29.12.2020
საზოგადოების ნაწილი იმედგაცრულებული დარჩა, როდესაც ქარტიის გამოხმაურებაში ვერ მოიძია, ერთი შეხედვით, მარტივი შეფასება, რომ გინება და ბილწსიტყვაობა ჟურნალისტის მხრიდან არაეთიკურია. საზოგადოების მეორე ნაწილი კი, რომლის აზრსაც გამოხატავს ქარტიის პასუხი პრეზიდენტის ადმინისტრციის წერილზე, იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც გამოხატვის თავისუფლებას ემუქრება, როდესაც ხელისუფლება მუდმივად საუბრობს უხამსობისა და სიძულვილის ენის რეგულირების აუცილებლობაზე მედიაში.
იმისათვის, რომ ნათლად გავერკვეთ დაპირისპირებული მოსაზრებების საფუძვლებში, აუცილებელია პასუხის გაცემა შემდეგ ორ შეკითხვაზე:
- რა ხდება და როგორ რეაგირებენ თვითრეგულირების ორგანოები, თუკი
ჟურნალისტი მის მიერ მომზადებულ მედიაპროდუქტში - სტატიაში,
რეპორტაჟში, საავტორო გადაცემაში და ა.შ. იყენებს უხამს ლექსიკას?
- განსხვავებულია თუ არა მიდგომა, თუკი ჟურნალისტი უხამსობას მიმართავს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებსა თუ კომენტარებში?
კანონებში - “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა” და “მაუწყებლობის შესახებ” უხამსობა განმარტებულია, როგორც “განცხადება ან ქმედება, რომელსაც არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და ლახავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს”.
ბოლო დროს ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა, რომელიც ჟურნალისტის მიერ უხამსი ლექსიკის გამოყენებას შეეხებოდა, გასული წლის ზაფხულში მოხდა, როდესაც ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ თავის საავტორო გადაცემაში, პირდაპირ ეთერში აგინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
გაბუნიას ეს ქცევა მაშინ ქარტიის საბჭომ თავის განცხადებაში შეაფასა, როგორც “არაეთიკური” და “უპასუხისმგებლო”. ამ საკითხზე იმსჯელა “რუსთვი 2”-ის (გაბუნიას საავტორო გადაცემა იმ დროს სწორედ ამ არხზე გადაიცემოდა) თვითრეგულირების ორგანომ, რომლის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაეკისრა სანქცია - კერძოდ, სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით.
ანუ როგორც ვხედავთ, იმ შემთხვევაში თუკი ჟურნალისტი მის მიერ მომზადებულ მედიაპროდუქტში იყენებს უხამსობას, რეაგირების მექანიზმები უკვე არსებობს.
რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც გამოიკვეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ქარტიის მიმოწერაში - ამ შემთხვევაში საუბარია რეაგირების შესაძლებლობაზე, როდესაც ჟურნალისტი უხამსად გამოხატავს თავის აზრს სოციალურ ქსელებში ან სხვა საჯარო სივრცეში და რომელიც არ არის მის მიერ მომზადებული მედიაპროდუქტი.
ნიკა გვარამიამ სწორედ ფეისბუკში გამოაქვეყნა პოსტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ, რომელიც ნეგატიურ ჭრილში ახასიათებდა პრეზიდენტს და შეიცავდა უცენზურო, უხამს გამონათქვამებს. სწორედ ამ პოსტის გამო მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და მოითხოვა მისგან რეაგირება ამ "შეურაცხმყოფელ და ყოვლად მიუღებელ" პოსტთან დაკავშირებით.
ქარტიის საბჭომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ ის მხოლოდ ჟურნალისტური პროდუქტის ეთიკურობის საკითხს განიხილავს დადგენილი სტანდარტების მიხედვით და რომ “სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი მოსაზრება მედიაპროდუქტს არ წარმოადგენს”.
ზოგადად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ჯერ კიდევ 2016 წელს აქვს მომზადებული სოციალური მედიის გამოყენების სახელმძღვანელო წესები. ამ გაიდლაინის მიხედვით, სოციალური მედიის გამოყენებისას ჟურნალისტი ისევე ვალდებულია დაიცვას ეთიკური და პროფესიული სტანდარტები, როგორც ეს რეალურ სივრცეში ხდება. ამასთან, რედაქციის მიერ საკუთარი ჟურნალისტებისთვის სოციალურ ქსელში რეგულაციების დაწესებისას უნდა იყოს დაცული ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის მიმართ აუდიტორიის სანდოობის უზრუნველყოფას შორის, რისთვისაც საჭიროა რედაქციამ შრომითი ურთიერთობის დაწყებისთანავე აცნობოს ჟურნალისტს თუ რა რეკომენდაციას აძლევს სოციალურ ქსელში ქცევასთან დაკავშირებით და რა შედეგი იქნება მისი დარღვევისას.
საქართველოში ბევრი მედიაორგანიზაცია იყენებს დაქირავებული ჟურნალისტების მიმართ გარკვეულ შეზღუდვებს სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. არსებობს შესაბამისი პრაქტიკაც, როდესაც ჟურნალისტებს მოუხდათ სამსახურის დატოვება მას შემდეგ, რაც უხამსი ან სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები გამოაქვეყნეს ფეისბუკში. მაგალითად, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ორმა ჟურნალისტმა, რომლებიც მუშაობდნენ გადაცემაში “ვახო სანაიას რეპორტაჟი”, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს არხი მას შემდეგ, რაც ფეისბუკზე მათი სახელით გამოქვეყნდა ჰომოფობიური და რელიგიური შეუწყნარებლობის ამსახველი პოსტები, რასაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.
მნიშვნელოვანია, რომ რედაქციებმა ეს პრაქტიკა, რომელიც უკავშირდება გარკვეულწილად გამოხატვის თავისუფლების თვითრეგულირებას სოციალურ ქსელებში, რაც შეიძლება ფართოდ დანერგონ, ვინაიდან ამ პრაქტიკას იყენებენ სწორედ ავტორიტეტული დასავლური მედიაორგანიზაციები. ამასთან, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება იმისათვის, რომ ხელისუფლებას არ დარჩეს არგუმენტები, რეალობად აქციოს უკვე არაერთი მცდელობა, რომ როგორმე შეზღუდოს მედიაში გამოხატვის თავისუფლება სიძულვილის ენასთან თუ უხამსობასთან ბრძოლის სახელით. მნიშვნელოვანია, რომ ეს თვითრეგულირების მექანიზმები აქტიურად და ინტენსიურად გამოიყენოს საზოგადოების ფართო ჯგუფებმა.
საქართველოში, მითუმეტეს დღეს არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული მედიის არსებობა. ამიტომ ნებისმიერი მცდელობა მისი შეზღუდვისა, შესაძლოა გახდეს შეუქცევადი პროცესი, რაც საბოლოოდ დაასამარებს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.