16.02.2021
ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
რა არის ზუსტი
ინფორმაცია?
ქარტიის განმარტებების მიხედვით, ზუსტ ინფორმაციად ითვლება ორ სხვადასხვა წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა – ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია.
ხშირია შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტს უკავშირდება წყარო და აწვდის გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც ამხელს კონკრეტულ დანაშაულებრივ სქემას ან დანაშაულებრივ ჯგუფს ან პირს.
როგორც წესი, ამის შემდეგ იწყება ჟურნალისტის მთავარი საქმიანობა - მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება. სწორედ ამიტომაც ქარტიის პირველი პრინციპის ძირითადი სიმძიმე მოდის სიტყვებზე - “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს”, ანუ ჟურნალისტუს მიერ მომზადებულ მასალაში უნდა ჩანდეს მისი მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.
რატომ ვერ იცავენ
ჟურნალისტები სიზუსტის პრინციპს?
საბჭოს გადაწყვეტილებებში ყველაზე ხშირად სწორედ ჟურნალისტის არასაკმარის მცდელობებზეა საუბარი, რაც იწვევს საბოლოო ჯამში ინფორმაციის სიზუსტის პრინციპის დარღვევას.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ კუთხით არის “შეპასუხების უფლების” დარღვევა.
BBC-ის სარედაქციო გაიდლაინის მიხედვით, რედაქციამ უნდა შესთავაზოს “შეპასუხების უფლების” გამოყენება მათ, ვის მიმართაც აქვეყნებს კრიტიკულ ან ბრალდების შემცველ მასალას.
“შეპასუხების უფლების” რეალიზებისთვის რედაქცია სხვადასხვა ფორმატს მიმართავს - ეს შეიძლება იყოს ინტერვიუს შეთავაზება ე.წ. ბრალდებული მხარისთვის, ასევე, წერილობით ან ტელეფონით დაკავშირება.
BBC-ის გაიდლაინის მიხედვით, აუცილებელია, რომ ე.წ. ბრალდებულმა მხარემ მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა კონკრეტული ბრალდებები გაიჟღერებს მის წინააღმდეგ მომზადებულ მასალაში და მიეცეს მას ადეკვატური დრო პასუხისთვის.
გადაწყვეტილებაში საქმეზე - “შპს "სფერო ჰოლდინგი" ბელა ზაქაიძის წინააღმდეგ”, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო აღნიშნავს: “საბჭო არ აფასებს, ვისი პოზიციაა სამართლებრივად სწორი - რესპონდენტების თუ კომპანიის, არამედ იკვლევს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
საბჭომ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ჟურნალისტმა აუდიტორიას არ შესთავაზა დადანაშაულებული მხარის პოზიცია სიუჟეტში, რომელიც “მძიმე ბრალდებებს შეიცავდა”. აღნიშულ საქმეში, ჟურნალისტი დაუკავშირდა ბრალდებული კომპანიის დირექტორს, რომელიც ქალაქაგრეთ იმყოფებოდა და ამ ბრალდებებზე საპასუხოდ კონკრეტული პირი გამოყო, ვინც ჟურნალისტმა “არაუფლებამოსილად” მიიჩნია.
“თუ ჟურნალისტისთვის მიუღებელი იყო სხვა პირის ჩაწერა, მაშინ შეეძლო დალოდება მის დაბრუნებას თბილისში და მისგან აეღო ინტერვიუ…საბჭოს მიაჩნია, რომ მისაწოდებელი ინფორმაციის მაქსიმალური სიზუსტე გადასწონის ამბის გაშუქების ოპერატიულობის საჭიროებას”, - ნათქვამია საბჭოის გადაწყვეტილებაში.
საქმეში “გიორგი გაჩეჩილაძე ელისო კილაძის წინააღმდეგ”, საბჭომ აღნიშნა, რომ იგი არ მსჯელობს იმის შესახებ, სტატიაში მითითებული ფაქტები რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს, არამედ აფასებდა ჟურნალისტის მცდელობას, სცადა თუ არა ინფორმაციის გადამოწმება, მათ შორის მიმართა თუ არა კომენტარისათვის იმ პირებს [მაგალითად, გიორგი ან ლევან გაჩეჩილაძეს], ვისაც ეხებოდა სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
“როგორც განმცხადებელმა აღნიშნა, სტატიის ავტორი ძმებ გაჩეჩილაძეებს არ დაკავშირებია კომენტარის მისაღებად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა მოპასუხე ჟურნალისტმა ელისო კილაძემაც. შესაბამისად, საბჭო თვლის, რომ ამით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, საზოგადოებას ჰქონდა უფლება და მოლოდინი, რომ სცოდნოდა იმ სუბიექტების პოზიციაც, რომლებიც მოხსენიებულნი იყვნენ სტატიაში”, - ნათქვამია საბჭოს გადაწყვეტილებაში.
შეპასუხების უფლების გარდა, ინფორმაციის სიზუსტეს ემსახურება ჟურნალისტის სხვა მცდელობებიც - მოიპოვოს მტკიცებულებები: დოკუმენტები, ფოტო ან ვიდეომასალა, გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ინტერვიუები სხვა წყაროებთან და ა.შ.
უზუსტობა და არა
დეზინფორმაცია
ბოლო პერიოდში სახელმწიფო უწყებები ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებენ სხვადასხვა სახის განცხადებებს, ფოტოპოსტებს, ვიდეოკლიპებს, რომ ამა თუ იმ ოპოზიციურად განწყობილი მედიის მიერ მომზადებული მასალა დეზინფორმაციაა.
მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი ხშირად აქვეყნებს საპასუხო განცხადებებს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ მომზადებულ მასალებზე და მათ ცრუ ინფორმაციას უწოდებს. თუმცა ხშირად იყენებს ტერმინსაც - “დეზინფორმაცია”.
რეალურად კი უზუსტობა და დეზინფორმაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. დეზინფორმაცია არის ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება, ანუ ფაქტების განზრახ დამახინჯება, რაც ძალიან მძიმე ბრალდებაა მედიასთან ან ჟურნალისტებთან მიმართებაში და ნათელ, არგუმენტირებულ დასაბუთებას მოითხოვს.