წლებია საუბრობს არის პატრიოტთა ალიანსი”. თურქოფობიული განცხადებები ისმოდა რესპონდენტებისგანად:

“ძველი მტერი მოყვარე არ გახდებაო… თურქები ჩვენი დაუძინებელი მტრები იყვნენ, არიან და იქნებიან. დღეს თურქები სალოცავი გაუხდნენ უჭკუო ქართველებს...ისინი თავიანთ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო საქართველო თურქებისა იყოს და ქართველები აღარ არსებობდნენ დედამიწაზე - ამის მსურველნი არიან”.

“21-ე საუკუნეში თურქეთს ისევ აქვს პრეტენზია აჭარის რეგიონზე და ამას ხშირად თურქები თავადაც იმეორებენ… რბილი ძალით, ჩუმი ძალით თურქეთი შემოდის აჭარის რეგიონში”.

“აჭარა დასაცავია… წლების განმალვობაში მიმდინარეობს ეტაპობრივი, ეკონომიკური და იდეოლოგიური ანექსია და ეს ხორციელდება თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან”.

“საერთოდ არაა თურქი საჭირო აჭარაში, რად მინდა?! გაახილოს მთავრობამ თვალი და ნუ შემოუშვებს თურქებს”. “არის საწარმოები და ბიზნესობიექტები აჭარის ტერიტორიაზე, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გახდეს საყრდენი იმისთვის, რომ თურქეთმა თავისი იმპერიალისტური ზრახვები განახორციელოს. ჯერ ამას ღიად არ ამბობენ…”

არხის მხრიდან აჭარის რეგიონში თურქული ინვესტიციების მხოლოდ ეკონომიკური ექსპანსიის კონტექსტში წარმოჩენა და მეზობელი სახელმწიფოს “რბილი” პოლიტიკის გატარებაში დადანაშაულება ქმნიდა განწყობას, რომ მასალების მიზანი პატრიოტთა ალიანსის გარშემო “ანტითურქული” ბანერის გამო ატეხილი აჟიოტაჟის განეიტრალება და მათი პოზიციის დაცვა იყო.

თავის მხრივ კი, სტრატეგიული პარტნიორის უარგუმენტო კრიტიკა და უაპელაციო ბრალდებები ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებებს აყენებს საფრთხის ქვეშ და მეგობრულ ერებს შორის შუღლის ჩამოგდებასა და გაღვივებას ახალისებს.

ტელეკომპანია “ობიექტივის” ქსენოფობიური განცხადებები ევორკავშირია და გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) ოქტომბრის საპარალმენტო არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშშიც მოხვდა. “ობიექტივზე ტრადიციულად, წელსაც არაერთხელ დაფიქსირდა ქსენოფობიური განცხადებების ტირაჟირება”, - ვკითხულობთ დოკუმენტში. “მედია ვალდებულია არ მოახდინოს ქსენოფობიური განცხადებების ტირაჟირება. თუ განცხადებას საჯარო პირი აკეთებს შესაძლოა მოხდეს განცხადების ეთერში გაშვება, თუმცა რედაქცია მას უნდა გაემიჯნოს, უნდა უთხრას მაყურებელს, რომ ეს ქსენოფობიაა და მიუღებელია. „ობიექტივი“ ასე არ მოიქცა, რაც ეთიკური პრინციპების დარღვევაა”, - ნათქვამია იქვე.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ