ანტივაქსერული სიუჟეტი TV პირველზე
17.01.2021

"ვაქცინის მსხვერპლი" - ამ სათაურით, 15 იანვარს "TV პირველის" დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ანტივაქსერული სიუჟეტი გავიდა.  "ყველაზე მაღალი ეფექტურობის მქონე Pfizer-ის ვაქცინას ნორვეგიაში 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა", -  ამ ნარატივს იმეორებდნენ მასალის ავტორიც და საინფორმაციო გამოშვების წამყვანიც,  მიუხედავად იმისა, რომ მასალაში არ ჩანდა რა წყაროებს ეყრდნობოდა ეს მტკიცება და არც რომელიმე რესპონდენტი ამბობდა მტკიცებითში ამას.

საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა მაყურებელს სიუჟეტი შემდეგი შესავლით წარუდგინა:

"კორონავირუსის ვაქცინას ნორვეგიაში 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოქალაქეები, რომლებსაც ეგონათ, რომ კოვიდისგან ახალი ვაქცინა დაიცავდათ, ინექციიდან რამდენიმე საათში დაიღუპნენ. ეს ტრაგიკული შემთხვევა, ქართველი ექიმების თქმით, უნდა გახდეს მაგალითი, რომ ჩვენი ქვეყანა ვაქცინაციის პროცესისთვის უკეთ მოემზადოს და რისკები მინიმუმამდე შეამციროს. როდის დაიწყება ქვეყანაში ვაქცინაცია - ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხები ამ დრომდე არ არსებობს. სპეციალისტები ჯანდაცვის სამინისტროს აფრთხილებენ, რომ ვაქცინაცია მხოლოდ წამლის შემოტანა არ არის და ამ ურთულეს პროცესს საგანგებო მომზადება სჭირდება". 

აღნიშნული შესავლის შემდეგ, ეთერში სიუჟეტი გავიდა. ჟურნალისტმა წამყვანის ნააზრევი გააგრძელა და მტკიცებით ფორმაში მაყურებელს მოუყვა, რომ კორონავირუსის ვაქცინისგან გარდაცვლილი პაციენტები 80 წელს გადაცილებულნი იყვნენ და რომ მედიკოსებმა ისინი ვირუსისგან დასაცავად ყველაზე მაღალი ეფექტურობის მქონე - Pfizer-ის ვაქცინით აცრეს. ბოლოს კი, თავისივე მტკიცების საპირისპიროდ აღნიშნა, რომ სპეციალისტები ახლა არკვევენ, თუ რა გახდა სიკვდილის მიზეზი.

სიუჟეტში არ ჩანდა, რას ან ვის ეყრდნობოდა ჟურნალისტი, როდესაც ამტკიცებდა, რომ, თითქოს, კორონავირუსის ვაქცინამ ადამიანები იმსხვერპლა. გარდა ამისა, ამავე სიუჟეტში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საპირისპიროზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი შესწავლის საგანია და არ არსებობს მსგავსი დასკვნა, რომ 23 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინაცია გახდა.

ამირან გამყრელიძის კომენტარის შემდეგ, ჟურნალისტმა ვაქცინაციის თემის ქვეყანის რეალობაში გადმოტანა სცადა და თქვა, რომ საქართველოში ჯერ ვაქცინა არ არის, შესაბამისად:  "მთავრობას მომზადებისთვის და უცხოეთში დაშვებული შეცდომების გასააზრებლად ჯერ კიდევ დრო აქვს". 

უკვე ერთი წელია მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, კორონავირუსის პანდემიაა. გარდაცვლილთა რიცხვმა, მსოფლიოს მასშტაბით, უკვე გადააჭარბა 2 მილიონს. პანდემიის დაწყებიდან ყველას ყურადღება ვაქცინებისადმია მიპყრობილი, რადგან მასობრივი ვაქცინაცია არის საუკეთესო გზა პანდემიის დროულად დასამარცხებლად. საუკუნეების განმავლობაში ვაქცინაციის წყალობით შესაძლებელი გახდა იმუნიტეტის გამომუშავება არაერთი ისეთი დაავადებისადმი, როგორიცაა: წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანუსი და ა.შ.

თუმცა, ყველა დროს არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ვაქცინებისადმი და ანტივაქსერულ მოძრაობებს ახალისებდნენ. შესაბამისად, ვაქცინებისადმი ადამიანების ნდობის გაზრდას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ ფონზე კი, მედიის პასუხისმგებლობა, არ გაავრცელოს მანიპულაციური, ან თუნდაც დაუზუსტებელი ინფორმაცია და ამით უნებლიედ, არ გახდეს ანტივაქსერული მოძრაობის გამაძლიერებელი, განსაკუთრებულია.

"ძალიან დიდი სოლიდარობა უნდა იყოს საზოგადოებაში, როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, რადგან, ხაზს ვუსვამ, ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია", – განაცხადა 16 იანვარს  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსული პანდემიის პირობებში, იმ ფონზე, რომ ანტივაქსერული კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება, სიზუსტის დაცვას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ნებისმიერი არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებით მიღებული ზიანის მასშტაბი, შესაძლოა, ძალიან მძიმე აღმოჩნდეს.

“კორონავირუსის პანდემიის გაშუქებისას, მედიის როლი განსაკუთრებულია. ერთი მხრივ, მედიას კვლავ რჩება მთავარი, ანუ ინფორმაციის გამავრცელებლის ფუნქცია, მეორე მხრივ გაჩნდა ახალი გამოწვევა, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისა და ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაშუქების საჭიროების სახით. ამავდროულად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომატებულია დეზინფორმაციის ნაკადი, რაც მედიისთვის ქმნის ახალ გამოწვევას, დახარჯოს განსაკუთრებული ძალისხმევა ინფორმაციის გადამოწმებაში”, - ვკითხულობთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის სახელმძღვანელო წესებში, რომელიც მედიისთვის სპეციალურად COVID-19-ის გაშუქებისთვისაა მომზადებული.

ამავე სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია სანდო წყაროების მნიშვნელობაზე და აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიის გაშუქებისას, სანდო, გადამოწმებული, პანიკისა და სენსაციურობისგან მაქსიმალურად დაცლილი ინფორმაციის როლი დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ